მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული კინოპრემიის - "ოქროს გლობუსის" დაჯილდოების ცერემონია ლოს-ანჯელესში 13 იანვარს გაიმართა. მსახიობები წითელ ხალიჩაზე ფოტოგრაფებისა და ჟურნალისტების წინაშე პოზირებდნენ.
მსახიობი ჯესიკა ალბა წითელ ხალიჩაზე თავს ატმისფერი აბრეშუმის კაბით იწონებდა. ვარსკვლავს ოსკარ დე ლა რენტას დიზაინით შექმნილი გრძელი კაბა ეცვა. ტანზე მოტკეცილი სილუეტი ჯესიკას უზადო ფიგურას უსვამდა ხაზს. საღამოზე ჯესიკას Harry Winston-ის სამკაულები ეკეთა.
მომღერალმა ჯენიფერ ლოპესმა ამჯერადაც არ უღალატა საყვარელ დიზაინერს Zuhair Murad-ს და წვეულებაზე მისი დიზაინით შექმნილი კაბა ჩაიცვა. ჯენიფერი სამოსში ძალიან მიმზიდველი იყო. ლოპესის კრემისფერი კაბა ყვავილების გამოსახულებიანი თეთრი მაქმანებით იყო გაფორმებული. ჯენიფერს ფრანგი დიზაინერის კრისტიან ლუბუტენის ფეხსაცმელი, ჯიმი ჩუს ჩანთა და კომპანია Le Vian-ის სამკაულები ეკეთა.
ვარსკვლავური წყვილის - მსახიობ ორლანდო ბლუმისა და მოდელ მირანდა კერის წითელ ხალიჩაზე გამოჩენამ ნამდვილი ფურორი მოახდინა. მირანდა ალისფერ კაბაში კაშკაშებდა. ღრმად შეჭრილ, ჰაეროვან კაბაში მოდელმა თავისი გრძელ ფეხებს გაუსვა ხაზი. თუმცა კაბის ჭრილმა გარკვეული უხერხულობა შეუქმნა. კაბის კალთები ბოლომდე რომ არ გაშლილიყო, მირანდას ის ხელჩანთით ეჭირა.
ორლანდო მეუღლის სილამაზით აღფრთოვანებული იყო და მთელი საღამო თვალს არ აშორებდა. მირანდა ფოტოგრაფებს უღიმოდა და ავტოგრაფებსაც გულუხვად არიგებდა.
წითელ ხალიჩაზე მომღერალი ტეილორ სვიფტი მარტო მივიდა. წვეულებაზე მას დონა კარანის დიზაინით შექმნილი იასამნისფერი კაბა ეცვა. ტეილორის კაბას ზურგის მონაკვეთზე ლამაზი ჭრილი ჰქონდა, შესაბამისად, ვარსკვლავი მთელი საღამო ცდილობდა, ფოტოგრაფებისთვის ზურგი მიეშვირა.
მსახიობი ჰოლი ბერი წითელი ხალიჩის ყველაზე თამამი ვარსკვლავია. ჰოლის კაბაზე იტალიურმა მოდის სახლმა Versace-მ იზრუნა. ელეგანტური კაბა ვარდისფერი გამოსახულებებით იყო მოხატული. გრძელი სამოსი თეძოდან ღრმად იყო ჩაჭრილი და წითელ ხალიჩაზე მოსეირნე ვარსკვლავს ელეგანტურობას მატებდა.
რაც შეეხება სხვა ვარსკვლავებს: მსახიობი ენ ჰეთევეი და მოდელი ჰეიდი კლუმი თეთრი ფერის კაბებში გამოცხადდნენ. ჯენიფერ გარნერმა და ნაომი უოტსმა წითელი ფერი არჩიეს. მეგან ფოქსი ფოტოგრაფების წინაშე კრემისფერ კაბაში პოზირებდა. ხოლო ევა ლონგორიას, ჯულიანა მურის, ნიკოლ კიდმანის, ქეით ჰადსონის, სელმა ჰაიეკის, სოფია ვერგარასა და სტეისი კიბლერის არჩევანი შავი ფერი იყო. ლუსი ლუმ კი არჩევანი ფერადი ყვავილებით გაფორმებულ კაბაზე შეაჩერა.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.