საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი ირმა ნადირაშვილი სამართალდამცველებს ვანის პოლიციაში მომხდარი ფაქტის გამოძიებასა და დამნაშავეების დაპატიმრების თხოვნით მიმართავს.
როგორც დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას ნადირაშვილმა განაცხადა, სოფელ დიხაშხოს მცხოვრები, 37 წლის ალეკო ქავთარაძე ვანის პოლიციის უფროსის მოადგილემ ლევან გიკინაშვილმა ყოველგვარი სტატუსის გარეშე დაიბარა. ნადირაშვილის ცნობით, რვა საათის განმავლობაში ქავთარაძისგან ცდილობდნენ მიეღოთ ჩვენება მათთვის საინტერესო ერთ-ერთ პიროვნებაზე და მასზე მიმდინარეობდა ფსიქოლოგიური ზეწოლა.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ამ გზით ჩვენების მიღება ვერ მოხერხდა, ვანის პოლიციის უფროსის მოადგილემ ორ თანამშრომელთან ერთად გიკინაშვილი პოლიციის მანქანაში ჩასვა და რიონის პირას, ტყეში წაიყვანა, სადაც მას ცეცხლსასროლი იარაღი ესროლეს და ფეხში დაჭრეს.
"შემდეგ უნდოდათ დანაშაულის მიჩქმალვა. ერთ-ერთ კერძო ექიმთან სახლში გადაიყვანეს. ექიმმა განაცხადა, რომ ვერ აღმოუჩენდა დახმარებას, რის შემდეგაც ის უკვე გადაიყვანეს ქუთაისის ავტოქარხნის საავადმყოფოში, სადაც ექიმმა ფუტკარაძემ ვანის პოლიციის განყოფილებაში გადააგზავნა შეტყობინება ამის თაობაზე", - აღნიშნა დეპუტატმა.
მისი თქმით პოლიციელების მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ ცნობილია შს მინისტრისთვის, მთავარი პროკურორისთვის, ასევე იუსტიციის მინისტრისთვის.
"ეს არის ადამიანის დახვრეტის მცდელობა და როგორი სურვილიც არ უნდა ჰქონდეს წულუკიანს და მის მამას, რომ ეს მუხლი არსებობდეს საქართველოში, ეს მუხლი გაუქმებულია", - აღნიშნა დეპუტატმა.
ნადირაშვილის თქმით, ისინი ითხოვენ, რომ სამართალდამცველებმა ეს ადამიანები დააპატიმრონ და დაიწყონ ამ საქმის გამოძიება.
ამასთან, ბრიფინგზე ირმა ნადირაშვილმა ჟურნალისტებს ექიმის მიერ გაგზავნილი შეტყობინებაც წარუდგინა.