2012 წლის წარმატებული და წარუმატებელი ადამიანები

2012 წლის წარმატებული და წარუმატებელი ადამიანები

გასულ კვირას მოქალაქეებს 2012 წლის წარმატებული და წარუმატებელი ადამიანების დასახელება ვთხოვეთ. ჩვენ მიერ ხალისით ჩატარებული გამოკითხვა ბევრ ცნობილ და წარუმატებლად დასახელებულ ადამიანს არ მოეწონა, წარმატებულები კი გამოკითხვის შედეგებმა ძალიან გაახარა...

სალომე ჭაჭუა, მოცეკვავე:

- მართალი ხართ, გასული წელი ჩემთვის აბსოლუტურად წარმატებული იყო, ეს კი პირველ რიგში, პროექტის - "ცეკვავენ ვარსკვლავები" წყალობით მოხდა. ჩემი პირველი წარმატება პროექტის პირველმა სეზონმა განაპირობა. მართალია, მაშინ "ცეკვავენ ვარსკვლავებს" ძალიან მალე გამოვეთიშე, მაგრამ ის დრო მაინც კარგად მახსენდება... კარგი იქნებოდა, მეორე სეზონზე მე და გიორგი ვარდოსანიძე პირველ ადგილზე გავსულიყავით, მაგრამ არც მეორე ადგილია ურიგო. სხვათა შორის, ამ წელს არა მარტო კარიერული თვალსაზრისით, არამედ პირად ცხოვრებაშიც გამიმართლა - მშვიდი და ლამაზი წელი მქონდა. მე და გიორგი გაჩეჩილაძე უკვე წლებია, ერთად ვართ და დიდი ხანია, სტაბილურ ბედნიერებას ვინარჩუნებთ.

- თუ გქონდა მიზანი, რომლის მიღწევაც წინა წელს ვერ მოასწარი?

- უი, არა... ჩემს ცხოვრებაში მომხდარი ყველა კარგი ამბავი ჟურნალისტებმა იცით. ისე კი, რაიმე უჩვეულო რომც მომხდარიყო და არ გცოდნოდათ, ამას მაინც არ გაგიმხელდით (იცინის). რაც შეეხება 2013 წელს, ვეცდები, არ შევჩერდე და კიდევ ბევრი საქმე გავაკეთო. იმისთვის, რომ ადამიანი წარმატებული იყოს, ძალიან ბევრს უნდა შრომობდეს. ასე რომ, შრომასა და დიდ წარმატებებს გისურვებთ!

ლაშა შავდათუაშვილი, ოლიმპიური ჩემპიონი:

- ძალიან სასიამოვნოა, როცა ერთ-ერთ წარმატებულ ადამიანად გასახელებენ. მართლაც, 2012 წელი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე წარმატებული იყო და მომავალსაც იმედის თვალით ვუყურებ... სხვათა შორის, რამდენიმე სპორტულმა გამოცემამ წლის სპორტსმენადაც დამასახელა, რაც ძალზე მეამაყება. არაფერი შეედრება იმ გრძნობას, როცა ხალხს უყვარხარ და შენი წარმატება შენსავით უხარია. ქუჩაში ღიმილით მეგებებიან. ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონობა დიდი ბედნიერებაა, მაგრამ ამასთან ერთად, რთულად მისაღწევიც.

- როგორც ვიცი, გოგონებშიც არანაკლები წარმატებით სარგებლობ. ასეა?

- აბა, რა, გზა ამ მხრივაც ხსნილი მაქვს, ხსნილიიი (იცინის). ეს ხუმრობით, ისე კი რა თქმა უნდა, მათგანაც დიდ სითბოს ვგრძნობ. ასე რომ, როგორც წლის ერთ-ერთი წარმატებული ადამიანი, ყველას დიდ ბედნიერებას, უფლის წყალობას და ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ!

ნინო გაჩეჩილაძე, მსახიობი:

- თუ საზოგადოება მიიჩნევს, რომ მე წარმატებული ადამიანი ვარ, ამისთვის მათ დიდ მადლობას ვუხდი. კიდევ, მადლობა იმისათვის, რომ ჩვენი სერიალი და ჩემი გმირი ასე შეიყვარეს. ვეცდებით, მაყურებლების იმედები მესამე სეზონშიც გავამართლოთ, მანამდე კი კინოთეატრებში სრულმეტრაჟიანი ფილმი - "ჩემი ცოლის დაქალის ქორწილი" ელოდებათ. იმედი მაქვს, ძალიან ისიამოვნებენ.

- როგორც ვიცი, ტელემაყურებლებმა 2012 წელს "აღმოგაჩინეს"...

- მართალია. ყოველთვის თეატრის მსახიობად ვითვლებოდი, რაც ძალიან მიხაროდა, მაგრამ დიდი მადლობა იმ ადამიანს, ვინც სერიალშიც დამაკავა და მითხრა, რომ ფილმში თამაშიც შემეძლო; ეს ადამიანი გიორგი ლიფონავა გახლავთ.

- შეგიძლია გვითხრა, 2012 წელმა რა გასწავლა?

- გავხდი უფრო მეტად საქმიანი, გამოვფხიზლდი და დავრწმუნდი იმაში, რომ დღის 2-3 საათამდე ძილი მავნებელია. ადამიანი უნდა დგებოდეს ადრე, მიდიოდეს სამსახურში და საყვარელ საქმეს აკეთებდეს. ამ შემთხვევაში, წარმატების მიღწევა გაცილებით იოლი ხდება. რაც მთავარია, რამდენიმე ძალიან კარგი მეგობარი შევიძინე, რომელთან ურთიერთობასაც მომავალ წელსაც გავაგრძელებ. სამწუხაროდ, 2012 წელს თეატრში პრემიერა არ მქონია. ჩემი სატელევიზიო კარიერა ისე იყო დატვირთული, რომ თეატრში ანგარიში გამიწიეს და ძალიან აღარ დამტვირთეს.

რაც შეეხება ჩემი წარმატების ფორმულას: ეს ძიების პროცესი და დიდი შრომაა. ამასთან ერთად, გამართლებას და გარშემო მყოფებისგან ხელშეწყობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ყოფილა შემთხვევა, როცა ვცდილობდი, საქმე შემემსუბუქებინა და ძალიან აღარ გადავღლილიყავი, მაგრამ ეს ყველაფერი გაკეთებული საქმის ხარისხზე აისახა. ასე რომ, თავდაუზოგავი შრომა წარმატების წინა პირობაა. როგორც წარმატებული ადამიანი, ძალიან ბევრ სიხარულს და ჯანმრთელობას, თქვენს ჟურნალს კი ტირაჟის გაზრდას ვუსურვებ!

ლუკა ზაქარიაძე, მომღერალი:

- ძალიან მიხარია, წარმატებულად რომ დამასახელეს. ახლა მივხვდი, რომ ადამიანმა შენს შინაგან რწმენას არ უნდა უღალატო და უნდა გიყვარდეს ის საქმე, რასაც აკეთებ, ამასთან - კეთილისმსურველების შენიშვნებიც გაითვალისწინო... ხალხის სიყვარულს ვგრძნობ და ეს ყველაზე მთავარია ჩემთვის. ისე კი, წარმატების მისაღწევად კომპრომისების გაკეთებაც ხშირად გვიწევს. მთავარი კი ის არის, რომ საკუთარ თავს და საქმეს არ უღალატო. იმედი მაქვს, მომავალ წელს ძალიან, ძალიან ბევრი წარმატებული ადამიანი გვეყოლება გარშემო.

სამორი ბალდე, მომღერალი:

- ძალიან კარგი წელი მქონდა: ჯერ ახალი წლის კონცერტი წავიყვანე, მერე პროექტი - "ცეკვავენ ვარსკვლავები" დაიწყო, შემდეგ კი სპექტაკლში - "ვერის უბნის მელოდიები" ჩავერთე; მერე ალბომზე ვიმუშავე და გამოვუშვი კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ წინა წლებში გულხელდაკრეფილი არ ვმჯდარვარ, წელს განსაკუთრებულად ნაყოფიერი, თვითრეალიზების წელი მქონდა. ვეცდები, ტემპი არც 2013-ში დავაგდო (იცინის). თუმცა, ალბათ, ცოტა "მშვიდი" წელი მექნება, რადგანაც ტელევიზიაში ნაკლებად ვიქნები "გამოჭენებული" და ძირითად დროს თვითგანათლებას დავუთმობ.

- რის შესწავლას აპირებ?

- მე შარშანაც ვსწავლობდი ხმის ინჟინერიის კურსებზე, მაგრამ პროექტის გამო ვერ დავასრულე... ასევე, მსურს ვისწავლო მუსიკალური თეორია...

- შენი აზრით, რა არის საჭირო იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიო?

- წარმატების მიღწევას დიდი შრომა სჭირდება და გამართლებაც საჭიროა. შენ იშრომე და ყველაფერი იქნებაო, - ამას ვერავინ გეტყვის. არასოდეს მნდომებია ცნობილი ადამიანი ვყოფილიყავი, მაგრამ წლების განმავლობაში ისეთ სფეროში ვმუშაობდი, რომ ვიცოდი, ერთ დღეს პოპულარული გავხდებოდი. ასე რომ, ადამიანს თუ რაიმე მიზანი გაქვს, მის მისაღწევად შრომა არ უნდა დაგეზაროს. ზოგს ადრე უმართლებს, ზოგს - გვიან. მთავარია, პოტენციალი გქონდეს, თორემ წყლის წვეთი ქვას თლის.

- რას გვისურვებ?

- მშვიდობას ვუსურვებ ყველას! სჯობს, ხალხმა ნაკლები იფიქროს პოლიტიკაზე და მეტი დრო თვითგანათლებას, მეგობრებსა და ოჯახს დაუთმოს. გარე ფაქტორებზე, რომელიც ცხოვრებაში არაფერში გვარგია, ყურადღებას არ უნდა ვამახვილებდეთ.

როცა წლის წარუმატებელ ადამიანად დასახელებულმა ანრი ჯოხაძემ გაიგო, თუ რატომ ვურეკავდი, სალაპარაკო თემა ისე არ მოეწონა, რომ ტელეფონი გამითიშა. ნიკა წულუკიძემ კი ჩასაფრებულივით მკითხა, - შენ მოსაკითხად და მოსალოცად არ დამირეკავდი. მითხარი, რა გინდაო?! როცა ვუთხარი, რომ საზოგადოებამ წარუმატებელ ადამიანად დაასახელა, ძალიან შეწუხდა. მისაყვედურა: ისედაც ავად ვარ, შენ კი ცუდ ხასიათზე დამაყენეო. ნიკას მოვუბოდიშე და გამოჯანმრთელება ვუსურვე.

ნიკა წულუკიძე, თეატრმცოდნე:

- თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ 2012 წელს საქართველოს თეატრის კრიტიკოსთა კავშირის თავმჯდომარედ დამნიშნეს, დავიწყე 3 ახალი გადაცემა რადიოში, ლექციებს ვკითხულობ "ილიას უნივერსიტეტში", წესით, წარუმატებელ ადამიანად არ უნდა დავესახელებინეთ... მაგრამ სად გაქვთ ჟურნალისტებს იმის ნერვები, რომ გამოკითხვა ქუჩაში ჩაატაროთ?! ალბათ, დაჯდებოდით სამი ჟურნალისტი და მომისჯიდით წარუმატებლობას! ამას თავი რომ დავანებოთ, კინოში გადაგვიღეს მე და დათო ტურაშვილი; ეგვიპტეში დაგვპატიჟეს და წაგვიყვანეს კიდეც. კიდევ, ლონდონში ვიყავი კარგ საქმეზე...

- ჰო, მაგრამ იმ ადამიანებმა, რომლებმაც ამ გამოკითხვაში მიიღეს მონაწილეობა, მჯერა, ამ ყველაფრის შესახებ არაფერი იცოდნენ. როცა წარუმატებლად დაგასახელეს, აღნიშნეს ის ფაქტი, რომ "იმედში" არც ერთი გადაცემის წამყვანი აღარ ხარ... ისე, არც მე ვიცი, ლონდონში რა კარგ საქმეზე იყავი?

- ჯერ ვერ გეტყვი. დაახლოებით 3 კვირაში ყველაფერი გაირკვევა და თქვენც გაიგებთ.

- კარგი, მაშინ "კარგ საქმეში" წარმატებებს და გამოჯანმრთელებას გისურვებ!

- გაიხარე, გენაცვალე...

ნიკა გრიგოლია, შოუმენი:

- სულაც არ მივიჩნევ, რომ წარუმატებელი წელი მქონდა. სამსახურიდან რომ წამოვედი, ეს წარუმატებლობას სულაც არ ნიშნავს. ბოლოს და ბოლოს, ნახევარი საქართველო დაიჭირეს და წარუმატებელი ისევ მე ვარ (იცინის)?! სიმართლე გითხრა, ჩემს ცხოვრებაში 2011 წელი ყველაზე საზიზღარი, 2012 კი ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა.

- მაშინ გვითხარი, რატომ იყო შენთვის გასული წელი წარმატებული?

- პირველ რიგში, იმიტომ, რომ ცოლი მოვიყვანე. ძალიან მაგარი გოგო მყავს გვერდით; გასულ წელს ახალი "მოტო" და ძალიან ბევრი ახალი მეგობარი შევიძინე; მატერიალურადაც გაცილებით უკეთესად ვარ, ვიდრე წინა წლებში ვიყავი; რაც მთავარია, საქმესაც ვაკეთებ და ოჯახისთვისაც მრჩება დრო. შარშან შემცირებაში მოვყევი, რადგან თურმე, აღარ ვყოფილვარ სასაცილო. "კომედი არხიდან" კი მივიღე შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, მაგრამ იქ მუშაობა არ მინდოდა. ასე რომ, მშვენიერი წელი მქონდა და იმედია, მომავალი წელი უკეთესი იქნება. თქვენც დიდ ბედნიერებას გისურვებთ!

გოგა ბარბაქაძე, მსახიობი:

- წარუმატებელი? რას ამბობ, ეგ რა მითხარი?! არადა, ძალიან წარმატებული წელი მქონდა. ერთი ეგ იყო, ჩვენი სერიალი წლის ბოლოს დაიხურა და ეს ნამდვილად გვეწყინა, თორემ გასული წელი, იმის წინა წელი, მერე იმის წინა და იმ წინის წინა წელიც ფანტასტიკური იყო ჩემთვის. ჰოდა, ახლა დაჯექი და ეგ წლები შენ გამოითვალე, მე "პახმელიაზე" ვარ და ნუ დამათვლევინებ (იცინის). ასე რომ, მჯერა, 2013-ში ყველა ლაღი, კეთილი და მშვიდი თუ ვიქნებით, აუცილებლად წარმატებული წელი გვექნება. მოკლედ, იხარეთ, იბედნიერეთ და შენ გაგიმარჯოს!..

ელენე ბასილიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება