კერძო სამშობიარო კლინიკებს სახელმწიფო პროექტის შესახებ, რომელიც 1-ელი ივლისიდან უფასო მშობიარობას ითვალისწინებს, ინფორმაცია არ ჰქონდათ.
როგორც "ინტერპრენსიუსს" სამშობიარო "იმედის კლინიკის" ხელმძღვანელმა, პროფესორმა დავით კობეშავიძემ განუცხადა, ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადება, რომელიც 1 ივლისიდან უფასო მშობიარობას ეხება, ტელევიზით გუშინ მოისმინა.
"ინფორმირებული არ ვარ და დარწმუნებული ვარ, არც სხვა კერძო კლინიკების ხელმძღვანელებმა იციან ამ პროექტის შესახებ. უმჯობესია, ფეხმძიმეს თავად ეჭიროს ფული ხელში და თავადვე გადაწყვიტოს, რომელ სამშობიაროს მიაკითხოს. თუ ყველა სამშობიარო სახლს ერთნაირად დააფინასნებს ხელისუფლება, ამით კონკურენცია არ გაიზრდება. მზად ვარ, ამ პროექტზე მომუშავე ჯგუფს დავეხმარო, მეც და სხვა ჩემი კოლეგებიც. ჩვენ ჩახედული ვართ ამ საქმეში და ვიცით, რა გზით წავიდეთ. მოხარული ვარ ყველა სიახლის, თუმცა რეალობაში სანამ გატარდება ეს ინიციატივა, მანამდე კარგი მოფიქრება და აწონ-დაწონა უნდა, რომ არ გამოვიდეს ისე, როგორც მოხდა 10 წლის წინ, როცა სახელმწიფო მშობიარობას 400 ლარით აფინანსებდა. ამ პროექტმა მაშინ შედეგი არ გამოიღო და დემოგრაფიაზე პოზიტიურად არ ასახულა. ამ პროექტს პატრიარქის ინიციატივამ აჯობა, რომელიც მესამე და შემდგომი შვილის პატრიაქის ნათლიობას გულისხმობს",- განაცხადა დათო კობეშავიძემ.
წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის საპატრიარქოს სამშობიარო სახლის დირექტორის, თამარ გვარჯალაძის განცხადებით, ხელისუფლების ინიცირებული ახალი პროექტი, რომელიც ერთიანი სამედიცინო სადაზღვევო ფონდის შექმნის შემდეგ ყველა მშობიარობას დააფინანსებს, დემოგრაფიულ საკითხებზე დადებითად აისახება.
"ჩვენი კლინიკა მიესალმება ხელისუფლების ამ ინიციატივას. ვიტყვი, რომ ეს იქნება ყველაზე დიდი წარმატება ამ ხელისუფლებისა, რომელიც ჯანდაცვის სფეროში აქამდე განხორციელებულა. კლინიკაში საუკეთესო პირობები გვაქვს და სახელმწიფოს მხრიდან მშობიარობის დაფინანსება მნიშვნელოვნად გაზრდის შობადობის რაოდენობას ქვეყანაში",-განაცხადა თამარ გვარჯალაძემ.