რა სიტყვებით ამკობს მთავარ პროკურორს პატარა ქალიშვილი?

 რა სიტყვებით ამკობს მთავარ პროკურორს პატარა ქალიშვილი?

არჩილ კბილაშვილმა ტრადიციას არ უღალატა და ახალ, 2013 წელს საკუთარი ოჯახისა და მეზობლის მეკვლე თავად იყო. განსაკუთრებით წარმატებული მისთვის გასული წელი აღმოჩნდა: პოპულარულმა ადვოკატმა თავისი საყვარელი საქმე დროებით გვერდზე გადადო და ბედი პოლიტიკაში სცადა. შედეგმა არ დააყოვნა - ის ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა, მაგრამ მერე ბიძინა ივანიშვილმა რთული მისია დააკისრა: ორ თვეზე მეტია, ბატონი არჩილი საქართველოს მთავარი პროკურორია. დანიშვნის დღიდან ის და მისი უწყება ყურადღების ცენტრშია მოქცეული, რადგან აქტიურად მიმდინარეობს გახმაურებული საქმეების გამოძიება და არაერთი ცნობილი პირი მიეცა პასუხისგებაში.

მთავარი პროკურორის დღის რეჟიმი ძალიან დატვირთულია, ამიტომ სახლში მისულებს, მისი მშვენიერი მეუღლე - სოფო ცისკაძე და შვილები დაგვხვდნენ. მისაღებ ოთახში, ბუხრის გვერდით დიდი ნაძვის ხე დგას, რომელიც ბავშვებმა მორთეს. სიმბოლურად, ნაძვის ხეზე ერთი სათამაშო მთავარმა პროკურორმა დაკიდა.

კბილაშვილების ოჯახში სამი პატარა იზრდება: 9 წლის სანდრო, 4 წლის სალომე და 2 წლის ვაკო. პატარებისგან განსხვავებით, სანდროს თოვლის ბაბუის უკვე აღარ სჯერა, ახალი წლის დადგომამდე დედისგან საახალწლო საჩუქარი - მობილური ტელეფონი მიიღო და ამით ძალიან კმაყოფილია.

სანდრო:

- ადრე თოვლის ბაბუას წინასწარ წერილს ვწერდი, მერე ამ წერილს დედას ვატანდი. ბოლო წლებში სახლში თოვლის ბაბუა მოდიოდა. მას ლექსებს ვეუბნებოდი ან ვმღეროდი და საჩუქარს ვიღებდი. მერე მეტყოდა, - შემდეგ 31 დეკემბერს ისევ მოვალ, კარგად მოიქეცი და ბევრი ლექსი ისწავლეო. თუ თოვლის ბაბუა არ მოვიდოდა სახლში, მაშინ დილით რომ ვიღვიძებდი, საჩუქარი ნაძვის ხესთან მხვდებოდა. ასე მეგონა, რომ თოვლის ბაბუას მოჰქონდა საჩუქარი და ის ტოვებდა. ახლა უკვე ვიცი, რაც ხდება. ამაში ჩემი მშობლების ხელი ურევია: დედაჩემმა ახალ წლამდე მიყიდა მობილური ტელეფონი.

- თოვლის ბაბუამ რა გაჩუქა?

- თოვლის ბაბუას მოსვლას ჩემი პატარა ძმა და და ელოდებოდნენ. მე ახლა ვიცი, რომ არ არსებობს თოვლის ბაბუა, ის არის ჩვეულებრივი ადამიანი, გადაცმული ტანსაცმელში - ანუ მას ფორმა აცვია. სახლში რომ შემოდის, თვალები საღებავით შეღებილი აქვს და წვერი უკეთია.

- ლამაზი ნაძვის ხე ვინ მორთო?

- ნაძვის ხეს უკვე მე ვრთავ. ზევით მე და დედიკო ვკიდებთ სათამაშოებს, იქ პატარები ვერ სწვდებიან და რომ სცადონ, შეიძლება, სათამაშოები დაამტვრიონ. ჯერ ჩვენ ჩამოვკიდებთ და ცოტას ქვევით, ისინი ამატებენ. რაც ნაძვის ხე მქონია, ყველა ხელოვნური იყო. ახლა გავიგე, რატომ არ მოჰქონდათ ბუნებრივი ნაძვის ხე: ჩვენს სახლში ძალიან თბილა, ამიტომ ბუნებრივს წიწვები მალე სცვივა. ეს რომ არ მოხდეს, ხელოვნური ნაძვის ხე გვაქვს. ძალიან მოგვწონს ჩვენი ნაძვის ხე. შარშან მე და სალომემ მაშინ მოვრთეთ, როცა ჩემს ძმას ეძინა. პატარა იყო და ყველა სათამაშოს დაგვიმტვრევდა. წელს ვაკოც გვეხმარებოდა.

- სანდრო, მამა პროკურორი გახდა. რას გეუბნებიან სკოლაში შენი მეგობრები?

- არაფერს. მამა რაც პროკურორი გახდა, ჩემთან ერთად სასეირნოდ ვეღარ იცლის, არადა, ადრე სულ დავდიოდით. ბოლო დროს, ერთხელ, კვირა დღეს შავნაბადაზე წამიყვანა. ძირითადად, კუს ტბაზე ავდივართ ხოლმე. იქ ადგილს ვინიშნავთ; მეორე ასვლაზე უფრო შორს მივდივართ. ხანდახან დავრბივართ და ვვარჯიშობთ. ბოლოს უფრო ტელევიზორში ვხედავ მამიკოს. რამდენჯერაც ტელევიზორში ვხედავ, იმდენჯერ სახლში რომ ვხედავდე, ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ დრო არა აქვს, პროკურორია და მუშაობს. ახლა ვიცი, რომ შაბათ დღეს შესაძლებელია, ვნახო. კვირას, დილაობით ყოველთვის ვნახულობ და ძალიან მიხარია.

სოფო ცისკაძე, არჩილ კბილაშვილის მეუღლე:

- სანდროს აქვს იმის ფუფუნება, თქვას, რომ მამას ყველაზე მეტი ურთიერთობა მასთან ჰქონდა. ადვოკატი რომ იყო, 8 საათზე სახლში მოდიოდა და დილითაც ყოველთვის ცდილობდა, გვიან წასულიყო, შვილებთან ურთიერთობისთვის დრო რომ ჰქონოდა. კვირადღე ყოველთვის თავისუფალი ჰქონდა. მამა და შვილი კუს ტბაზე ერთად დარბოდნენ, ველოსიპედით დადიოდნენ, კინოში მიდიოდნენ. კვირას მე ძირითადად, გავერიდებოდი მათ და "მამაკაცებს" მარტო დარჩენის საშუალებას ვაძლევდი. ბოლო დრომდე ბავშვების ზეიმს ყოველთვის ესწრებოდა; პირველი წელი იყო, ღონისძიებებზე დასწრება რომ ვერ მოახერხა. სანდრო ძალიან დარდობდა, მამას ხშირად რომ ვერ ხედავდა. ამ ზაფხულს აჩიკო ძირითადად ბაღდათში იყო, თავის მშობლებთან; სულ შეხვედრები ჰქონდა. სანდრო ცოტა ხნით სოფელში გავუშვი, მაგრამ მითხრა, - რა მნიშვნელობა აქვს, აქაც ვერ ვხედავ, სახლში ძალიან გვიან მოდის, უამრავი საქმე აქვსო. მამას ყოველთვის გულშემატკივრობს. ისე, მონდომება და სურვილია მთავარი, მოუცლელობის მიუხედავად, შეიძლება, შვილებისთვის დრო მაინც გამონახო. მთავარია, ხარისხიანი იყოს ეს ურთიერთობა. თუ იმას აძლევ, რასაც ის ითხოვს, შეიძლება, ცოტა დრო გაატარო მასთან, მაგრამ ის დრო მთელი კვირა ეყოს. ასეა დიდი ადამიანიც და ბავშვიც. ჩემს შვილებს დიდებივით ვუყურებ, ვითვალისწინებ მათ აზრებს, ზოგჯერ რჩევასაც ვეკითხები. როცა გაჯიუტდებიან და ვეღარ ვხვდები, რა გავაკეთო, ასეთ დროს სალომეს ვეუბნები, - მოდი, ახლა ჩემს ადგილას წარმოიდგინე თავი და მითხარი, შენ როგორ მოიქცეოდი-მეთქი. როგორც კი თანატოლად დააყენებ, აზრს ჰკითხავ, თითქოს პრობლემა არც ყოფილა. სალომესა და მამამისის ურთიერთობა კი ცალკე თემაა.

- განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს ქალიშვილთან?

- არჩილი ეკრანზე როგორი აუღელვებელი და გაწონასწორებელი ადამიანიცაა, ასეთივეა ცხოვრებაში და ბავშვებთან ურთიერთობაშიც. შეიძლება, ბავშვი ტიროდეს და გითხრას, - არა უშავს, ნახე, რა კარგად ტირისო... არც უფროსის დაბადების დროს და არც სალომეს დროს, ბავშვის სქესი წინასწარ არ ვიცოდით: სხვა ემოციაა, როცა არ იცი. ყველას გვეგონა, რომ ბიჭი იქნებოდა, მაგრამ ჩვენი გოგონა გაჩნდა. თუკი აჩიკოს სახეზე ემოცია ეტყობა, ეს სალომეს დანახვისას ხდება - დაღლა ავიწყდება... სალომეს რომ დაინახავს, ეტყვის, - მოდი, სალომე, ახლა მომიყევი ამბებიო. ისიც იწყებს ტიკტიკს და კარგი საყურებელია. ბიჭებისგან განსხვავებით, ძალიან სხვანაირია სალომესთან. ერთად დარბიან, ბევრს ეთამაშება. სამწუხაროდ, პატარა ისე იზრდება, რომ დატვირთული რეჟიმის გამო, მის ქცევებს ვერ უყურებს და ამის გამო, აჩიკო ბევრჯერ შემცოდებია. მე ცოცხალი მემატიანე ვარ - რომ მოდის, სულ ვუყვები, - ამან ეს ქნა, ამან ეს თქვა, ასე მოიქცა, - მაგრამ როგორი მიმიკით თქვა, რა სიტუაციაში მოიქცა ასე, ამას როცა უყურებ, სულ სხვაა. ცდილობს, ერთი-ორი საათი შვილებთან დაჰყოს. ბურთი ითამაშოს თუნდაც სახლში, პატარასთან ერთად.

- ვიდეოზე არ აღბეჭდავთ ამ ფაქტებს?

- ძალიან "გავზარმაცდი", დროის უქონლობის გამო. სანდროს ბევრი ვიდეო მაქვს, სალომესი შედარებით ნაკლები, ვაკოს კი იშვიათად ვიღებ.

- თოვლის ბაბუამ რა მოუტანა ახალ წელს პატარებს?

- ყოველ წელს, 31 დეკემბერს მოდის თოვლის ბაბუა. ძალიან არ იგვიანებს, ბავშვებს რომ არ დაეძინოთ. ესენი ლექსს ეუბნებიან და რადგან კარგად იქცევიან მთელი წლის მანძილზე, ისიც ასაჩუქრებს. სურვილები წინასწარ არის შერჩეული: სანდროს წელს მობილური უნდოდა და ვუყიდე, რაც შეეხება სალომეს - მას ორი საჩუქარი ერგო: ერთი თოვლის ბაბუამ ბაღში აჩუქა, საექიმო ნივთები, რომ ყველანი გაგვსინჯოს; სალარო-აპარატი უნდოდა ძალიან, მოსწონს გამყიდველობანას თამაში, დაალაგებს ნივთებს, დახლთან დადგება და ჩეკის ამორტყმის პროცედურა მოსწონს. ეს სალარო-აპარატი ინტერნეტში ნახა და ის თოვლის ბაბუამ მოუტანა. პატარას სურვილი კი დიდი ყვითელი მანქანა იყო და მასაც მოუტანეს. თოვლის ბაბუა ჩვენს ქვედა სართულზე ცხოვრობს და ყოველ წელს მოდის ბავშვებთან. მათ სახლშიც არიან პატარები და გაჩნდა ამის აუცილებლობა. ძალიან კარგი მსახიობური ნიჭი აღმოაჩნდა. სალომეს დაბადების შემდეგ დაიწყო ჩვენთან სიარული, მანამდე სანდროს საჩუქარი ნაძვის ხესთან ხვდებოდა.

- თქვენი მეკვლე შარშან ვინ იყო და წელს ვინ გყავდათ?

- ჩვენს ოჯახში მეკვლე ყოველთვის აჩიკოა. შარშანაც ასე იყო. როგორც წესი, ახალ წელს ერთად, ოჯახურ გარემოში ვხვდებით, ამის შემდეგ ის მიდის მეზობელთან; რამდენიმე წელია, ამ ოჯახის მეკვლეა. შემდეგ ჩვენთან ამოდის და ჩვენი მეკვლეც აჩიკოა.

- კარგი ფეხი ჰქონია, ეტყობა, შარშან ჩაფიქრებული ყველა სურვილი აუხდა. მეკვლედ წელს უფრო მეტმა ადამიანმა ხომ არ დაპატიჟა?

- როცა ადამიანს ბოროტება არა აქვს გულში, კეთილი ზრახვებით მოდის შენთან და კარგი განწყობით, ასეთი ადამიანი ყოველთვის კარგი მეკვლეა. მან ტრადიციას წელსაც არ უღალატა. ამდენი წელია, მის გვერდით ვარ და აღელვებული არჩილი არასოდეს მინახავს. ძალიან მშვიდი ადამიანია. ამხელა პასუხისმგებლობა რომ დაეკისრა, მე ვნერვიულობ და იმას განვიცდი, თვითონ ხომ არ ნერვიულობს, მაგრამ მისი ერთი სიტყვა, - ყველაფერი კარგად არისო, - საკმარისია ჩემთვის და დაძაბულობა მეხსნება.

- თქვენს მეუღლეს საოჯახო საქმეები თუ ეხერხება?

- არა, ერთადერთი, რასაც აკეთებს, როგორც წესი, ახალ წელს ყოველთვის ვანთებთ ბუხარს და აჩიკო მწვადს წვავს. დანარჩენი, ყველაფერი ჩემი გასაკეთებელია. საახალწლო მზადება ჩვენთან 29 დეკემბერს იწყება. ერთი ცერემონიაა ნაძვის ხის მორთვა. ერთხელ სანდრომ მითხრა, მარტო მე უნდა მოვრთოო და აღმოჩნდა, რომ ყველა სათამაშო ერთ ტოტზე ეკიდა. მერე ვუთხარი, - ხომ არ ჯობია, ერთად მოვრთოთ-მეთქი? - და ახლა ასე ვიქცევით. ძირითადად, ყველაფერს მე ვამზადებ, ბაზარში სიარულიც მე მიწევს, გოზინაყი და ტკბილეულობა ჩემი გასაკეთებელია, კერძების მომზადებაში დედა მეხმარება. ტრადიაციად გვექცა - 1-ელ იანვარს მამიდაჩემთან ნათესავები ვიკრიბებით. 2 იანვარს უკვე მეგობრები ვხვდებით ერთმანეთს.

- სოფო, როგორ გაიცანით თქვენი მეუღლე?

- შემოდგომა იყო. მამიდამ დამირეკა და მითხრა, რომ ერთ ოჯახში გვეპატიჟებოდნენ. ვიცოდი, იქ ვნახავდი ჩემს ერთ მეგობარს, რომელთანაც იმ ზაფხულს ზღვაზე ვიყავი და სიხარულით წავედი. აჩიკოს მამიდაშვილის ოჯახში აღმოვჩნდით. თამადა აჩიკო იყო და მავიწროებდა. მე და სოფო ზაფხულის ამბებს ვიხსენებდით და ის შენიშვნებს გვაძლევდა, - ეს გოგო ვერ გავაჩერეო, - ჩემზე ამბობდა. მაშინ 22 წლის ვიყავი. მერე მისმა ბიძაშვილმა დამირეკა და მითხრა, - ანანურში მივდივართ მოსალოცად და ხომ არ წამოხვალო? იქაც იყო აჩიკო. როგორც მივხვდი, ეს უკვე დაგეგმილი შეხვედრა იყო... პირველი შთაბეჭდილება ჩვეულებრივი მქონდა. მაშინ ყურმოკრული მქონდა, რომ იყო ასეთი ადვოკატი. ახალი დამთავრებული მქონდა იურიდიული ფაკულტეტი და მეც ადვოკატად ვმუშაობდი. იმ პერიოდში არჩილი ლონდონში იყო სასწავლებლად წასული. მერე დაიწყო ჩვენი შეხვედრები და როგორც კი მოგვეცა იმის საშუალება, მარტო შევხვედროდით ერთმანეთს და გვესაუბრა, მაშინ დავიჭირე რაღაცები, რაც ჩემთვის ღირებულია ადამიანში.

- და რა იყო ეს?

- მისი ჰუმანური, ადამიანური დამოკიდებულება ადამიანების მიმართ. აღმოჩნდა, რომ ერთი და იგივე მწერალი, ნაწარმოები მოგვწონდა. მას ძალიან უყვარს გურამ დოჩანაშვილი, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია. საინტერესო გახდა ჩვენი ურთიერთობა და იმის სურვილი გამიჩნდა, რომ კიდევ ერთხელ შევხვედროდი. ვიცოდი, მასთან არ მოვიწყენდი. მერე გაღრმავდა ჩვენი ურთიერთობა და სამსახურის შემდეგ ვხვდებოდით ერთმანეთს. ეს ურთიერთობა სიყვარულში გადაიზარდა. ერთი წლის შემდეგ ვიქორწინეთ. ყველა ქალისთვის საოცნებოა ეს დღე. ძალიან ლამაზი ქორწილი გვქონდა... სამოგზაუროდ ორი კვირით რომში წავედით. ფლორენციაში ვიყავით, ვენეციაში ვერ წავედით და ვთქვით, რომ სხვა დროს ჩავიდოდით, მაგრამ ჯერჯერობით ეს დრო არ დამდგარა; იმედია, მოვა. ყველა მეუბნებოდა, რომ პარიზი სჯობდა, მაგრამ იტალია ავიჩემე. მერე, პარიზი რომ ვნახე, მივხვდი - პარიზი მართლა საოცრებაა.

- თქვენ სად მუშაობდით მაშინ?

- უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ განყოფილებაში კონსულტანტი ვიყავი. ერთი წლის შემდეგ დეკრეტში გავედი და გაჩნდა სანდრო. უზენაესში წელიწად-ნახევრის შემდეგ დავბრუნდი. მერე განყოფილების უფროსის ვაკანსია იყო და იქ დავინიშნე. იქ ვიმუშავე, ვიდრე მეორე შვილზე დეკრეტში გავიდოდი, მოსამართლის გამოცდებიც ჩავაბარე, მაგრამ არასდროს მიმუშავია. სანდროს რომ ვზრდიდი, მეგონა, უჩემოდ ბევრმა რამემ ჩაიარა. ძიძა არ მყავდა და მარტო გავზარდე ჩემი შვილები. დედა მეხმარებოდა. სამივე ბუნებრივ კვებაზე მყავდა და ამიტომ ძირითადად სახლში ვიყავი. ვფიქრობ, ქალისთვის ამაზე დიდი ჯილდო არაფერია, როცა შენი შრომის შედეგს ხედავ, როცა შენს შვილებს უყურებ.

- რატომ თქვით უარი მოსამართლეობაზე?

- ვიცოდი, რამდენი დრო სჭირდებოდა მოსამართლეობას. ზედაპირულად არაფრის კეთება არ შემიძლია. არც ის შემიძლია, რომ ყველაფერი მოვასწრო. არიან ადამიანები, რომლებიც წარმატებულები არიან კარიერაშიც და ოჯახშიც, ასეთები ჩემგან აღფრთოვანებას იმსახურებენ. მე როცა ვაკეთებ ერთს, ის უნდა ვაკეთო ხარისხიანად. ეტყობა, სურვილიც არ მქონდა, თორემ გამოცდები ჩაბარებული მქონდა და კონკურსშიც მივიღებდი მონაწილეობას. სალომეს გაჩენის შემდეგ საერთოდ წამოვედი უზენაესი სასამართლოდან. მერე პატარა ვაკოც გაჩნდა და ვზრდი ჩემს შვილებს. ჩემთვის დილა ძალიან ადრე იწყება - 6-7 საათზე ყოველთვის ფეხზე ვარ. დილა ყოველთვის მძიმეა, რადგან სამივეს მოწესრიგება სჭირდება. ჯერ სანდრო მიმყავს სკოლაში, მერე სალომე - ბაღში მე და ვაკოს; ვაკო ჯერ პატარაა და არ დადის ბაღში. შემდეგ იწყება ოჯახის საქმეები. ყველას სხვადასხვა გემოვნება აქვს და სხვადასხვანაირი კერძის მომზადება მიწევს.

- მეუღლეც პრეტენზიულია ამ კუთხით?

- არჩილისთვის ვახშმის მომზადება ცალკე თემა იყო. რაც მაჟორიტარი გახდა და ბაღდათში მოუწია ყოფნამ, ეს საკითხი მოიხსნა. ტრადიციულ კერძებს ჭამს, მაგრამ ურჩევნია რაიმე განსხვავებული. საოჯახო საქმეებიდან ყველაზე მეტად, სამზარეულოში ტრიალი და სადილების მომზადება მომწონს. ძალიან ვერთობი ასეთ დროს და ვამზადებ სხვადასხვანაირ საჭმელებს. ჩემს შვილებსაც და აჩიკოსაც უყვართ "პეტუჩინი". არ ვიცი რეცეპტი, მაგრამ მივხვდი, როგორ შეიძლება კეთდებოდეს; ცოტა განსხვავებულია, მაგრამ ჩემებს მოსწონთ.

- ალბათ მეუღლე სიურპრიზს ხშირად გიწყობთ, არა?

- ყველაზე დიდი სიურპრიზი იქნება, აჩიკო ადრე მოვიდეს სახლში. ეს ჩვენი თანაცხოვრების პერიოდში მთავარი იყო. სალომეს ლაპარაკი ახალი დაწყებული ჰქონდა. გაზაფხული იყო, კვირტების საოცარი სუნი ტრიალებდა ყველგან. როგორც ჩანს, აჩიკო გარეთ რომ გამოვიდა და ეს ნახა, გადაწყვიტა, საქმე განზე გადაედო და ბავშვები სასეირნოდ წაეყვანა. მირეკავს და მეუბნება: ჩააცვი ბავშვებს და მთაწმინდის პარკში ავიყვანოთო. აბა, ჩქარა, მამიკო მოდის და გაემზადეთ-მეთქი, - ვეუბნები ბავშვებს. გამოპრანჭული პატარა სალომე ოთახში დადის, მამამისს ელოდება და ამბობს: "ძვირფასი ბიჭია ეს აჩიკო, ძვირფასი ბიჭი". ყველაზე დიდი ფუფუნებაა, აჩიკოს რომ სცალია... რაც შეეხება საჩუქრებს, მეუბნება, - რაც უნდათ ბავშვებს, ის უყიდე, მე დამახვედრე, რომ მოვალ, ვაჩუქოო, - ანუ ამ საქმეშიც ჩართული ვარ. მეც მიკეთებს ხშირად საჩუქრებს, მაგრამ უფრო ხშირად მეტყვის ხოლმე, - მინდა, რაღაც გაჩუქო და რა გინდაო? მე ყოველთვის მაქვს კონკრეტული სურვილი და ამას მისრულებს.

- როცა შეიტყვეთ, თქვენი მეუღლე მთავარი პროკურორი გახდებოდა, რა რეაქცია გქონდათ?

- ეს ტელევიზიით შევიტყვე. ერთდროულად რამდენიმე გრძნობა იყო. სასიხარულოა, ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე რომ გნიშნავენ და ამის ღირსად გთვლიან. ვფიქრობდი იმაზეც, რომ ძალიან დიდი შრომა მოუწევდა და რაღაცებზე უარი უნდა ეთქვა. უფრო მეტიც - მეც გამიჩნდა დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა.

- რა შეიცვალა ამ ორი თვის განმავლობაში თქვენს ცხოვრებაში, გარდა იმისა, რომ თქვენს სახლს ახლა დაცვა ახლავს?

- განსაკუთრებული არაფერი. სახლთან დაცვა დააყენეს, უფრო მეტად ხარ ყურადღების ცენტრში. ჩვენც გვყავს დაცვა. ეს უხერხულობას არაფერში მიქმნის, უბრალოდ ვწუხდი, რა ძნელი და საპასუხისმგებლოა დაცვის პროფესია. რამხელა პასუხისმგებლობაა.

- რა არის მისი გატაცება?

- არჩილს ძალიან უყვარს მოგზაურობა. მეგობრებთან ერთად მთელი საქართველო აქვს შემოვლილი. სამწუხაროდ, მე ვერ ავუწყვე ფეხი, ბავშვების გამო. ვფიქრობ, ქალისთვის ამაზე დიდი ჯილდო არაფერია, როცა უყურებ შენი შრომის შედეგს. შევუერთდები, როცა ამის საშუალება მექნება. ძალიან უყვარს ბუნებასთან კონტაქტი, ყველაზე კარგად ასე ისვენებს. ნადირობა და თევზაობა არ უყვარს. უყვარს კითხვა, ძალიან კარგად კითხულობს ლექსებს, უყვარს პოეზია. 3 წლის ასაკში "სტუმარ-მასპინძელი" თურმე ზეპირად იცოდა. დღემდე უყვარს ვაჟა-ფშაველა... ბოლოს მინდა, თქვენი ჟურნალის საშუალებით, მთელ საქართველოს შობა-ახალი წელი მივულოცო! ყველაფერი კარგად იქნება.

- გმადლობთ. ჩვენც კიდევ ერთხელ გილოცავთ შობა-ახალ წელს და წარმატებებს გისურვებთ!

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"