სად მიდის ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე თამრიკო ჭოხონელიძე

სად მიდის ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე თამრიკო ჭოხონელიძე

მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე ტრადიციების ერთგული მიმდევარია. არ მოსწონს, ახალ წელს ახალგაზრდები რომ გარეთ ხვდებიან. ამბობს, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს დაკეტილი სახლის კართან ახალი წელი ზის და ტირის, შინ შეშვებას ითხოვსო. როგორც ყველა, 31 დეკემბერს ისიც საზეიმოდ ხვდება, მაგრამ ძველით ახალ წელს დებსა და მათ ოჯახებთან ერთად საგურამოს აგარაკზე აღნიშნავს.

- საკმაოდ მკაცრი ზამთარი გვაქვს, თოვლი წინასაახალწლო პერიოდს უხდება, თუმცა გაზაფხულის მაგვარი, მზიანი 31 დეკემბერიც მახსოვს...

- ჩემთვის ზამთრის სიმკაცრე მის სუსხიანობაში გამოიხატება. პირველი თოვლი უკვე მობრძანდა და დადნა კიდეც. ამ ბოლო დროს თითქოს სამყაროცა და ამინდიც თავისი სიმკაცრით გვაფრთხილებს, კეთილგონიერებას მოვუხმოთ, არ შეიძლება ამდენი დაპირისპირება, ბოღმა, შური, რამაც ამ წლის ბოლოს თავი განსაკუთრებულად იჩინა. ერთ რამეს გაგიმხელთ, რაც თავი მახსოვს, ნათლისღების წინა დღეს ყოველთვის თოვს, შეიძლება არ დადოს, მაგრამ არ არსებობს, ციდან ფიფქები რომ არ ჩამოცვივდეს. 18 იანვარსაა ჩემი დაბადების დღე და ამიტომ მაქვს ეს ფაქტი ასე კარგად ჩარჩენილი მეხსიერებაში. ადრე ახალი წელი იმიტომ მიყვარდა, რომ ჩემი იუბილე მოსდევდა. წლების მატებასთან ერთად ეს სიყვარული ფერმკრთალდება, მაგრამ ადამიანს მანამ გიხარია შენი დაბადების დღე, სანამ ხედავ, რომ შენი ოჯახის წევრები და საყვარელი ადამიანები ამ დღის მოლოდინში არიან, მე ამით ვივსები და ბედნიერი ვარ. რაც შეეხება 2012 წელს, ეს ჩემთვის გამოცდის წელიწადი იყო, იმავდროულად ამ წელს ოჯახში გვქონდა მატება, კოკოს მეუღლეს, ანი იმნაძეს ვგულისხმობ. 2010 წლიდან ყოველ წელს ვმრავლდებით, ჯერ მარიამის მეუღლე შემოგვემატა, მერე ელენიკო მობრძანდა, ახლა კი - ანი. სწორედ გასულ იანვარს შემოვიდა ანი ჩვენს ოჯახში და ეს უკვე წლის საინტერესო დასაწყისი იყო. მოგეხსენებათ, რძალდედამთილობის ფენომენი სამეცნიერო დონეზე განსახილველი თემაა (იღიმება). აღმოვაჩინე, რომ დედამთილობა ძალიან უპრობლემო და ბევრი კარგი ემოციით დახუნძლული ყოფილა.

- საახალწლო სამზადისს როდიდან იწყებთ?

- სამზადისს ცოტა ადრე ვიწყებ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ოჯახის წევრების ნახევარი მარხვაზეა, საცივს მაინც ვამზადებ, ამ ტრადიციული კერძის გარეშე საახალწლო სუფრა წარმოუდგენელია. ისე, ვცდილობთ, ნახევრად სამარხვო სადილები გავაკეთოთ. იქიდან გამომდინარე, რომ ნიგოზი ძალიან ძვირი ღირს, თადარიგს ვიჭერ და შეიძლება ორი სამი თვით ადრეც შევიძინო. ახალი წლის დღეებში უსინდისოდ სიძვირეა, ხალხს ყვლეფენ და ასე არ შეიძლება. ყოველთვის დროის დეფიციტს განვიცდი, ამიტომ ძირითადად ღამით, როცა ყველა იძინებს, მაშინ ვიწყებ ნიგვზის დაჭრას გოზინაყისთვის, ხან დედაც მეხმარება. ვცდილობ, ნელ-ნელა გავაკეთო რაღაცები, რადგან არ მიყვრს ფაფხური საახალწლო სამზადისის დროს. რაც შეეხება ნაძვის ხეს, დეკემბრის ბოლოს, სადღაც 29-ში ვაწყობ და 15 იანვრამდე მაქვს ხოლმე, ნათლისღებას ნაძვის ხით არასდროს არ ვხვდები. არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩემი გულისტკივილი ახალი წლის გარეთ შეხვედრასთან დაკავშირებით. მეგონა, ამ დღესასწაულის ოჯახურ წრეში დახვედრა ფესვგამდგარი ტრადიცია იყო. ვერ მიპატიებია იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ ცხრა წლის განმავლობაში 31 დეკემბრის ღამეს ახალგაზრდების გარეთ გაყვანა დანერგა. სახლში ერთი ნაჭერი პური და ყველი რომ მიირთვა, იმას უფრო დიდი მადლი აქვს, ვიდრე ვიღაცის ნაკეთებ გოზინაყსა და საცივს, რომლის საჭმელადაც შენი თეფშით უნდა მიხვიდე, ეს ჩემთვის მიუღებელია. ფაქტობრივად, ისე გამოდის, რომ სახლის კარს კეტავენ და ახალ წელს შინ არ უშვენებენ. არადა, 12 საათის დადგომისას რომ სანთელს აანთებ, შენი ოჯახის წევრს ჭიქას მიუჭახუნებ და კეთილი სურვილებით აავსებ, ამას რა სჯობს?! შეხვდი, დალოცვილო, ამ დღესასწაულს სახლში და მერე გადი გარეთ. ძალიან ბევრი სახლი დაკეტილია და ამიტომ მეცოდება ის ოჯახური კერა, რომელიც განელებულია ახალი წლის ღამეს. სულ მგონია, რომ ასეთი სახლის კართან ზის ახალი წელი, ტირის და სახლში შეშვებას ითხოვს.

- რაც შეეხება ასტროლოგიურ პროგნოზს, თუ ითვალისწინებთ რჩევებს თუნდაც ფერების ან სუფრის გაწყობის შესახებ?

- სხვათა შორის, კი. ვუსმენ ხოლმე მიშა ცაგარელს და ვცდილობ, მივყვე მის დარიგებას, რატომაც არ უნდა შევაჩერო ყურადღება თუნდაც იმ ფერზე ან საკვებზე, რაც მომავალი წლის ნიშანს მოსწონს, რატომ უნდა შევეწინააღმდეგო, არ მესმის.

- რაც შეეხება მეკვლეს, ამბობენ, 17 დეკემბერს, ბარბარობას, არის ნამდვილი მეკვლეობაო, თუ გყავთ ტრადიციულად ერთი მეკვლე?

- ჩემი ცხოვრება ისე წარიმართა, რომ ბევრი რაღაცის საკუთარ თავზე აღებამ მომიწია, ოჯახსაც მარტო ვუძღვები. მეუბნებიან, ეს შენი ლამაზი ჯვარია, რომელიც უნდა ატაროო და ასეც ვიქცევი. გაგეცინებათ და მეკვლეობაც ჩემს თავზე მაქვს აღებული. ყოველ ახალ წელს გავდივარ გარეთ, სადარბაზოს აუცილებლად ვცილდები და უკან ტკბილეულით, სანთლითა და ლოცვით ვბრუნდები. ძალიან სასაცილო ინსცენირებაა, მაგრამ წრფელი. ბარბარობასაც მე ვიყავი მეკვლე, ესეც ჩემს თავზე ავიღე, ღმერთმა მომცეს იმის ძალა, რომ ოჯახის წვერების სურვილები არ გავაწბილო.

- 13 იანვარს ძველით ახალი წლის აღნიშვნა შედარებით მოკრძალებულად ხდება ხოლმე, თქვენს ოჯახში როგორაა ამ მხრივ საქმე?

- რასაკვირველია, 31 დეკემბერს განსაკუთრებულად ვხვდებით, მაგრამ 7 იანვარს უფრო გვაქვს საზეიმო განწყობა, ხშირ შემთხვევაში შობის დადგომას სახლში ვერ ვეგებებით, მაგრამ ოჯახის ერთ-ერთი წევრი აუცილებლად რჩება, რათა ფანჯარასთან სანთელი აანთოს. რაც შეეხება ძველით ახალ წელს, საგურამოში გვაქვს აგარაკი, სადაც ჩემი და ჩემი დების ოჯახები ვიკრიბებით და ამ დღესასწაულს განსაკუთრებულად აღვნიშნავთ. ხშირად მითქვამს, ჩემი დები სხვისი დები რომ ყოფილიყვნენ, შემშურდებოდა-მეთქი, მიხარია, რომ ჩემი დედმამიშვილები არიან. მართალია, საკმაოდ ბევრნი ვგროვდებით, მაგრამ ისე გვაქვს ყველაფერი მოწყობილი, რომ ერთმანეთს კი არ ვაწუხებთ, პირიქით, ერთმანეთით ვხარობთ და ვივსებით. ახლობლები ხშირად ახალი წლის ჩვენთან ერთად შეხვედრის სურვილს გამოთქვამენ, ჩვენ კი ჩვენი მხრივ, ვეპატიჟებით ყველას, ვისაც უნდა, რომ ეს დღე ერთად გავატაროთ, ეზოში იმართება კოცერტი და არის დიდი ჟრიამული. ზაფხულის მიწურულს, თბილისში წამოსვლისას ჩაჩუმდება ხოლმე ის ხმაურიანი სახლი, ძველით ახალ წელს კი ისევ იღვიძებს იქაურობა და ბედნიერ წუთებს ვჩუქნით ერთმანეთს.

- რაც შეეხება თქვენს შვილიშვილს, ელენეს, აპირებთ წელს მისთვის თოვლის ბაბუის გამოძახებას?

- ელენე 2 წლის და 4 თვის გახლავთ, რომ ჰკითხოთ, ვინ ხარ თამრიკოსიო, გიპასუხებთ "საქუჩარიო" (იცინის). მან იცის, რომ ჩემი საჩუქარია. ელენე ჩემთვის ძალიან დიდი ძალაა, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვს ძალიან დიდი დრო და ენერგია სჭირდება, მასთან ურთიერთობისას ეს ძალა მიასმაგდება. როდესაც ამბობენ, შვილიშვილმა შვილი დაგვავიწყაო, დიდი სიცრუე და შეცდომაა, შვილებს არაფერი და არავინ გავიწყებს, მათი პატარაობა, ფეხის ადგმა, პირველი სიტყვების წარმოთქმა ძალიან მკვეთრ კადრებად მესახება, როგორ შეიძლება მათი ბავშვობის ხანის გაფერმკრთალება? გულში არსებობს ისეთი ადგილი თუ ნიშა, რომელსაც წლების შემდეგ შვილიშვილი იკავებს. რაც შეეხება თოვლის ბაბუას, ამ საკითხთან დაკავშირებით ცოტა ვორჭოფობ, არ მინდა შეშინდეს, არ ვიცი, სწორად აღიქვამს თუ არა, ჯერჯერობით თოჯინების სახით ვაჩვევ თოვლის ბაბუას, მაგრამ მომავალ წელს აუცილებლად ესტუმრება. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ქალს, უმტკივნეულო ცხოვრება არ გამივლია, ელენემ კიდევ ერთხელ დამიმტკიცა ის, რომ ქალი პატარა არსების გარეშე წარმოუდგენელია. ხანდახან მარიამი მეტყვის ხოლმე, დედა, ვერ აღვიქვამ, რომ შენ შვილიშვილი გყავს, მგონია, რომ ელენე შენი მესამე შვილიაო (იცინის). ქალმა ისე არ უნდა გაატაროს ცხოვრება, რომ ახალ ადამიანში არ ჩადოს თავისი ენერგია და სიკეთე.

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება