დავით უსუფაშვილი - ათასობით ადამიანს ვეუბნებით, ციხის გაუვლელად, ბოდიშის მოხდის ხარჯზე გეძლევათ საშუალება იცხოვროთ

დავით უსუფაშვილი - ათასობით ადამიანს ვეუბნებით, ციხის გაუვლელად, ბოდიშის მოხდის ხარჯზე გეძლევათ საშუალება იცხოვროთ

2012 წლის მიწურულს ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში უპრეცედენტო რამ მოხდა, პრეზიდენტის მიერ კანონპროექტზე დადებული ვეტო პარლამენტმა დასძლია. კიდევ რა მოვლენები იყო მნიშვნელოვანი საქართველოს პარლამენტისთვის გასულ წელს, ამ საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გვესაუბრა:

- წლევანდელი საპარლამენტო ცხოვრების დასკვნითი დღე იყო მკაფიო დემონსტრირება იმისა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა უბრალოდ უმრავლესობა არ არის, არამედ ის არის საკმარისი უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად. ეს ნიშნავს, რომ პარლამენტი სრულფასოვანი საკანონმდებლო ორგანოა, რომ შეუძლია საკუთარი გადაწყვეტილების დაცვა და ბოლომდე მიყვანა. ამის შემდეგ პარლამენტის მიერ კანონის კიდევ ერთხელ დადასტურებული ვერსია ისევ გაეგზავნება პრეზიდენტს. მას 7 დღე აქვს, რომ მოაწეროს ხელი კანონპროექტს და გამოაქვეყნოს, რომელიც შემდგომ შევა ძალაში. 7 დღის ამოწურვისთანავე, თუ პრეზიდენტი ხელს არ მოაწერს კანონს, მაშინ ჩემი ხელმოწერით გამოქვეყნდება კანონი და შევა ძალაში. ნაკლებად ველი, რომ სააკაშვილი ამნისტიის შესახებ კანონის პროექტს ხელს მოაწერს. როგორც ჩანს, მე მომიწეევს ამის გაკეთება და ეს იქნება დაახლოებით 7-8 იანვარს. კანონის ძალაში შესვლის შემდეგ დაიწყება პროცედურები - ზოგს სასჯელი შეუმცირდება და ვისაც გათავისუფლება ეხება, გათავისუფლდება.

ამ საკითხზე ისტერიული კამპანიის გამართვით ყოფილი ხელისუფლება ეცადა, გადაეფარა გაღიზიანების რეალური მიზეზი - პოლიტპატიმრების თემა. ამიტომ შემოიტანეს ნარკოდილერებისა და პედოფილების თემები, რასაც საერთო არაფერი აქვს რეალობასთან. არც ერთი ის პატიმარი, რომელიც ამგვარი ქმედების გამოა ბრალდებული, არ გათავისუფლდება. როგორც სხვა პატიმრებს, მათაც შეეხოთ სასჯელის მხოლოდ 1/4-ით შემსუბუქება. ქართულ ციხეში გატარებული ყოველი დღე უდრიდა პატიმრობის 2-3 დღეს. ითქვა, რომ თავად პრეზიდენტის შეწყალებულ პატიმართა შორის მრავლად არიან ნარკოდილერები. ჩვენ არც ერთ ნარკოდილერს არ გამოვუშვებთ. ამნისტია შევახეთ მხოლოდ ნარკოტიკის მომხმარებლებს, მაგრამ ახლა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები თვალის ჩაკვრით გვეუბნებიან, მანდ ზოგი ნარკოგამსაღებელია, მაგრამ თავის დროზე მოხმარებისთვის დავაკავეთ, რადგან თავი არ შევიწუხეთ დამატებითი მტკიცებულებების შესაგროვებლადო. ეს დამატებით პასუხისმგებლობას აკისრებს ყოფილ ხელისუფლებას, რადგან თუ ეს ხალხი გასამართლებული იქნებოდნენ ნარკოტიკების გასაღების მუხლით, მაშინ მათ არც გათავისუფლება შეეხებოდათ.

პოლიტპატიმრების საკითხზე უმძიმესი და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება მივიღეთ.

როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, კმაყოფილი ვარ, რომ ზოგიერთ საკითხზე საჯაროდ დაფიქსირდა აზრთა სხვადასხვაობა თუნდაც შს სამინისტროსა და პარლამენტს შორის, რაც ჯანსაღი პროცესია. უნდა დავივიწყოთ ის პერიოდი, როდესაც ერთი საძალაუფლებო ცენტრიდან იმართებოდა ყველა და ყველაფერი.

- უმცირესობას არ დავიწყებია ხაზგასმა - "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტზე პრემიერის, შს მინისტრისა და უმცირესობის პოზიციები დაემთხვაო.

- პრემიერი იყო ჩართული ამ კონსულტაციებში, მასაც ჰქონდა მოსაზრებები, კითხვები, მაგრამ ბოლო ეტაპზე სწორი პოზიცია დაიკავა - გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოსო. პრემიერ-მინისტრმა გვირჩია, რომ უმრავლესობას მოესმინა შს სამინისტროსა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრთა არგუმენტებისთვისაც და თუ გონივრული წინადადება ექნებოდათ, გაგვეზიარებინა. ვადასტურებ, რომ რამდენიმე საკითხზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრთა მიერ მოყვანილი ფაქტების გაანალიზების შედეგად კორექტივები შევიტანეთ ზოგიერთ საკითხებში. როდესაც საქმე კონკრეტული ადამიანის ბედს, სტატუსს ეხება, ამ დროს პოლიტიკური და უწყებრივი საკითხები მეორე პლანზე გადადის. მესმის პრეზიდენტის უკიდურესი გაღიზიანება. მინდა მჯეროდეს, რომ ის და მისი გუნდი გამონახავენ ძალას, პოლიტიკურ ალღოს, შორსმჭვრეტელობას და გაითვალისწინებენ, რომ ახალ ვითარებაში ვართ. საქართველოს ყველაზე ნაკლებად სჭირდება გაუთავებელი პოლიტიკური კინკლაობა და არასტაბილურობა. პოლიტიკურ ოლიმპზე რამდენიმე ადამიანს შორის ჭიდილს არ უნდა შეეწიროს ქვეყანა. აქეთ იყო მიმართული პრემიერ-მინისტრის ინიციატივა კონსტიტუციური ცვლილებების თაობაზე, რომლითაც მოისპობა ის ყველაზე მახინჯი მოვლენა, რაც კონსტიტუციაშია ჩადებული, რომლითაც პრეზიდენტს ერთპიროვნულად შეუძლია არა მხოლოდ მთელი მთავრობის დათხოვნა, არამედ ახლის შექმნაც. სამწუხაროდ, მასმედიაში ამ საკითხებზე უფრო მეტად ყურადღება გადატანილი იყო პარლამენტის დათხოვნა-ვერდათხოვნაზე, პრეზიდენტი აპრილ-მაისში პარლამენტს დაითხოვსო და ა.შ. პარლამენტის დათხოვნა კატასტროფა არ არის.

ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხი შემოდის სცენაზე, რომ არჩევანი გააკეთოს, ვის უჭერს მხარს. ამაზე გაცილებით სახიფათოა დებულება კონსტიტუციაში - პრეზიდენტის მიერ ერთპიროვნულად მთავრობის შექმნის საკითხი. თუ ამას გამოიყენებდა, ვადამდე საპარლამენტო არჩევნებიც ჩატარდებოდა პრეზიდენტის მიერ ერთპიროვნულად დანიშნული მთავრობის ხელში. შესაძლოა, ეს ჩანდა ვიღაცისთვის გადარჩენის თუ ხელისუფლების კვლავ ხელში აღების გზად. ჩვენ ამაზე ძალიან მკაფიოდ და დასაბუთებულად ვუთხარით, რომ ამის საშუალებას არავის მივცემთ. პრეზიდენტს ამ საკონსტიტუციო ცვლილებებით აქვს ეს შეთავაზება, - გადაწყვეტს მთავრობის დათხოვნას, ამას შესაძლოა გარდაუვლად მოჰყვეს არა შენ მიერ ახალი მთავრობის შექმნა, არამედ ახალი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ჩატარდება არა "ნაციონალური მოძრაობის" მთავრობისა და მის დაქვემდებარებაში მყოფი ბიზნესის, საარჩევნო კომისიის, პოლიციის პირობებში, არამედ ახალ პირობებში.

პრეზიდენტმა და მისმა გუნდმა კარგად უნდა გაიაზრონ, რა ურჩევნიათ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა