რამ გადააწყვეტინა თიკა ჯამბურიას კონკურსში მონაწილეობა

რამ გადააწყვეტინა თიკა ჯამბურიას კონკურსში მონაწილეობა

- რატომ გადაწყვიტე პროექტში - "ახალი ხმა" მონაწილეობა?

- რამდენიმე წელია, სცენაზე არ ვმდგარვარ და ძალიან მომენატრა ჩემი მსმენელი, აპლოდისმენტები. მართალია, მეგობრებთან ერთად კლუბებში ვმღეროდი, მაგრამ ეს სულ სხვა საქმეა...

- რატომ აირჩიე მაინცდამაინც "ახალი ხმა"? რომელიმე სხვა პროექტში მონაწილეობის სურვილი არ გაგჩენია?

- ხშირად ვადევნებდი თვალს "ახალი ხმის" ანალოგიურ უცხოურ გადაცემებს, სახელწოდებით - "ხმა" და ცხადია, ისიც ვიცი, რომ ამ კონკურსში მონაწილეობენ ძალიან ცნობილი მომღერლები. სხვათა შორის, ჩემი არ იყოს, ბევრ მათგანს კარიერაში "ჩავარდნა" ჰქონდა და უნდოდა, მსმენელის წინაშე ახალი იმიჯით წარმდგარიყო... ჩემი და გერმანიაში ცხოვრობს და ვფიქრობდი, იქაურ "ხმაში" მიმეღო მონაწილეობა. სწორედ მაშინ თქვეს, რომ მსგავსი პროექტის გაკეთებას საქართველოშიც აპირებდნენ, მე კი რა თქმა უნდა, ჩემს ქვეყანაში ვარჩიე დარჩენა.

- როგორ შეხვდნენ შენს გადაწყვეტილებას ოჯახის წევრები და მეგობრები?

- პროექტში ჩემი მონაცემები და ვიდეო ისე გავგზავნე, რომ ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. როდესაც კასტინგზე დამიბარეს, ოჯახის წევრებს მხოლოდ მაშინ ვუთხარი, რასაც ვაპირებდი. დედას ცოტა არ იყოს, შეეშინდა და მითხრა: - ამდენი ხანია, არ გიმღერია და ფორმაში არ იქნები, არ გარისკოო, - მაგრამ მე მაინც ჩემი გავიტანე. მოსამზადებლად ცოტა დრო მქონდა, ბოლო დღეებში კი გავცივდი და ხმა საერთოდ დავკარგე... რაც შეეხება ჩემს სამეგობრო წრეს - ისინი ყველაფერში მეხმარებიან. ახლა კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ყველაზე კარგი მეგობრები მყავს.

- როგორ შეხვდა საზოგადოება შენს ამ ნაბიჯს?

- საზოგადოების აზრი ორად გაიყო: ზოგი მწერს, - ძალიან მიხარია, ეს გადაწყვეტილება რომ მიიღე, შენ გგულშემატკივრობო; ზოგი კი პირიქით, იმას ამბობს, - თიკას ამ პროექტში რა უნდა, ის ხომ "ძველი ხმა" არისო... პირადად მე, ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანს უნდა მიეცეს შანსი, გააკეთოს ის, რაც უნდა, ხოლო რაც შენი საქმე არ არის, იმაში ცხვირი არ უნდა ჩაყო. არ მაქვს პრეტენზია, რომ ყველაზე მაგარი ვარ და აუცილებლად უნდა გავიმარჯვო. "ახალ ხმაში" ჩემზე ნიჭიერი ბავშვებიც მონაწილეობენ. ამ პროექტში მონაწილეობის სურვილი გამიჩნდა მხოლოდ იმიტომ, რომ მენატრებოდა სცენა და მსმენელი...

- თავიდანვე გქონდა გადაწყვეტილი, რომ ნინოს გუნდში იქნებოდი, თუ რა თქმა უნდა, შენი ნამღერი მასაც შემოატრიალებდა?

- ყველა ჩემმა მეგობარმა იცოდა, რომ ნინოს გუნდში მინდოდა მოხვედრა და გამიმართლა კიდეც. ვფიქრობ, რომ პირველ ტურზე საკუთარი შესაძლებლობების მინიმუმი გავაკეთე, რადგანაც წინა დღეებში ძალიან ვინერვიულე; ამას ისიც დაერთო, რომ სცენაზე გასვლის წინ გავიგე, ჩემი მეგობარი მომდევნო ეტაპზე ვერ გადავიდა და ესეც განვიცადე; იყო ტექნიკური პრობლემებიც...

- მონაწილეებთან როგორი ურთიერთობა გაქვს?

- კონკურსანტებს ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ყოველდღე ვიკრიბებით და ყველგან ერთად დავდივართ. ნინო ყველაფერში გვეხმარება, ჩვენზე გადაყოლილია. "დედას" ვეძახით და ისიც ამბობს, რომ 14 შვილი ჰყავს (იღიმის). მოკლედ ერთი ოჯახი ვართ.

- "რინგზე" ნათია არინდაულს შეხვდი. როგორ ფიქრობ, ობიექტურად გადახვედი შემდეგ ტურში?

- ნათიას სახით ძლიერი კონკურენტი მყავდა. ხშირად ვუსმენ ჩვენს დუეტს და ვფიქრობ, - იქნებ ნათიამ უკეთესად იმღერა-მეთქი? თუმცა, ამ შემთხვევაში მე გამიმართლა. ისე კი, "რინგზე" მართლა კარგად ვიმღერე... მე და ნათიას მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. ვიდრე სცენაზე გავიდოდით, ორივემ აღვნიშნეთ, რომ იმას კი არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვინ გადავიდოდა შემდეგ ტურში, არამედ მთავარი იყო, დუეტი შემდგარიყო; ბოლო წუთამდე ვამხნევებდით ერთმანეთს.

- "ლაივ შოუზეც" გამოიჩინე თავი. საინტერესოა, ყოფილი მეუღლე - ბექა ხოფერია თუ გგულშემატკივრობს?

- მოკლედ, ბექა სულ ხსენებაშია. მასზე ჟურნალისტები და პროექტის მონაწილეები იმდენს ლაპარაკობენ, რომ ვამბობ ხოლმე: მგონი, ისიც "ახალი ხმის" მონაწილეა-მეთქი (იცინის). ჩვენ შორის რაც იყო, დამთავრდა. ამას წინათ, ბავშვის სანახავად რომ მოვიდა, მაშინ მითხრა, - პირველ ტურს ვუყურეო. სხვა არაფერი ვიცი.

- როგორი მამაა?

- ბექა ასაკით პატარაა და ფაქტობრივად, შვილთან ერთად არ უცხოვრია: ნინა ორი თვის იყო, როდესაც დავშორდით. ჰოდა, მართალია, ბოლომდე ვერ აღიქვამს, რომ მშობელია, მაგრამ შვილი ძალიან უყვარს...

- როგორც ვიცი, დატვირთული დღის რეჟიმი გაქვს. ნინას ვინ უვლის?

- დედა მეხმარება, ნინა სულ მასთან გახლავთ. ვინაიდან ვიცი, რომ ჩემი შვილი სანდო ხელშია, სანერვიულო არაფერი მაქვს. თუმცა, შვილი სულ მენატრება. დედას ხშირად ვურეკავ და ვთხოვ ხოლმე, ნინა დამალაპარაკოს.

- უნივერსიტეტში რა ხდება? როგორც ვიცი, ბოლო კურსზე ხარ.

- მუსიკისა და დრამის ფაკულტეტზე ვსწავლობ. ახლა საკურსო სპექტაკლს ვდგამთ. სამუშაო იქაც ბევრი მაქვს. თუმცა, "ახალი ხმის" გამო შეღავათს მიწევენ. იციან, რომ როგორც კი პროექტი დამთავრდება, უნივერსიტეტში "გადავცხოვრდები".

ჟანა გოგინაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება