დაგ მაკმილანი - "ჩვენთან მეკვლე მაღალი, შავგვრემანი და ლამაზი უნდა იყოს"

დაგ მაკმილანი  - "ჩვენთან მეკვლე მაღალი, შავგვრემანი და ლამაზი უნდა იყოს"

ბრიტანეთში დი­დ პატივს სცემენ ტრადიციებს, შე­საბამისად, შობა-ახალ წელსაც, რომელიც, უპირველესად, ოჯახური დღესასწაულია და განსაკუთრებულად ხვდებიან. ბრიტანულ-ქართულ ურთიერთობებზე, სა­შობაო განწყობასა და წეს-ჩვეულებებზე დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში დაგ მაკმილანი გვესაუბრება.

- როგორ აფასებთ დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს ურთიერთობისას დღევანდელ დონეს?

- საქართველო დიდი ბრიტანეთის მნიშვნელოვანი პარტნიორია. საქართველოს დემოკრატიული განვითარება, კეთილდღეობა და სტაბილურობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ჩვენი ურთიერთობა ბოლო წლებში გაძლიერდა. ჩვენი ქვეყნების მინისტრები და სხვა ოფიციალური პირები რეგულარულად განიხილავენ ორივე მხარისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის ვაჭრობა, უსაფრთხოება, ენერგეტიკა და ერთობლივი მუშაობა ავღანეთში. წელს დევიდ ლიდინგტონი, დიდი ბრიტანეთის მინისტრი ევროპის საკითხებში, ეწვია საქართველოს და ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს შეხვდა. ნოემბერში საქართველოში ბრიტანეთიდან სავაჭრო მისიას ვუმასპინძლეთ, ორი ქვეყნის ბიზნესებს შორის კავშირის განსავითარებლად. ვაჭრობის მოცულობა, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაიზრდება, როდესაც საქართველო დაასრულებს ევროკავშირთან მოლაპარაკებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.

- როგორ აფასებთ ბოლო ხანს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს?

- 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს შედეგად მოჰყვა, ქვეყნის უახლეს ისტორიაში პირველად, ძალაუფლების გადაცემა მშვიდობიანი გზით. საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, ეს გახლდათ უმეტესწილად, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ეს დიდი მიღწევა იყო, რამაც შექმნა მაგალითი რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის. პარტიებისთვის შემდეგი გამოცდა იქნება ერთობლივი კონსტრუქციული მუშაობა კონსოლიდაციისა და საქართველოს დემოკრატიული რეფორმების შემუშავებისთვის, რაც ქართველ ხალხს მეტ კეთილდღეობასა და სტაბილურობას მოუტანს.

- საქართველოში მუშაობის პერიოდში რომელმა მოვლენამ მოახდინა თქვენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება?

- 2012 ღირსშესანიშნავი წელი იყო. ივნისში აღვნიშნეთ მისი უდიდებულესობის, დედოფალ ელიზაბეტის ბრილიანტის იუბილე (60 წელი ტახტზე ასვლიდან). აღტაცებული ვარ მსოფლიოს გამოძახილით და საქართველოდან უამრავი ადამიანის გულთბილი მოლოცვით. ამ ზაფხულს ლონდონში ჩატარდა ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშები. ეს თამაშები არაჩვეულებრივად წარიმართა, მაგრამ ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი ქართველ პარაოლიმპიელებთან შეხვედრა იყო. ამ ადამიანებმა გამოავლინეს საოცარი თავდადება, შეუპოვრობა და ძალისხმევა. ისინი ჩემთვის 2012 წლის გმირები არიან.

- რას იტყვით თქვენს მოგზაურობაზე საქართველოს გარშემო? რომელმა კუთხემ მოახდინა თქვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება? მართლაც საქართველოში იქორწინეთ?

- დიახ, მე და ჩემი ცოლი საქართველოში დავქორწინდით აგვისტოში. ქორწილი ქართული ღვინის ქარხნის მარანში აღვნიშნეთ. ჩემი ცოლი ინგლისელია, მე შოტლანდიელი, მაგრამ ორივე ბრიტანელები ვართ. ჩვენს სტუმრებს, ბრიტანეთიდან და საქართველოდან, სუფრა გავუშალეთ ქართული ღვინითა და შოტლანდიური ვისკით. მე და ჩემმა ცოლმა ცეკვა შევასრულეთ ოპერა "დაისიდან", შემდეგ კი ყველამ ერთად შოტლანდიური "კეილი" ვიცეკვეთ, რომელიც პოპულარულია ქორწილებში. თაფლობისთვეში რვადღიანი ტური მოვაწყვეთ ყაზბეგიდან ომალომდე. გზაზე ულამაზესი ხედები და არაჩვეულებრივი ხალხი შეგვხვდა. დაუვიწყარი წუთები განვიცადე აწუნთის გადასასვლელზე, ზღვის დონიდან 3.400 მეტრზე, როდესაც მყინვარწვერის და ჭაუხის მწვერვალები დასავლეთით მოჩანდა, ხოლო თუშეთი აღმოსავლეთით გველოდებოდა. არაჩვეულებრივი სანახაობაა! მივიჩნევ, რომ ეს მარშრუტი მსოფლიო დონისაა და იგი მთამსვლელებისთვის პირველ ათეულში აუცილებლად უნდა შედიოდეს.

- სად აპირებთ საშობაო არდადეგების გატარებას? საინტერესოა, როგორ ხვდებიან შობას შოტლანდიაში, რომელ წეს-ჩვეულებას გამოჰყოფდით, რომელია თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?

- ჩემთვის შობა ოჯახური ზეიმია, რომელსაც საყვარელ ადამიანებთან ატარებ. ამ შობას ჩემი ცოლის ოჯახი ჩვენთან ერთად გაატარებს თბილისში. შობას (25 დეკემბერს) ვისაუზმებთ და საჩუქრებს გავხსნით, რომლებიც ჩვენს სახლში, ნაძვის ხის ქვეშ იქნება მოთავსებული. შეიძლება კუს ტბაზე გავისეირნოთ, მადა რომ აღვიძრათ საშობაო სადილისთვის დაახლოებით 3 საათზე, სუფრაზე ტრადიციული ინდაური, შემწვარი კარტოფილი და ძირთეთრა გვექნება. საღამოს დედოფლის ტრადიციულ საშობაო მოლოცვას მოვუსმენთ (მისი მმართველობის პერიოდში 61-ე მოლოცვა იქნება). მოგვიანებით ჩემს მშობლებს და ბებიას დავურეკავ შოტლანდიაში, შობას მივულოცავ და ერთი ჭიქა ვისკით ვადღეგრძელებ. მათთვის წლის ყველაზე დიდი დღესასწაულია "ჰოგმანაი" (შოტლანდიაში ძველი წლის ბოლო დღეს ზეიმობენ). "ჰოგმანაის" ერთ-ერთი ტრადიცია არის მეკვლეობა. პირველი ადამიანი, რომელიც სახლში შემოვა, უნდა იყოს მაღალი, შავგვრემანი და ლამაზი. თან უნდა ჰქონდეს ნახშირი (მთელი წლის განმავლობაში სახლი თბილი რომ იყოს) და სასმელი ზეიმის აღსანიშნავად. მეკვლემ სახლში მთელი წლით იღბალი უნდა მოიტანოს. ვიცი, რომ ჩემი ოჯახი შოტლანდიაში შესაფერისად გააცილებს 2012 წელს ვისკით, შედლუხით და "კეილით". მეც აქ იმავეს გავაკეთებ!

ინტერვიუ: "საქართველოს კეთილდღეობა და სტაბილურობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია"

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"