საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ახვლედიანი მიიჩნევს, რომ რიყის ტერიტორიის გასხვისებასთან დაკავშირებით მისი დაკითხვა დაგვიანებულია და ადრე უნდა მომხდარიყო. ამის შესახებ მამუკა ახვლედიანმა ჟურნალისტებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე შესვლამდე განუცხადა.
"მე დაკითხვის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, პირიქით ვფიქრობ, დაგვიანებულია ჩემი დაკითხვა, ადრე უნდა მომხდარიყო, ვიდრე სხვა პირების დაკითხვა. მე მიმაჩნია, რომ ეს მაინც არის პოლიტიკური დაკვეთა. სამწუხაროდ იკვეთება დღევანდელი პრემიერ-მინისტრის პირადი ინტერესები ამ თემასთან დაკავშირებით, თუმცა გამოძიების მიერ დასმულ ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს", - აღნიშნა ახვლედიანმა.
მისივე თქმით, 2006 წელს იგი იყო მიწის მართვისა და განკარგვის კომისიის თავმჯდომარე. კომისიის მიერ გამოცხადდა კონკურსი რიყის ტერიტორიის ასათვისებლად და ეს ტერიტორია კანონიერად გასხვისდა.
მამუკა ახვლედიანის განცხადებით, მიწის ნორმატიული ფასი იმ დროისთვის იყო 1 კვადრატულ მეტრზე 36 ლარი და რიყის ტერიტორია 54 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენდა. მისი ღირებულება მილიონ ნახევარი იყო. ეს ტერიტორია კი, მოგვიანებით 7 მლნ აშშ დოლარად გასხვისდა, რაც 900 პროცენტით უფრო ძვირი იყო, ვიდრე მაშინდელი ნორმატიული ფასი.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე მამუკა ახვლედიანი რიყის გასხვისებასთან დაკავშირებით მოწმის სტატუსით იკითხება.
"გამოძიებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ რიყის ტერიტორიის დიდი ნაწილი, ფართით 43350 მ.კვ. 2006 წლის 6 ივნისს თბილისის მერიის მიერ დადებული ხელშეკრულებით 7 000 000 აშშ დოლარად გასხვისდა ერთ-ერთ შპს-ზე. აღნიშნულ საწარმოს საფასურის გადახდის გარდა, ნაკისრი ჰქონდა ვალდებულება საკუთარი ხარჯებით განეხორციელებინა ავტომაგისტრალის გადატანა, საფეხმავლო ხიდის აგება და რიყის ტერიტორიის სარეკრეაციო ზონის განაშენიანება. 2008 წლის 30 დეკემბერს, ისე რომ აღნიშნულ შპს-ს არ ჰქონდა დაწყებული სამშენებლო სამუშაოების შესრულება, ხსენებული მიწის ფართები თბილისის მერიამ 17 000 000 აშშ დოლარად გამოისყიდა", - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.