დავით კირვალიძე - "ღვინის გარდა რუსეთის ბაზარზე სხვა პროდუქტების გატანაც იგეგმება"

დავით კირვალიძე - "ღვინის გარდა რუსეთის ბაზარზე სხვა პროდუქტების გატანაც იგეგმება"

ღვინის გარდა რუსეთის ბაზარზე სხვა პროდუქტების გატანაც იგეგმება, - ამის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ "ექსპო-ჯორჯიაში", ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის მხარესთან მოლაპარაკებებში ექსპორტ-იმპორტის ასოციაცია ჩაერთვება, რათა ალკოჰოლური მიმართულების გარდა ბაზარზე ციტრუსისა და ხილ-ბოსტნეულის დაბრუნებაც მოხდეს. "ვინაიდან თუ ბაზარი გაიხსნება, გაიხსნება ყველასათვის", - აღნიშნა კირვალიძემ.

მინისტრის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ ბიზნესი და მთავრობა ერთად მუშაობს. "ჩვენ ამით უფრო ძლიერნი ვართ. აქ არის საუბარი მთლიანად ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სექტორისთვის ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტის და თამაშის ერთიანი წესების შექმნის შესახებ, რაშიც ჩვენ ვართ ერთიანნი", - აღნიშნა კირვალიძემ.

მისივე თქმით, არც ერთი კომპანია არ აპირებს, რომ სხვა ბაზარი შეკვეცოს რუსეთის ბაზარზე დასაბრუნებლად. მინისტრის განცხადებით, რუსეთის მხარესთან შეხვედრა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის "ახლად შექმნილი არხის" გამოყენებით დაიგეგმა.

"ბატონ ონიშჩენკოსთან შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება ღვინის ეროვნული სააგენტო ბიზნესასოციაციის ფორმით იმისათვის, რომ კონკრეტულ საკითხებზე დაიწყონ საუბარი, ვინაიდან განცხადებების დონეზე არაერთხელ ითქვა, რომ პოლიტიკურად ეს პრობლემა მოხსნილია - მობრძანდით, დავიწყოთ", - აღნიშნა კირვალიძემ. მისივე თქმით, რუსეთის მხარესთან შეხვედა, სავარაუდოდ, ძველით ახალი წლის შემდეგ გაიმართება.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ