თეონა კონტრიძე რუსებმა სოულის თეთრ დედოფლად აღიარეს

თეონა კონტრიძე რუსებმა სოულის თეთრ დედოფლად აღიარეს

ძალიან გამიხარდა, რომ ქართველი თეონა კონტრიძე რუსეთში ასე ძალიან უყვართ. ბოლო დროს არ მესმოდა ამბები მის შესახებ და ჩემს საყვარელ ინტერნეტში შევძვერი. აღმოჩნდა, რომ თეონა ძალიან აქტიურად მუშაობს, ძირითადად - კორპორატიულ წვეულებებზე და რუსების საყვარელი შემსრულებელია. მას თამამად უწოდებენ სოულის თეთრ დედოფალს და თანამედროვეობის განუმეორებელ პრიმას.

ერთ დროს თეონას სოსო პავლიაშვილმა გაუკვალა გზა, როცა აჩუქა კომპოზიცია Just do it, მერე კი თვით ამერიკელი შემსრულებლის გლორია გეინორის მოწონება დაიმსახურა.

"თბილისში დავიბადე, სუპერმუსიკალურ ოჯახში და ერთდროულად დავიწყე სიარული, ლაპარაკი და სიმღერა. საბავშვო ბაღშიც და მერე ანსამბლ "მზიურშიც" აბსოლუტური პრიმა ვიყავი. სოლოკარიერა კი სოსო პავლიაშვილმა გამაბედვინა და მისი ნაჩუქარი კომპოზიცია დღემდე ჩემი სავიზიტო ბარათია. მერე უკვე გნესინების სახელობის მუსიკალური სასწავლებელი დავამთავრე მოსკოვში, სოლომოღვაწეობა დავიწყე მოსკოვის კლუბებში, გავიმარჯვე საერთაშორისო კო­ნკურსებში და სახელიც გავითქვი", - ამბობს თეონა თავის ინტერვიუებში.

თეონამ ქართველების შემდეგ რუსი მელომანები მოხიბლა და რუსულ შოუბიზნესში ისე კარგად იგრძნო თავი, ქართული ესტრადისკენ აღარ გამოუხედავს. თამამი და ხანდახან სკანდალური თეონას გამოსვლები ჯაზის, ბლუზისა და ეთნომუსიკის ნაზავია და მას "მუსიკალურ გულწრფელობასაც" უწოდებენ.

თეონას თავისი ჯგუფი ჰყავს და გარდა იმისა, რომ ჯაზსა და სოულს მღერის, საბჭოთა პერიოდის ცნობილ კომპოზიციებსაც ასრულებს, რომლებიც დიდი მოთხოვნით სარგებლობს. მით უმეტეს, რომ ცნობილი სიმღერები ჯაზთან და ლათინოსთან არის შეზავებული და ისეა გადაკეთებული, ბევრი ვერ ცნობს.

თეონას ხშირად ეკითხებიან, ასეთი ენერგია მისი ქართული ტემპერამენტის დამსახურება თუა. "ალბათ ასეა, თუმცა ყოველთვის ასეთი ხასიათი მქონდა და საქართველოსთვისაც კი ჩემი ენერგია მეტისმეტი იყო. მე ქართული მენტალიტეტიც არ მაქვს, უკვე 15 წელია იქ არ ვცხოვრობ. მე მაქვს ქართველის მენტალიტეტი, რომელიც რუსეთში ცხოვრობს. ჩემზე ბევრმა კულტურამ მოახდინა გავლენა, მათ შორის ამერიკულმა, რომელზეც ვგიჟდები".

თეონა ორ შვილს ზრდის მოსკოვში, აქტიურად მუშაობს და როგორც ამბობს, მისი მთავარი შთაგონების წყარო მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულია.

DJ ბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება