მიხეილ სააკაშვილი - ძალიან შემაშფოთა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის თემის გადახედვაზე განცხადებამ

მიხეილ სააკაშვილი - ძალიან შემაშფოთა ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის თემის გადახედვაზე განცხადებამ

მე ძალიან შემაშფოთა განცხადებამ ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის თემის გადახედვის თაობაზე და იმაზე, რომ შესაძლოა, შეჩერდეს ეს მშენებლობა. - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის რკინიგზა, რომელიც საშუალებას იძლევა, საქართველო რუსეთის გვერდის ავლით დაუკავშირდეს ევროპას.

"ეს პროექტი იძლევა საშუალებას, საქართველო, იმ პირობებში, როდესაც მივდივართ ევროკავშირისკენ, მასთან უვიზო მიმოსვლიკენ, ასოცირების ხელშეკრულებისკენ და ევროკავშირის წევრობისკენაც მომავალში, მივუერთდეთ პირდაპირი რკინიგზით ევროკავშირის ქვეყნებს. ამ პროექტზე ლაპარაკი და ამასთან იმაზე ლაპარაკი, რომ ეს ეკოლოგიას ემუქრება, თითიდან გამოწოვილი სისულელეა და სხვა არაფერი არ ჰქვიას ამას. მეორე არის ის, რომ მიდის მოლაპარაკებები იმაზე, რომ რაღაცის სანაცვლოდ მთლიანად გადავიდეთ რუსულ ელექტროენერგიაზე და პრაქტიკულად მოვუხსნათ ვალდებულება რუსულ ელექტროკომპანიას აქ. ეს ვალდებულება სწორედ ემსახურებოდა ახალი სიმძლავრეების შექმნას საქართველოში, ე.ი. საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მოპოვებას"-განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ზემოთაღნიშნული ორივე გადაწყვეტილება ან განცხადება მთავრობის და პრემიერ-მინისტრის, ქვეყანას პირდაპირ აშორებს ევროკავშირთან და "გვაკავშირებს კაბალური ურთიერთობებით რუსეთის ფედერაციასთან".

"მე ვფიქრობ, ეს არ არის საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებში. ეს ეწინააღმდეგება ყველაფერ იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებდით ბოლო წლებში და რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, რომ ევროპული კურსი გვაქვს, ნატო გვინდა, თუ რეალურად აკეთებ იმას, რაც ახლა ავხსენი, ან აპირებ ამის გაკეთებას, მაშინ ძალიან კარგად მესმის თუ რატომ მიესალმა გუშინ პუტინი საქართველოს მთავრობიდან პოზიტიურ სიგნალებს. პუტინისთვის მთავარია ჩვენ ენერგეტიკულად, ტრანსპორტის თვალსაზრისით, სტრატეგიულად მივებათ და თუ ეს ყველაფერი მოხდა, მერე რამდენიც უნდა ვიძახოთ - ნატო გვინდა და ევროკავშირი, არაფერს არ ნიშნავს ეს უკვე", -განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა კატეგორიულად მოითხოვა, რომ ეს საკითხები გადაიხედოს, ამ თემაზე სერიოზული საზოგადოებრივი განხილვა მოხდეს და არანაირი გადაწყვეტილება მთავრობამ ამ მიმართულებით არ მიიღოს.

აღნიშნული ვიდეოგანცხადება სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა