ედუარდ შევარდნაძე: "ნაციონალური მოძრაობის" საქმე დამთავრებულია"

ედუარდ შევარდნაძე: "ნაციონალური მოძრაობის" საქმე დამთავრებულია"

ახალ, 2013 წელს საქართველო თითქოსდა გაორებული ხვდება: ქვეყანაში ორხელისუფლებიანობაა, პრეზიდენტი ოპოზიციად გარდაქმნილი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელია, ხოლო პრემიერ-მინისტრი - ყოფილი ოპოზიციონერი. ამ სიტუაციის შეფასება ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს ვთხოვეთ:

- ბატონო ედუარდ, წინა ინტერვიუ თქვენთან 1 ოქტომბრის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩავწერეთ, მაშინ, როცა ჩვენს ქვეყანაში ბევრი რამ ჯერ კიდევ გაურკევევლი იყო. თქვენ კი ყოველთვის ამბობდით, რომ არჩევნებში ბიძინა ივანიშვილი გაიმარჯვებდა. რა გაძლევდათ ამის მტკიცების საფუძველს?

- ამას ბიძინა ივანიშვილის პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე ვამბობდი, თანაც ბუნებრივია, ვაკვირდებოდი, რა ვითარება იყო ქართულ პოლიტიკაში და ანალიზის შემდეგ ყოველთვის ამ დასკვნამდე მივდიოდი, მაშინაც კი, როცა ივანიშვილი პოლიტიკურ ასპარეზზე ახალი გამოსული იყო. რა თქმა უნდა, მხედველობის არეში მქონდა მისი საქმიანობაც, ვხედავდი, რომ ის ყოველთვის სიტყვის კაცი იყო და რასაც ამბობდა, ყველაფერი საფუძვლიანად ექნებოდა აწონილ-დაწონილი და გააზრებული.

- როგორ შეაფასებდით საქართველოში დღეს შექმნილ ვითარებას? შეძლებს ოპოზიციაში წასული "ნაციონალური მოძრაობა" ძველი პოზიციის აღდგენას და ქვეყანაში გავლენის შენარჩუნებას?

- ჩემი აზრით, "ნაციონალური მოძრაობის" საქმე დამთავრებულია. ქვეყნის მომავლისათვის ბევრი რამ არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ახლა მთავარია, ბიძინა ივანიშვილმა სწორად წაიყვანოს საქმე და შეცდომები არ დაუშვას. შეცდომისაგან დაზღვეული არავინაა, მაგრამ მე სერიოზულ შეცდომებს ვგულისხმობ.

ვფიქრობ, ივანიშვილმა სწორი გზა აირჩია და მომავალშიც ამ გზით უნდა იაროს.

- ბოლო ხანს ბევრს ლაპარაკობენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელთა დაჭერებზე, ყველაზე დიდი ხმაური კი ბაჩო ახალაიასა და ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრებამ გამოიწვია. რას ეტყოდით მკითხველს ამის თაობაზე?

- ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებული ყველა საკითხი სასამართლომ და პროკურატურამ უნდა გადაწყვიტოს, ხოლო რას ამბობენ ამ საკითხზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, ეს უკვე მეორეხარისხოვანია. მათი კრიტიკა ხალხისთვის მნიშვნელოვანი სულაც არ არის, რადგან ხალხი სამართლიანობის აღდგენას ითხოვს და ელოდება. იგივე უნდა ვთქვა ირაკლი ოქრუაშვილზეც - ის საქართველოში თავისი ფეხით ჩამოვიდა, იცოდა, რაზეც მიდიოდა, ახლა კი მისი ბედი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, სასამართლომ უნდა განსაზღვროს იმსახურებს თუ არა ეს ორი პიროვნება ციხის საკანში ყოფნას.

- თუმცა, ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი და ჟურნალისტი ყოფილი მაღალჩინოსნების ციხეში ჩასმას პოლიტიკურ დევნად აფასებს, რა შეიძლება ითქვას ამის თაობაზე?

- ეს იმიტომ ხდება, რომ დასავლეთი დარწმუნებული იყო მიხეილ სააკაშვილისა და მისი პარტიის გამარჯვებაში. სააკაშვილს დასავლეთში დღესაც ჰყავს მხარდამჭრები და დამცველები, რომლებიც მსგავსი შინაარსის სტატიებს წერენ და აქვეყნებენ.

- "ნაციონალები" ხშირად იწონებენ თავს იმის გამო, რომ ქვეყანა დაამშვიდეს და კრიმინოგენური ვითარება გამოასწორეს...

- ამ მოსაზრებას კატეგორიულად ვერ დავეთანხმები. ის, რაც ამ ბოლო წლებში საქართველოში და ქართულ ციხეებში ხდებოდა, ადრე არასოდეს ყოფილა. მე ორი დღის განმავლობაში გაოგნებული ვიყავი, როდესაც ციხეებში პატიმართა წამების ამსახველი კადრები ვნახე. არ უარვყოფ, ძალადობის შემთხვევები ჩემი მმართველობის პერიოდშიც იყო, მაგრამ ის, რაც ვიხილეთ, საშინელება იყო... წამება, როგორც მოვლენა, საქართველოში დაკანონებული არ ყოფილა, ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლება ამას ხელს არ უწყობდა. წამება ამ რეჟიმის დამახასიათებელი მოვლენა იყო, რადგან ამ სიმახინჯეს სწორედ "ნაციონალური" რეჟიმი უწყობდა ხელს.

- შს ყოფილმა მინისტრმა კახა თარგამაძემ "ყველა სიახლესთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ არსებობდა ქართული გენოფონდის განადგურების გეგმა და სწორედ ამის გამო ჩასვეს ბოლო წლებში ციხეში 300 ათასამდე მამაკაცი. თქვენც იცოდით ამ გეგმის შესახებ?

- ის, რომ რამდენიმე წელიწადში ჩვენს ქვეყანაში 300 ათასამდე კაცმა მოიხადა პატიმრობა, ქართველი ერის ტრაგედიაა. დასავლეთის წარმომადგენლებსაც ყოველთვის უკვირდათ ამ პატარა ქვეყანაში ამდენი პატიმრის არსებობა. დიპლომატები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩემთან შეხვედრისას გაოცებას ვერ მალავდნენ მათი სიმრავლის გამო. რასაკვირველია, საშინელება იყო, ქვეყანაში ასეთი რამ რომ ხდებოდა, მაგრამ არსებობდა თუ არა ქართული გენოფონდის განადგურების გეგმა, ამას ნამდვილად ვერ დაგიდასტურებთ­, დაუსაბუთებლად რაიმეზე მსჯელობა და ლაპარაკი კი ნამდვილად არ მიყვარს. თუმცა, ხალხში დამკვიდრებულია აზრი, რომ "ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს გადაშენებას უპირებდა. ამიტომაც, მიიღეს საკადრისი პასუხი 1-ლი ოქტომბრის არჩევნებზე. სხვათა შორის, არჩევნებამდე მე თქვენს გაზეთთან ინტერვიუში ვთქვი: ხალხი დაშინებულია, მაგრამ საარჩევნო ყუთებთან რომ მივა, სინდისის კარნახით იმოქმედებს და "ნაციონალურ მოძრაობას" ხმას არ მისცემს-მეთქი. ქართველი ხალხი ზუსტად ასე მოიქცა.

- ბატონო ედუარდ, თქვენი ოპონენტებიდან ბევრი ფიქრობს, რომ სააკაშვილი სწორედ თქვენი ხელშეწყობით გახდა პრეზიდენტი. რას ეტყოდით ამ ადამიანებს?

- თავდაპირველად, მე მართლაც შევუწყვე ხელი სააკაშვილის პოლიტიკურ კარიერას და ამის გამო რამდენჯერმე მოვუხადე ბოდიში ქართველ ხალხს, შემიძლია ახლაც იგივე გავიმეორო. რაც შეეხება პრეზიდენტობას, ქვეყნის პირველ პირად მე ყოველთვის ზურაბ ჟვანიას განვიხილავდი. ე.წ. ვარდების რევოლუციის შემდგომ პერიოდში მოვლენები ისე წარიმართა, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გახდა. სხვა­თა შორის, დარწმუნებული ვარ, ჟვანიას საქმე აუცილებლად გაიხსნება და ახლო მომავალში ბევრ რამეს ნათელი მოეფინება. მგონი, არ ღირს ჩემი დადანაშაულება იმაში, რომ 2003 წელს ხელისუფლება უსისხლოდ დავთმე, ეს ჩემ მიერ გადადგმულ ყველაზე ღირსეულ ნაბიჯად მიმაჩნია, რაც საერთაშორისო საზოგადოებრიობამაც არაერთხელ დაადასტურა. მთავარია, რომ პრეზიდენტის სკამის გამო ქართველი ხალხის სისხლი არ დავღვარე, დანარჩენს კი ისტორია განსჯის.

- რამდენიმე დღეში ახალი, 2013 წელი დადგება. როგორია თქვენი პროგნოზი, როგორ განვითარდება მოვლენები ჩვენს ქვეყანაში, ან რას უსურვებთ ქართველ ხალხს და თქვენს ახლობლებს მომავალი წლისათვის?

- კიდევ ერთხელ ვიტყვი: ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ წაიყვანს საქმეს ბიძინა ივანიშვილი. მთავარია, რომ ქვეყანაში სამართლიანობამ გაიმარჯვა და მომავალში ასეც იქნება - ყოველ შემთხვევაში, მე ასე მჯერა. ქართველ ხალხს კი იმავეს ვუსურვებ, რასაც საკუთარ ოჯახსა და ახლობლებს ვუსურვებდი - სულიერ სიმშვიდეს, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას!

ხათუნა ჩიგოგიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა