ბრიტანულმა საიტებმა შემზარავი ვიდეო გაავრცელეს - არწივი პარკიდან პატარა ბავშვის გატაცებას ცდილობს.
მონრეალის ერთ-ერთ დასასვენებელ პარკში ოჯახი ბავშვთან ერთად ისვენებდა, როდესაც მათი იდილია მოულოდნელად შემოჭრილმა მტაცებელმა ფრინველმა დაარღვია. არწივი დიდხანს ტრიალებდა პარკის თავზე, სწრაფად დაეშვა და ბალახზე მჯდომი ბიჭუნა გაიტაცა. არავინ იცის, ბიჭუნა ზედმეტად მძიმე იყო, თუ ფრინველი მამის განწირულმა ყვირილმა შეაშინა, მაგრამ ფაქტია, რომ არწივმა კლანჭებიდან ნადავლი მალევე მოისროლა.
არწივის მიერ ბავშვის გატაცების ფაქტები სხვადასხვა დროს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ხშირად მომხდარა.
ერთ-ერთი საზარელი შემთხვევა ბრიტანეთში მოხდა. 1904 წელს მოზრდილმა არწივმა 18 თვის გოგონა გაიტაცა, რომელიც კოტეჯის ეზოში თამაშობდა. კოტეჯი ჰაილენდის რკინიგზის სადგურიდან 1 კმ-ის დაშორებით მდებარეობდა. ბავშვის დასახიჩრებული სხეული რამდენიმე დღის შემდეგ კლდეზე, არწივების ბუდესთან იპოვეს.
აშშ-ში არწივის მიერ ბავშვის მოტაცების 30 შემთხვევა მოხდა. მაგალითად, არწივმა 2 წლის ბავშვის მოტაცება 2-ჯერ სცადა და მეორე ცდაზე მიზანს მიაღწია. მოზრდილი არწივი 10 წლის ბავშვის მოტაცებასაც ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ.
ერთი შემთხვევა ნორვეგიაშიც დაფიქსირდა. 3 წლის სვანჰილდ ჰარტვინგსენი არწივმა გაიტაცა. გოგონა გადარჩა და ღრმა სიბერეში გარდაიცვალა, თუმცა მას მთელი ცხოვრება სტანჯავდა ფრთოსნების შიში.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.