მალე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გენდერული თანასწორობის საკითხებში წარმომადგენელს დანიშნავს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო "ჰოლიდეი ინნში", ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე მიმდინარე შეხვედრაზე განაცხადა.
"არ დაგიმალავთ, პოლიტიკაში რომ მოვედი, პირველად ეს უცხო სიტყვა ვისწავლე - "გენდერული" და რამდენიმე დღე ვიმახსოვრებდი, აზრი ვიცოდი. ასეთივე უცხო ხილია ეს ჩვენი საზოგადოებისთვის დღეს. უფრო ადრე დაიწყეს ამაზე ფიქრი ჩვენზე განვითარებულმა ქვეყნებმა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩავდგეთ ამ ქვეყნების რიგში", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
ამასთან, სიტყვით გამოსვლისას ბიძინა ივანიშვილმა გენდერული თანასწორობის აღდგენის აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ადრე საქართველოს ქალი მართავდა და ამის კარგი გამოცდილება არსებობს.