ვინ და რატომ გაყიდა ონკოლოგიური საავადმყოფო

ვინ და რატომ გაყიდა ონკოლოგიური საავადმყოფო

როგორც ჩანს, ძველი ხელისუფლების პირობებში, ცნობილი ექიმებიც ვერ ბედავდნენ იმ საკითხებზე ხმის ამოღებას, რომლებიც აწუხებდათ და ახლა ალაპარაკდნენ. ონკოლოგიის ეროვნული ცენტრის წამყვანი ექიმები ცენტრის ხელმძღვანელს, რეზო გაგუასა და ყოფილ ხელისუფლებას უპირისპირდებიან. თანამშრომლები მთავარ პროკურატურას სთხოვენ, შეისწავლოს უცხოელ ინვესტორთან 2010 წელს დადებული ხელშეკრულების კანონიერება და საქართველოს პრეზიდენტსაც უყენებენ პრეტენზიას: მათი თქმით, სააკაშვილმა უცხოელ ინვესტორს ერთპიროვნულად და მიზერულ ფასად - 3 მლნ 10.000 დოლარად მიჰყიდა უზარმაზარი შენობა და ტერიტორია...

თენგიზ ჩარკვიანი, ონკოცენტრის გინეკოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი:

- 2010 წლის 19 ნოემბერს კანადურ კომპანია "პეგასუსფარმაცეპტიკალთან" პრივატიზაციის ხელშეკრულება დაიდო. ღვამიჩავას სახ. სააქციო საზოგადოება "ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის" შენობა-ნაგებობები და მთელი ტერიტორია პრეზიდენტმა პირდაპირი მიყიდვის წესით, უცხოურ ორგანიზაციას გადასცა; არავითარი აუქციონი არ ჩატარებულა. მფლობელი ეროვნებით ჩინელია, რომელიც კანადაში ცხოვრობს. დადებულ ხელშეკრულებაში წერია, რომ 5 წლის განმავლობაში სამედიცინო პროფილი არ შეეცვლება. აქედან ორი წელი უკვე გავიდა. სარემონტო სამუშაოების დასრულება 2013 წლის მაისამდე რომც მოხდეს, მხოლოდ ორი წელი დარჩება სამედიცინო პროფილისთვის, შემდეგ შეუძლიათ თქვან, - ახლა, თუ მინდა, სასტუმროს ან კაზინოს გავხსნიო. ჩვენს ინსტიტუტს 80 წელი უსრულდება, აქ უამრავი პროფესიონალი მუშაობს. ამ ხელშეკრულების თანახმად, ონკოლოგია ჰაერში რჩება. ცენტრი უკვე გაპარტახდა და გადავიდა კერძო მფლობელობაში, შეიქმნა შპს "ონკოლოგიის ცენტრი", რომლის ერთპიროვნული პატრონი, დირექტორი რეზო გაგუა გახდა, რის შესახებ ჩვენ არც ვიცოდით. ერთი თვეა, რაც გავარკვიეთ, რომ გაგუას ინტერესებია ამ ყველაფრის მიღმა. ინვესტორმა შენობის ერთი ფლიგელი მას სიმბოლურ ფასად - 1 ლარად მიაქირავა და მთელი განყოფილება იქ გადავედით. თურმე მთელი კოლექტივი გაგუას შპს-ში ვმუშაობთ. 400 თანამშრომელი გაგუამ სამსახურიდან მაშინვე გაუშვა, როცა უცხოელებს აქაურობა მიჰყიდეს. ახლაც ამბობს,

- ინვესტორი ითხოვს, 200 თანამშრომელი დატოვეო. მათ სახელს არის ამოფარებული. როცა ვკითხეთ, რატომ არ ჩაგვაყენა საქმის კურსში, გვიპასუხა, - მორალური უფლება მქონდა, რომ ჩემს სახელზე გამეფორმებინაო. 40 წელია, აქ ვმუშაობ და გული შემტკივა, რომ ამხელა ცენტრი დაინგრა. შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს, რომ მომატყუეს. ვითხოვთ, ეს ქონება სახელმწიფოს საკუთრებაში დაბრუნდეს და "ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრი" აღდგეს.

ექიმები პროკურატურას იმის გარკვევას სთხოვენ, ხომ არ მოხდა თავის დროზე თაღლითური გარიგება, რადგან გადახდილი თანხა საბაზრო ღირებულებასთან აშკარად შეუსაბამოა.

- ვფიქრობთ, უკანასკნელ წლებში გაკოტრების პროცესი შეგნებულად ხორციელდებოდა, რომ შემდეგ დაწესებულება იაფად გაყიდულიყო. ჩვენს მოსაზრებას ალბათ დაადასტურებს უკანასკნელი წლების აუდიტი და კონტროლის პალატის დასკვნები. სააქციო საზოგადოებას სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული ჰქონდა ფინანსური ჯარიმები. დღეს შპს "ონკოცენტრის" მფლობელი გაგუა ამბობს, რომ მისი ორგანიზაცია უკვე მომგებიანია, ხოლო ძველი წაგებაზე მუშაობდა. ორივე დაწესებულების მმართველი გუნდი იდენტურია, არც სამედიცინო პერსონალი შეცვლილა, როგორც "დოვლათის" შემქმნელი; სხვაობა ერთია - ექიმები ადრე სახელმწიფოს მიერ იყვნენ დაქირავებულნი, ხოლო ახლა - შპს-ს ერთპიროვნული დამფუძნებლის მიერ. ვითხოვთ, გაირკვეს "ონკოცენტრის" ყოფილი ხელმძღვანელის და დღევანდელი არენდატორის ურთიერთობა ე.წ. ინვესტორთან. დაწყებულია პროფესიონალური კადრების გადინებაც, ცენტრის სანიტარიული მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს; რაც ყველაზე მთავარია, ნადგურდება სამედიცინო ბაზისი, რომელიც ერთგვარ დარგობრივ უნივერსიტეტს წარმოადგენდა.

ალექსანდრე მინდაძე, მედიცინის დოქტორი:

- მცირე სამედიცინო დაწესებულებები ვერ უზრუნველყოფენ ონკოლოგიური პროფილის მაღალი დონის სამედიცინო მომსახურებას. მცირე მასშტაბის კლინიკას არა აქვს შესაძლებლობა, ჰქონდეს ძალიან ძვირად ღირებული სამედიცინო დანადგარები; სამედიცინო მზაობისთვის ასევე საჭიროა ერთგვარი საინფორმაციო ბანკი, რაც კვლევების უცილობელი წინა პირობაა. არაფერს ვამბობ იმ სამედიცინო სკოლაზე, რომელიც ასეთ ბაზაზე შეიძლება ჩამოყალიბდეს. ვითხოვთ, მკაფიოდ განისაზღვროს ონკოლოგიური ცენტრის მომავალი. ინვესტორი ინვესტიციას კი არ დებს, არამედ იუმჯობესებს შესყიდული ქონების ხარისხს. გაურკვეველია სამედიცინო ცენტრის, როგორც დარგის მომავალი, რომლის არსებობა ასეთი კომპაქტური, ფუნქციურად უნივერსალური შენობის გარეშე შეუძლებელია. გვაინტერესებს, ჩატარდა და თუ არა აუდიტორული შემოწმება. საეჭვო გულმოდგინებით არის შედგენილი ის მუხლები, რომლებიც პირგასამტეხლოს გადახდას ითვალისწინებს. ე.წ. ინვესტორის პატრონაჟის ქვეშ არსებული შენობა მთლიანად გაპარტახებულია.

ალექსანდრე მინდაძის თქმით, მედპერსონალის 80% რეზო გაგუას უპირისპირდება:

- გაგუა თანამშრომლებს ხმის ამოღების შემთხვევაში სამსახურიდან გაგდებით ემუქრება. თუმცა ჩვენ უკვე გვაქვს 200-ზე მეტი ადამიანის ხელმოწერა და ისინი ჩვენთან ერთად სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ. ხომ უნდა გვცოდნოდა თანამშრომლებს, რომ იყიდებოდა, - იქნებ ჩვენ ვყიდულობდით?!. სამართლის პოვნის იმედი გაგვიჩნდა, თუმცა მარტო ეს არ არის მიზეზი; შემთხვევით გავიგეთ ეს დეტალები 24 ოქტომბერს. გაგუას თავისი სახლის მისამართზე აქვს გაფორმებული შპს. შევთავაზეთ კოლექტიური მმართველობა, მაგრამ ამაზეც უარი მივიღეთ. ამბობს, - იმდენი მაქვს აქ გაკეთებული, მორალურად მე მეკუთვნისო... ყველაფერი მიზანმიმართულად დაიწყეს 2007 წელს. მაშინ აპირებდნენ, "ონკოცენტრი" "არამიანცის" ტერიტორიაზე გადაეტანათ - ეს ჭიპაშვილის იდეა იყო. ამაჩქარებელი, 3 მლნ-ის ღირებულების აპარატურა, რომელიც "ონკოცენტრისთვის" იყო განკუთვნილი და აქ ამისთვის ბუნკერიც კი მომზადდა, სხვა კლინიკას გადასცეს...

ბატონი რეზო გაგუა თანამშრომლების ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ პრივატიზაცია ყველა კანონის დაცვით მოხდა. მისი თქმით, ამ პრეტენზიებს მას მხოლოდ პატარა ჯგუფი უყენებს.

რეზო გაგუა, შპს "ონკოლოგიის ცენტრის" ხელმძღვანელი:

- იმ პერიოდში საქართველოში თითქმის ყველა სამკურნალო სადიაგნოსტიკო დაწესებულება საპრივატიზაციოდ გაიტანეს. ამ სიაში ჩვენი ცენტრიც მოხვდა. ეს გახლდათ ჯანდაცვის პოლიტიკა. ნებისმიერ თანამშრომელს და მოქალაქეს შეეძლო შესულიყო საიტზე და ენახა, რომ ეს ცენტრიც იყო ამ სიაში. რაც შეეხება კანადურ ორგანიზაციას - 2007 წლიდან აქვს ჩვენს ჯანდაცვის სამინისტროსთან ურთიერთობა. "ჯანდაცვამ" შეგვიკვეთა მათ მიერ წარმოებული პრეპარატების კლინიკური შესწავლა და მათ პრეპარატებს ვსწავლობდით, ამიტომ გვქონდა მათთან საქმიანი ურთიერთობა. როგორც ჩანს, ისინიც სწავლობდნენ აქაურ სიტუაციას, საბოლოოდ, ამ ცენტრით დაინტერესდნენ და გამოცხადებულ პრივატიზაციაში მიიღეს მონაწილეობა.

- თანამშრომლებს რატომ არ მიეცათ შესყიდვის უფლება, მით უმეტეს, რომ ძალზე დაბალ ფასად გაიყიდა ამხელა ტერიტორია?

- ეკონომიკის სამინისტრომ შემოგვთავაზა, თუ კოლექტივს ჰქონდა საშუალება, შეეძინა ეს ქონება. ეს ინფორმაცია აქ მოვიტანე, მაგრამ ამხელა დაწესებულების შეძენა მარტივი არ იყო და, რაც მთავარია, დაწესებულება კონკურენტუნარიანი უნდა გამხდარიყო. თანამედროვე აპარატურა მილიონობით დოლარი ღირს. იმის გამო, რომ ამას ჩვენი კოლექტივი ვერ გასწვდებოდა, საქმე წინ არ წავიდა. ტყუილია, რომ მათ ეს არ იცოდნენ.

- შპს-ს ჩამოყალიბებას რომ აპირებდით, თანამშრომლებს არ შეატყობინეთ? ამბობენ, რომ სიმართლე დაუმალეთ.

- შპს მას შემდეგ ჩამოყალიბდა, რაც ქონება გასხვისდა. უცხოელებმა იყიდეს, მათია ყველაფერი - აქ არსებული ინვენტარი, ტერიტორია, შენობები. კონტრაქტის ერთ-ერთი პირობა იყო, არ შეჩერებულიყო სადიაგნოსტიკო სამკურნალო საქმიანობა. ამისათვის ინვესტორს უნდა ჩამოეყალიბებინა ცენტრის ფილიალი. როგორც ჩანს, დროულად ვერ აყალიბებდნენ და რომ შესრულებულიყო კონტრაქტის პირობა, ინვესტორმა მთხოვა, გაგრძელებულიყო ცენტრის საქმიანობა და ამის მერე დავაფუძნე შპს "ონკოლოგიის ცენტრი". მას შემდეგ, რაც აქაურობა უცხოელმა ინვესტორმა იყიდა, მთელ კოლექტივს გაუქმებული ჰქონდა ხელშეკრულება. ახალმა შპს-მ ძველი თანამშრომლები შეინარჩუნა - სულ 450 ადამიანი. მერწმუნეთ, მათ განცხადებებს საფუძველი არა აქვს და ეს მხოლოდ ერთი ჯგუფია.

- ექიმებს ძალიან აღელვებთ, რა იქნება კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ. შიშობენ, რომ საავადმყოფო პროფილს შეიცვლის...

- მერე რა მოხდება, ეს ინვესტორის გადასაწყვეტია. მათთან წლებია, მაქვს ურთიერთობა და ვიცი მათი პოზიცია - ისინი პროფილის შეცვლას არ აპირებენ. ძირითადი მიმართულება ონკოლოგია იქნება; შეიძლება, კიდევ დაემატოს სამედიცინო მიმართულებები. თანამშრომლების შიში უსაფუძვლოა. პირიქით, აქ შემოვა უამრავი ახალი ტექნიკა, გაფართოვდება ჩვენი მუშაობის არეალი, ალბათ თანამშრომლების რაოდენობა კი არ შემცირდება, არამედ პირიქით - გაიზრდება. გარემონტებულ კორპუსში გადავალთ და იქ განვაგრძობთ მუშაობას. 20 მილიონის ინვესტიციას დებენ. ინვესტორის შემოსვლა მნიშვნელოვანია, ეს ქონება ხომ საქართველოს რჩება.

- კიდევ ერთი ბრალდება - ძველი ცენტრის მიზანმიმართული გაკოტრებაა. რატომ გქონდათ ადრე სახელმწიფოს მიმართ ამდენი დავალიანება და შპს მომგებიანი რის ხარჯზე გახდა?

- იმ დროს გაცილებით მეტ ფართობზე ვიყავით განთავსებული, ხუთჯერ მეტი იყო ტერიტორია; 700-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობდა, ახლა 450 მუშაობს. იმ დროს მომართვიანობა გაცილებით მეტი იყო, რადგან არ იყო პატარა ონკოლოგიური საავადმყოფოები. ასეთ დროს ყველანაირი ხარჯი მეტია. შპს-ში ეს ყველაფერი ოპტიმიზებულია და ბუნებრივია, უფრო რენტაბელურად მუშაობს.

- ამბობენ, რომ თანამშრომლებს დათხოვნით ემუქრებით; ამაზე რას იტყვით?

- არც ეს არის სიმართლე. ვერ მომიყვანთ ვერც ერთ თანამშრომელს, რომელიც ამას იტყვის. მსგავსი არაფერი მომხდარა, პირიქით - ზოგიერთები მოდიან ჩემთან და იმასაც მეუბნებიან, - ბატონო რეზო, შეცდომით მოგვაწერინეს ხელი და თქვენ გვერდით ვართო.

- რა ურთიერთობა გაქვთ პრეზიდენტის ოჯახთან? ამბობენ, მის ბებიასთან მეგობრობთ...

- არ ვიცი, უნდა ითქვას ეს თუ - არა: მე ექიმი ვარ უპირველეს ყოვლისა და, როგორც ექიმს, ურთიერთობა მქონდა იმ ოჯახთან და ასევე ახალი ხელისუფლების წარჩინებულ წარმომადგენელთანაც; აქ დავსვამ წერტილს. პრეზიდენტს ვიცნობ, ნორმალური ურთიერთობა მქონდა.

- როგორ ფიქრობთ - 3 მლნ-ის ღირებულების აპარატურა, რომელიც თქვენთვის იყო განკუთვნილი, სახელმწიფომ სხვას რატომ მისცა?

- როგორც ვიცი, ბიუჯეტი არ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ ეს აპარატურა მოვლილი ყოფილიყო და წარმოებაში შესულიყო იმ ტემპებში, როგორც ის სხვა დაწესებულებაში აეწყო, ამიტომაც გადაწყვიტეს ასე. არსებული პროგრამები ყოველთვის პრობლემური იყო: ონკოლოგია უნდა იყოს ერთ-ერთი პრიორიტეტი ქვეყანაში და იმ დონეზე ფინანსდებოდეს, რომ შესაძლებელი იყოს ქირურგიული მკურნალობის, ქიმიოთერაპიის, სხივური თერაპიის ჩატარება. ერთ ავადმყოფს ერთი მეთოდით არ მკურნალობენ ონკოლოგიაში, მინიმუმ 3 მეთოდი უნდა და ეს ძალიან ძვირად ღირებული ფუფუნებაა. კარგია, რომ ახალი მთავრობის პირობებში მოქალაქეების საყოველთაო დაზღვევა იქნება, ეს ბევრ ადამიანს გადაუჭრის პრობლემას.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"