ჟურნალისტი ია ანთაძე "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე კოლეგა ვახტანგ კომახიძის მოსაზრებას აქვეყნებს იმის შესახებ, თუ რატომ ფრთხილობს იუსტიციის სამინისტრო და პროკურატურა "რთულ" საქმეებთან დაკავშირებით.
"იუსტიციის სამინისტროს სისხლის სამართლის პოლიტიკა არის პრაგმატული. არის თუ არა იგი სამართლებრივად სწორი - ეს შეიძლება უმთავრესი, მაგრამ მაინც ცალკე საკითხია. დღევანდელი პროკურატურა, რომელიც არ ცდილობს (და მცდელობის შემთხვევაშიც მხოლოდ უარყოფით შედეგს მიიღებდა) სასამართლოს დაქვემდებარებას, აშკარად ამუხრუჭებს ყოფილი საკვანძო პოლიტიკური ფიგურების მისამართით ძირითადი ბრალდებების სასამართლოში წარმართვის პროცესს, რაც ამ სასამართლოს პირობებში ყველა ასეთი საქმეების პერსპექტივას რისკის ქვეშ დააყენებდა.
დღევანდელ სასამართლოს შეუძლია უპრეცედენტო გამამართლებელი განაჩენებით ერთი მხრივ, "სამართლიანობის აღდგენის" განზრახვა გაანადგუროს და მეორე მხრივ, სამუდამოდ გადაარჩინოს პოლიტიკური თანამზრახველების ელიტა, რადგან გამამართლებელი განაჩენების რევიზია, ფაქტობრივად, დაუძლეველ საკითხად გადაიქცევა. თუ პროცესი პოლიტიკური სპეცტექნოლოგიების გარეშე წარიმართება და "ქართული ოცნება" გახდება ავტორიტეტული საერთაშორისო მოთამაშეების პარტნიორი, ეს აუცილებლად დადებითად იმოქმედებს ქართული სასამართლოს დეპოლიზაციის კურსის ფორმირებაზე და იუსტიციის სამინისტროს გაუხსნის "სამართლიანობის აღდგენის" სრულფასოვან სამართლებრივ პერსპექტივას (ამიტომაა მნიშვნელოვანი სააკაშვილისთვის საერთაშორისო ურთიერთობებზე კონტროლის შენარჩუნება და არა იმიტომ, რომ საპყრობილედან რომელიმე თანამებრძოლის გამოხსნის საკითხი აღელვებს.). ცხადია, სამართლებრივი თვალსაზრისით, იუსტიციის სამინისტროს არ აქვს უფლება პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიხედვით იმოქმედოს და იგი ვალდებულია უკვე არსებულ დანაშაულებრივ ფაქტებზე ეფექტური გამოძიება განახორციელოს და ამ ფაქტებით მიმართოს სასამართლოს. დეკლარირებული რიტორიკის მიუხედავად, სწორედ ამას ესწრაფვის ყოფილი მმართველი პოლიტიკური გუნდი, რადგან "მფარველი" სასამართლოს სიცოცხლისუნარიანობა დროში შეზღუდული შეიძლება აღმოჩნდეს. იუსტიციის სამინისტროს ამ საცდურზე წამოგების შემთხვევაში კი ოდიოზურმა შედეგებმა შეიძლება"ქართული ოცნების" ელექტორალური აქტივები შეიწიროს. ეს ალბათობა "ქართული ოცნების" სიფრთხილის აშკარა საფუძველია. და კიდევ ერთი, იუსტიციის სამინისტროს აქვს პრივილეგია, ამ მოსაზრებას უსაფუძვლო უწოდოს და განაცხადოს, რომ იგი სამართლებრივ ჩარჩოებს არ არღვევს პოლიტიკური მიზანშეწონილობებით. სხვაგვარად წარმოუდგენელიც იქნებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ იგი სისხლის სამართლებრივი ფრონტის ხაზის ყველაზე მგრძნობიარე ადგილებზე მხოლოდ დაძაბული სიმშვიდეა", - წერია ანთაძის პირად გვერდზე.
ანთაძის პოსტს ინტერნეტ-მომხმარებლები გამოეხმაურნენ:
"აბსოლიტურად ზუსტი და სწორი ანალიზია. კარგია თუ ხალხი სწორად გაიგებს ხელისუფლების ამ სისხლის სამართლის პრაგმატულ პოლიტიკას, რადგან ეს ალბათ ერთადერთი და ყველაზე სწორი გზაა დღევანდელ ვითარებაში"
"ქ-ნო ია, მსგავსი პოლიტიკური თემების გაგება საკმაოდ რთულია და არც არის დიდმნიშვნელოვნად ხალხისთვის საინტერესო. მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე ჩემი აზრი, რა თქმა უნდა, გამაჩნია კომენტარისთვის მაინც არ შევიწუხებ თავს! მე მეგონა, ჟურნალისტები ძალიან ბევრს ისაუბრებდით სოციალურ პრობლემებზე, იმაზე, რამდენ რამეს დაგვპირდა ახალი მთავრობა და 2 თვეში უკვე დაავიწყდა. იქნებ, ამ თემეზე აგეტეხათ აჟიოტაჟი და დამაჯერებელი დასაბუთება მოგვესმინა ვინმე გაბედული კომპეტენტური პირისგან, თუ რატომ ვერასდროს ვერ შესრულდება დაპირებული "ელდორადო"!"
"ნანა, თუ ბიზნესი გათავისუფლდება შიშისგან და წნეხისგან და თუ სასამართლო გათავისუფლდება პოლიტიკური გავლენისგან, ეს აუცილებლად მოიტანს წინსვლას. ოღონდ, ორი თვე საკმარისი არ არის, რომ ეს წინსვლა ვიგრძნოთ ან დავინახოთ", - პასუხობს ია ანთაძე.