ანდერს ფოგ რასმუსენი - საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოსთვის მორიგი ტესტი იქნება

ანდერს ფოგ რასმუსენი - საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოსთვის მორიგი ტესტი იქნება

ნატო-ს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოსთვის მორიგი მნიშვნელოვანი ტესტი იქნება.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ბრიუსელიდან იუწყება, ამის შესახებ რასმუსენმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე განაცხადა.

"ოქტომბერში, საქართველომ ჩააბარა მნიშვნელოვანი გამოცდა. მან მოახერხა ჩაეტარებინა თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები. შემდეგი წლის საპრეზიდენტო არჩევნები კი საქართველოსთვის მორიგი მნიშვნელოვანი ტესტი იქნება", - განაცხადა რასმუსენმა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ყველა პოლიტიკურ ძალას ერთად მუშაობისკენ მოუწოდა, "რათა აღებული სიჩქარე შეინარჩუნონ".

"ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პარტიას ერთად იმუშაონ, რათა აღებული სიჩქარე შეინარჩუნონ, კოჰაბიტაცია მოქმედი გამოდგეს, შეძლონ საჭირო რეფორმების გატარება და მიაღწიონ დემოკრატიის უმაღლეს სტანდარტებს, მათ შორის კანონის უზენაესობისადმი და კონსტიტუციისადმი სრულ პატივისცემას. ეს ყველაფერი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის და საქართველოს მომავლისთვის, როგორც სტაბილური, დემოკრატიული ქვეყნისა ჩვენს ევროატლანტიკურ თანამეგობრობაში, იქ, სადაც მისი ადგილია", - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

რასმუსენის თქმით, საქართველო ნატო-სთვის მნიშვნელოვანი და ჩართულობისადმი მოტივირებული პარტნიორია და ალიანსი ერთგული რჩება მასთან ახლო ურთიერთობების.

"სულ ახლახან საქართველომ გააორმაგა ავღანეთში ნატო-ს მისიაში შეტანილი საკუთარი წვლილი, რაც მას ხდის ერთ -ერთ მნიშვნელოვან პარტნიორად ISAF-ის მისიაში მონაწილე ქვეყნებს შორის. გარდა ამისა, ის მონაწილეობს პოსტ-ISAF-ის სამრჩევლო და დახმარების მისიის დაგეგმარებაში, რომელიც 2014 წლიდან დაიწყება. ყოველივე ეს ცხადყოფს საქართველოს ძლიერ ჩართულობას ნატო-ში, რასაც ჩვენ განსაკუთრებით ვაფასებთ. ნატო, თავის მხრივ, ერთგულია საქართველოსთან ახლო ურთიერთობების. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ისევე როგორც მის ევროატლანტიკურ მომავალს", - აღნიშნა რასმუსენმა.

ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა