დავით ჯალაღანია - პალესტინასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ზედაპირულად არ ყოფილა მიღებული

დავით ჯალაღანია - პალესტინასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ზედაპირულად არ ყოფილა მიღებული

პალესტინის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ ყოფილა ზედაპირულად მიღებული და ქართული მხარე აწარმოებდა ინტენსიურ კონსულტაციებს ყველა მხარესთან, როგორც აშშ-სთან, ასევე ევროპასთან, ისრაელთან, მათ შორის საქართველოში ისრაელის ელჩთან. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ განაცხადა.

მისი განმარტებით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან საუკუნოვანი კავშირი, მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა, თანაარსებობა და სახელმწიფოებრივი კავშირი არაბულ ქვეყნებთან და ისრაელთან.

"ჩვენ მათ მეგობრობის თვალით ვუყურებთ და ნებისმიერი ძალადობრივი ფაქტი და ნგრევა იწვევს ჩვენს გულისტკივილს. ამ რეგიონში სტაბილურობის მდგრადი სიმშვიდის მიღწევა მოლაპარაკების გზით მიგვაჩნია ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესის ერთ-ერთ პრიორიტეტად. შესაბამისად აღნიშნული რეზოლუცია საქართველოს მიერ ამ ჭრილში განიხილებოდა", - განაცხადა დავით ჯალაღანიამ.

მინისტრის მოადგილის თქმით, თავისთავად არ იყო იოლი ამ გადაწყვეტილების მიღება, თუმცა საქართველო ხელმძღვანელობდა მისი განსკუთრებული დამოკიდებულებით ამ რეგიონის მიმართ. ამასთან, როგორც დავით ჯალაღანიამ აღნიშნა საქართველოს ურყევი პოზიციაა მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით ამ კონფლიქტის მოგვარება და საქართველო ცდილობს, იყოს თანმიმდევრული თავის საგარეო პოლიტიკაში.

"ჩვენ გავაგრძელეთ ეს პოზიცია, რომელიც წლების განმავლობაში სტაბილურად გვქონდა აღიარებული", - განაცხადა დავით ჯალაღანიამ.

მისივე თქმით, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 1992 წელს საქართველოს პალესტინა ჰყავს აღიარებული. გარდა ამისა, ქართული მხარე რეგულარულად უერთდებოდა გაერო-ში წარმოდგენილ რეზოლუციებს, რომელიც ეხებოდა ჰუმანიტარულ საკითხებს და ყოველთვის გმობდა ძალადობას და ტერორს.

რაც შეეხება რეზოლუციას, ჯალაღანიას თქმით, ყოველგვარი სპეკულაციის თავიდან აცილების მიზნით, ქართულმა მხარემ გააკეთა დათქმა ხმის მიცემისთანავე, რომელშიც განისაზღვრა მისი დამოკიდებულება და ხედვა რეზოლუციის ტექსტის მიმართ. კერძოდ საუბარია იმაზე, რომ საქართველო არ განიხილავს ამ სტატუსს, როგორც პალესტინისთვის გაერო-ს მუდმივი წევრის სტატუსს.

რაც შეეხება კითხვას, რეზოლუციაზე თანხმობის შედეგად ხომ არ იქნება მოსალოდნელი ისრაელთან ურთიერთობის დაძაბვა, დავით ჯალაღანიამ განაცხადა, რომ ეს ნეგატიურ ზეგავლენას არ მოახდენს ორმხრივ ურთიერთობებზე და ამ დრომდე ისრაელის მხრიდან ამ გადაწყვეტილებას პროტესტი არ მოჰყოლია.

როგორც დავით ჯალაღანიამ აღნიშნა, რეზოლუციაზე თანხმობა შეთანხმებული იყო ხელისუფლებასთან, ხოლო გადაწყვეტილება საგარეო საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციით იქნა მიღებული, და არ აქვს მნიშვნელობა, პიროვნულად ვინ იყო გაერო-ში იმ მომენტში და ვინ ასწია ხელი პალესტინას გაერო-ში სტატუსი მუდმივი დამკვირვებლიდან დამკვირვებელ სახელმწიფომდე გაეზარდა, რომელიც გაერო-ს წევრი არ არის. პალესტინის სტატუსის გაზრდას მხარი დაუჭირა 138-მა ქვეყანამ, მათ შორის - საქართველომ. თავი შეიკავა 41-მა სახელმწიფომ, ხოლო 9-მ ხმა წინააღმდეგ მისცა. სტატუსის მინიჭებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ისრაელი და აშშ.

სტატუსის გაზრდა პალესტინელებს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობის უფლებას აძლევს, ასევე ზრდის მათი მონაწილეობის დამაჯერებლობას გაერო-ს სხვადასხვა სააგენტოებში და საერთაშორისო სასამართლოში, თუმცა ეს ავტომატურად არ ხდება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა