რა თანხა დაიხარჯება ბიუჯეტიდან თავდაცვაზე?

რა თანხა დაიხარჯება ბიუჯეტიდან თავდაცვაზე?

"ეს ჯარი მოუვლის როგორც შიდა, ისე გარეშე მტერს", - ასე აფასებდა ქართული ჯარის მთავარ ამოცანას თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე გივი თარგამაძე. რა გამოწვევების წინაშე დგას დღევანდელი ქართული ჯარი? 2013 წლის ბიუჯეტში რა თანხაა გამოყოფილი თავდაცვის სფეროსთვის, რამდენს ხარჯავენ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისათვის ჩვენი მეზობელი ქვეყნები? - ამ საკითხზე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი სესიაშვილს მივმართეთ:

- 2013 წლის ბიუჯეტის პროექტი პარლამენტმა კიდევ უნდა განიხილოს, მაგრამ, არა მგონია, მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდეს. 2013 წელს თავდაცვის სფეროს ხარჯები, ბიუჯეტის ამ კანონპროექტით, 690 მლნ ლარია (დაახლოებით 415 მლნ დოლარი); 2012 წელთან შედარებით, როცა 676 მლნ ლარი იყო, მცირედი ცვლილება განიცადა.

- თქვენი აზრით, თუ არის ეს საკმარისი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად?

- იმ საფრთხეებისა და რისკების გათვალისწინებით, რომლის წინაშეც დღეს საქართველო დგას, ქვეყნის მთელი ბიუჯეტი თავდაცვისთვის რომ იყოს გათვალისწინებული, ისიც არ იქნებოდა საკმარისი... ჩვენ თავდაცვის სფეროს განვითარებას ვუყურებთ როგორც პროცესს, რომლის მიზანი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის თანდათანობითი ზრდა, მართვის, ურთიერთკოორდინირების მექანიზმების დახვეწაა. ამ თვალსაზრისით, გამოყოფილი თანხა, შესაძლოა, საკმარისი არ იყოს, მაგრამ ის ხელს შეუწყობს მთავარი ამოცანის შესრულებას, ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი ამოცანა თავდაცვის სფეროში რეფორმების სწორი დაგეგმვა და განხორციელებაა. მომავალი წლის ბიუჯეტში ცვლილებები კოალიცია "ქართული ოცნების" საარჩევნო დაპირებების გათვალისწინებით შევიდა.

- რით აიხსნება, რომ ჩვენი მეზობელი ქვეყნების - აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო ბიუჯეტები ჩვენსაზე დიდია?

- აზერბაიჯანი ბუნებრივი რესურსებით უმდიდრესი ქვეყანაა, მისი მთლიანი ბიუჯეტიც გაცილებით აღემატება საქართველოს ბიუჯეტს. სომხეთი კი, გასაგები მიზეზების გამო, იძულებულია, აზერბაიჯანთან გამალებულ რბოლაში ჩაერთოს. რა თქმა უნდა, სომხეთს არა აქვს ის შესაძლებლობა, რაც აზერბაიჯანს, თუმცა ცდილობს, არ ჩამორჩეს - და ამიტომ სამხედრო სფეროსთვის მაქსიმალურ თანხას გამოყოფენ - 2013 წელს ის 451 მლნ დოლარს შეადგენს.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა