პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი კომიტეტის სხდომების ჩაშლას მიზანმიმართულად ცდილობს.
ამის შესახებ ბესელიამ მას შემდეგ განაცხადა, რაც სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატს პროცედურების დაცვა არაერთხელ მოსთხოვა.
"ქალბატონო ეკა, ნუ ღელავთ, სჯობს ისე ისაუბროთ. იაფფასიან სტანდარტზე კომიტეტის მუშაობა ნუ გადაგყავთ", - მიმართა თაქთაქიშვილმა ბესელიას.
"როცა თქვენ საუბრობთ, საერთოდ არ ვღელავ, უფრო მეტად მეღიმება. იმის გამოსწორებას ვცდილობთ, რასაც თქვენ ცხრა წლის განმავლობაში აფუჭებდით. რეგლამენტი უნდა წაიკითხოთ და თუ კითხულობთ, მაშინ დაიცავით. საზოგადოებაზე, როცა საუბრობთ, ის გაიხსენეთ, რომ საზოგადოებამ თქვენ ადგილი მიგიჩინათ. მიჩვეული ხართ თვითნებობას, მაგრამ ქალბატონო ჩიორა, ნუ ხულიგნობთ. მანდატურს დავუძახოთ, რომ გაჩუმდეთ? ქალბატონო ჩიორა, პაუზა გააკეთეთ, ამ სახელის ხსენება გსიამოვნებთ?".
კამათში უმცირესობის წევრი თინათინ ბოკუჩავაც ჩაერთო, რომელმაც ბესელიას მოუწოდა, შეურაცხმყოფელ განცხადებებს ნუ გააკეთებს.
თავის მხრივ, ბესელიამ საზოგადოებას გამართული კამათის გამო ბოდიში მოუხადა.
"ამ უმსგავსობის გამო საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი", - დასძინა მან.