კორპორაცია Microsoft-მა სათვალე შექმნა, რომელიც მომხმარებელს გარე სამყაროზე დამატებით ინფორმაციას აწვდის. სათვალე განსაკუთრებით გამოადგებათ სპორტული ღონისძიებებისა და კონცერტების მოყვარულებს: მოწყობილობის მეშვეობით ისინი ცოცხალი დასწრებისა და ტრანსლაციის ელემენტების შეთავსებას შეძლებენ. ექსპერტთა ვარაუდით, ახლოვდება სმარტფონების დასასრულის ერა და კომპიუტერი ხელის გულიდან სახეზე ინაცვლებს.
კორპორაციის შექმნილი სათვალე გარემოს შესახებ ინფორმაციას რეალური დროის შესაბამისად აახლებს. Microsoft-მა სიახლის დარეგისტრირებასთან დაკავშირებით უკვე შეიტანა განაცხადი აშშ-ის პატენტებისა და სავაჭრო ნიშნების უწყებაში (US Patent and Trademark Office).
"მომხმარებელი თავზე იკეთებს ნახევრად გამჭვირვალე დისპლეის, რომელიც ერთდროულად გარემოს დანახვისა და მის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღების საშუალებას იძლევა", - აღნიშნულია კორპორაციის განაცხადში.
მომხმარებლის მხედველობის არეში მოხვედრილი ადამიანებისა და საგნების შესახებ ცნობები ერთ-ერთ ან ორივე ლინზაზე გამოისახება. სათვალის გამოყენება ძირითადად ღამით იქნება შესაძლებელი.
თუ ადამიანი უყურებს, მაგალითად ფეხბურთს, სათვალე მომხმარებელს თითოეულ ფეხბურთელზე და მის სტატისტიკაზე მიაწვდის ინფორმაციას. ანუ სტადიონზე თამაშის ყურებას ტელეტრანსლაციისთვის დამახასიათებელი ელემენტები დაემატება.
სათვალეში ჩამონტაჟებულია ასევე მიკროფონი და ფრონტალური კამერა მოვლენის ფოტო და ვიდეო-გადაღებისთვის. მოწყობილობა აღჭურვილია საუკეთესო დინამიკებით, ინერტული სენსორითა და ტემპერატურის სენსორებით.
მოქმედების ადგილის შესახებ ინფორმაცია GPS-მონაცემების ან სოციალურ ქსელში მომხმარებლის ადგილსამყოფელის ნიშნულის მიხედვით განისაზღვრება. სათვალე იმუშავებს დამოუკიდებლად, ან დამატებითი პორტატული მოწყობილობით ინტერნეტისთვის, რომელიც მაჯაზე კეთდება ან ჯიბეში განთავსდება.
თუ Microsoft-ი ნამდვილად დააპატენტებს ასეთ გაჯეტს, კორპორაცია მობილური მოწყობილობების ისეთი მწარმოებლების გვერდით დადგება, როგორებიც არიან Vuzix, Oakley, Sony, Apple და Google. სმარტფონის ფუნქციებით აღჭურვილი სათვალის საკუთარი პროტოტიპი Google-მა 2012 წლის ივნისში წარადგინა.
მომზადებულია Slash Gear-ის მიხედვით.