"გერგები პაპად,
პაპის პაპად გერგები, ალბათ,
ვარ ღამეში და
ასე წელი გაირბენს სწრაფად;
...არათუ ხორცი,
ძვალიც ჩემი როცა დამიწდეს,
კავკასიონის
მწვერვალები როცა ავერცხლდეს,
"თენდება, პაპავ!" -
ჩამომძახო, არ დაგავიწყდეს!"
მურმან ლებანიძე. "ეპიტაფია"
2012 წლის 14 ნოემბერს მურმან ლებანიძეს - ქართველების უსაყვარლეს პოეტს, მთარგმნელსა და ესეისტს დაბადებიდან 90 წელიწადი შეუსრულდებოდა. "იგი დაუცლელ ქვევრს გვაგონებს, საიდანაც ჭაშნიკის აღებისთანავე, ვინ იცის, კიდევ რამდენი კაცი შეზარხოშდება და აღინთება", - წერდა პოეტზე მწერალი და მთარგმნელი ელგუჯა მაღრაძე.
მის პოეზიას მართლაც ბევრი შეუზარხოშებია და აუნთია, ბევრსაც აანთებს, მის პროზას კი, სამწუხაროდ, ის "ბევრი" ნაკლებად იცნობს.
"პალიტრა მედიის" წიგნების სერია - "ჩემი რჩეული" პოეტის იუბილეს მისი შემოქმედების ორტომეულით ეხმიანება და ჟურნალ "გზის" დღევანდელ ნომერთან ერთად მურმან ლებანიძის მეორე ტომს - პოეზიასთან ერთად პროზასაც გთავაზობთ.
"მე
ხელი მაქვს საოცარი:
ჩემი დაკლული ქათამი, სულ ცოტა, საათ-ნახევარს ფხარკალებს,
გოჭი - ოცდაოთხ საათს ცოცხლობს,
ღორი - საერთოდ არ კვდება...
შარშან ერთმა გამურულმა ბურვაკმა მთელი პატარა ცემი მომარბენინა, დანა ძეძვებში დამიმალა და თავი ახალი დანით დამაკვლევინა...
დედაჩემი მეუბნება დღეს (ჩაცუცქულს ხელში ტაშტი უჭირავს, მესამე სიგარეტს მიკიდებს - მე ვერ მოვუკიდებ, დაკლული ქათამი ოთხივე კიდურით მყავს გაქაჩული...):
- ფრონტზე თუ კაცი გყავს მოკლული, ჯერ მკვდარი არ იქნებაო.
ფრონტზე მე... ოცი წლის წინათ ვიყავი".
ასეთი ყოფილა თურმე...
მწერალი ვახტან ჯავახაძე მისი გარდაცვალების შემდეგ წერდა: "მურმანმა ცხოვრების უმძიმესი გზა განვლო. ომის დროს მარუხის უღელტეხილზე მძიმედ დაიჭრა და მას შემდეგ ხუთი ურთულესი ოპერაცია დასჭირდა. შეიძლება ითქვას, სიკვდილთან "გაშინაურებული" იყო. მიუხედავად ასეთი მძიმე გზისა, მურმანი მაინც ძლიერად უძლებდა ცხოვრების სირთულეს და ეს, არც მეტი, არც ნაკლები, ქალბატონ ლენა ჭავჭავაძის დამსახურებაა. იგი არც ერთი წუთით არ ტოვებდა მურმანს გაჭირვების წუთებში. არასდროს მოშორებია გვერდიდან მოსკოვის ჰოსპიტლებში. უნაზესი სიყვარულით, ერთგულებითა და თანადგომით გადაატანინა მურმანს ყველანაირი გაჭირვება. მურმანიც ისეთივე სიყვარულით პასუხობდა მეუღლეს. მან მთელ საქართველოს ასწავლა ყველასათვის საყვარელი სიმღერა "გაზაფხული შემოსულა, ლენ"...
მურმანმა გულწრფელი სიყვარული იცოდა. ამავე დროს იყო საოცრად აზარტულიც. რაც უყვარდა, ბოლომდე უყვარდა, რაც სძულდა, ბოლომდე სძულდა...
საოცრად უბრალოდ ცხოვრობდა. არასდროს საკუთარ კომფორტზე არ უზრუნია. 80 წლის მურმან ლებანიძე ისეთ სახლში ცხოვრობდა მეხუთე სართულზე, სადაც ლიფტიც კი არ იყო".
ასეთი ყოფილა ბატონი მურმანი...
"რთული პიროვნება გახლავთ, ღრმა წინააღმდეგობებით და სატკივრებით აღსავსეო, - წერდა მასზე ელგუჯა მაღრაძე, რომელსაც თავად მურმან ლებანიძე "ძმას" ეძახდა თურმე. მის პოეზიას კი ბატონი ელგუჯა "ნათლისმოსილს" უწოდებდა, "ალაგ-ალაგ იდუმალებით შებურვილს, შეუცნობლისა და გაუშიფრავის" ბეჭედდასმულს. "კი, სიტყვა ნათელი და გამჭვირვალე მოსდგამს, მაგრამ ხშირად ხვაშიადს ქვეტექსტით გვიმხელს. როცა საქვეყნოს ეხება საქმე, მურმან ლებანიძისთვის არც ცის ტატნობზე ლაღად აჭრილი არწივის შემართებაა უცხო და არც გულდაკოდილი, ვარდისადმი უიმედოდ შენამსჭვალები იადონის სევდიანი ყეფა... მორჭმულ მეფეთა დარად მან საკუთარი მონეტის მოჭრაც მოასწრო, რასაც მიუკერძოებლად მოაზროვნე მკითხველი კარგად ხედავს და მადლიერი შთამომავალი დიახაც დაუმადლის..."
(ელგუჯა მაღრაძე)
"შეგეშალა, ჩემო გიორგი!
ჩემი ფიქრია, მე, ბებერ მგელს - აკელას მეძახდა, - გასაგებია, რომ "მაუგლის" მიხედვით. ჩემი მორიგი სიკვდილის წინ (სიკვდილი არც ამჯერად შედგა!) თბილისიდან წერილი მომწერა დიდ ქალაქში, რომლიდანაც გამორიცხული არ იყო, თუთიის დახუფული ყუთით ჩამოსატანი გავმხდარიყავი სამშობლოში.
"ჩემო საყვარელო აკელა! - მწერდა ფიქრია, - შერხანი ჯერაც დააბოტებს ჯუნგლებში... ასე რომ კიდევ ბევრი ბრძოლა გაქვს მოსაგები!..
ახლა ძალიან გვიანია... მალე გათენდება... ზაზას სძინავს, ბებიასაც... ჩვენ კარგად ვიქნებით, თუ...
გიკოცნი ლბილ და თბილ ხელებს და... ფერფლისფერ თმებს...
გკოცნი,
გეხვევი,
გეფერები.
აბა, შენ იცი! იცოდე, ძალიან გვჭირდები!
მაუგლი. 9-10 სექტემბერი, 83".
ცამეტ და თოთხმეტ სექტემბერს მე აკადემიკოსმა პოკროვსკიმ ორჯერ გამჭრა და, ორი კვირის თავზე, როცა წერილის წაკითხვა შევძელი, სულით ხორცამდე შეძრულს, გიორგი ლეონიძე გამახსენდა:
სიკვდილის წინა დღეს, წყნეთის აგარაკზე, ნესტანს ლოგინში საუზმე რომ მიურთმევია, ქალიშვილის თვალზე გოგლას ცრემლი შეუმჩნევია, გულმოსული უცბად კედლისკენ გადაბრუნებულა და "ყველა თავის თავს უკვდებაო!" - ეს სიტყვები მიუხლია...
მე ხელახლა წავიკითხე ფიქრიას წერილი, შემებრალა უსამართლოდ დასჯილი ნესტანი და ცრემლი მომერია...
შეგეშალა, ლომო, და შეგეშალა, ჩემო ვეფხვო! შეგეშალა, ჩემო გიორგი! ყველა თავის თავს უკვდებაო, შენ ამბობ?! ეგ რა თქვი, შე კაი კაცო?! ეგ რამ გათქმევინა შენი ქვეყნისა და შენი ხალხის პატრონს?!
სიკვდილით შემდრკალს თუ დაგცდა სოფლისა და კაცის სამდურავი! უფრო კი - ყელსზევით ნათქვამსა ჰგავს ეგ შენი უსამართლო სამართალი!
ყველა თავის თავს უკვდებაო! სულ ცოტა, ფიქრიასა და ნესტანს ხომ ვუკვდებით, ცოლ-შვილსა და თვისტომს ხომ ვუკვდებით და იქნებ იმასაც, რასაც მთელი ცხოვრება ძილშიც ვაბოდებდით და რასაც საქართველო ჰქვია სახელად?!
1984".
მურმან ლებანიძის ფიზიკური "სიკვდილი არც ამჯერად შედგა!" ცხოვრებამ სამწუხაროდ, უფრო დიდი სიკვდილი მოუმზადა - ქალიშვილი ფიქრია მოუკვდა ბატონ მურმანს და ამან გაანადგურა კიდეც.
ვახტანგ ჯავახაძე: "როგორც ჩანს, ციხე შიგნიდან გატყდა. მურმანს სიკვდილი ვერ მოერეოდა, მაგრამ ვერ შეეჩვია ფიქრიას გარეშე ცხოვრებას. თუმცა კი დაწერა ლექსი "ვეჩვევი უშენობას": "თავი ვერ მოვიკალი, ვთამაშობ პოკერს./ ვიგონებ საქმეებს და ვეჩვევი უშენობას..."
საქმეებს იმისთვის იგონებდა, რომ საშინელი, გაუსაძლისი ტკივილები გაემარტივებინა. მან რუსთაველის პროსპექტზე, კავშირების სახლის კედლების ნანგრევებიდან ააღორძინა და დააფუძნა რუსთაველის საზოგადოება, თუმცა საკუთარ ტკივილებს მაინც ვერაფერი მოუხერხა".
მურმან ლებანიძე 2002 წლის 17 აგვისტოს გარდაიცვალა. იმხანად, პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი წერდა: "მისი სული მის დიდ პოეზიაშია, მისი პოეზია კი, ხალხის სულშია. საქართველო სუნთქავს მისი პოეზიით, ეს - მიწიერი საქართველო, ზეციური საქართველო კი დღეიდან მისი მუზაა, მისი სამყარო..."
"...დარჩება
საქართველოს
ლექსები -
ოციოდე,
ათიოდ გირვანქა - ძვლები
გალოკილი.
აქ - ოთხი კედელი, იქ -
ოთხი ფიცარი!
ვიყავი!
მივდივარ!
მშვიდობით!
გიცანი!"
მ. ლებანიძე
ირმა ხარშილაძე
(გამოდის ხუთშაბათობით)