ლონდონში მცხოვრები ქართველი გოგონა ქართველ მხატვრებს ეხმარება

ლონდონში მცხოვრები ქართველი გოგონა ქართველ მხატვრებს ეხმარება

მუსიკოსმა ლადო ბურდულმა ლონდონში მცხოვრები ნათია აბრამიძე გამაცნო. პროფესიით ჟურნალისტი ნათია წლების წინ ინგლისური ენის შესასწავლად ლონდონში გაემგზავრა. იქ გათხოვდა და ქმრის გვარზე გადავიდა. დღეს ნათია კელის 9 წლის ვაჟი და საყვარელი საქმე აქვს. აუქციონებში მუშაობის 12-წლიანმა გამოცდილებამ იმდენი ქნა, რომ დღეს საკუთარი გალერეის მფლობელია და ქართველ მხატვრებს დიდ ბაზარზე გასვლაში ეხმარება.

- ნათია, კარგ საქმეს აკეთებ ლონდონში ქართველი მხატვრებისთვის, როგორ ჩაები ამ სფეროში?

- თავიდან მუშაობა დავიწყე აუქციონზე "ბიდელ ენდ ვები". ვთანამშრომლობდი "კრისტის" აუქციონთანაც. არაერთი მუსიკოსი და მხატვარი მეგობარი მყავს საქართველოში. მინდოდა, რაღაც გამეკეთებინა მათთვის. ბოლო ორი წელი სხვადასხვა გალერეაში გამოფენებს ვუკეთებდი გია ბუღაძეს, გია გუგუშვილსა და სხვა მხატვრებს. ბოლო ერთი თვეა, რაც საკუთარი გალერეა გავხსენი გია გუგუშვილის გამოფენით. ახლახან გია ბუღაძის გამოფენა მქონდა ჩემს გალერეაში, ედმუნდ კალანდაძისას ვგეგმავ. ჩემი ძირითადი ინტერესია აუქციონებზე, დიდ ბაზარზე გავიყვანო ქართველი ნიჭიერი, თუნდაც უცნობი მხატვრები.

- განსაკუთრებული მოთხოვნა რომელი ქართველი მხატვრის ნახატებზეა?

- გია ბუღაძეს აქვს ნახატები, სადაც ძველი თბილისია ამოშენებული კარებით, ფანჯრებით. ამან ძალიან დააინტერესა ინგლისელები, ვინაიდან მსგავსი ტიპის სახლებს ლონდონშიც ნახავთ. თურმე უწინ ინგლისში ფანჯრების რაოდენობით იხდიდნენ გადასახადებს და ახლობელი თემა აღმოჩნდა მათთვის,… ასე რომ, სიამოვნებით გავუღებ ჩემი გალერეის კარს ნაცნობ თუ უცნობ ნიჭიერ მხატვრებს. მინდა, ნიჭიერი ქართველი მხატვრები არ დაიკარგონ.

- ლადო ბურდულის საღამოებიც გაგიმართავს ლონდონში.

- ჰო, მე და ლადო დიდი ხნის მეგობრები ვართ. 15 წლის ვიყავი, პირველად ინტერვიუზე რომ მივედი. მას მერე ვმეგობრობთ. ინგლისელებს მოსწონთ ლადოს მუსიკა და სიამოვნებით ვმასპინძლობ ხოლმე.

ლადო ბურდული:

- ნათიას ოქსფორდ სტრიტზე აქვს გალერეა - "ნათი გალერი", სადაც მართლა ქართული საქმე კეთდება. ეს ერთადერთი ქართული გალერეაა მთელ ევროპაში. დღემდე ვერ გავიგე, რაში იღებენ ფულს საქართველოს საელჩოები და კულტურის ატაშეები, როცა არაფერს არ აკეთებენ ქართული თანამედროვე კულტურის განვითარებისთვის. ნათია თავისი სურვილით და შესაძლებლობით უკეთებს პრომოუშენს ქართულ თანამედროვე ხელოვნებას.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება