შოთა ხიზანიშვილსა და ვაჟა ლელუაშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

შოთა ხიზანიშვილსა და ვაჟა ლელუაშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

შოთა ხიზანიშვილსა და ვაჟა ლელუაშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ჯანელიძემ პროკურორ პაატა ჯაველიძის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო ბრალდებულების დაკავების დღიდან და ისინი მოთავსდებიან სასჯელაღსრულების დაწესებულების შესაბამის განყოფილებებში.

გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოში 48 საათის განმავლობაში. საქმეზე წინასასამართლოს სხდომა 26 დეკემბრის 12.00 საათისთვის დაინიშნა.

შოთა ხიზანიშვილს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და 158-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებას და ტექნიკური საშუალებით ინფორმაციის უკანონო მოპოვებას, გამოყენებას ან გავრცელებას გულისხმობს. პირველი ბრალდება სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ან ჯარიმას, ხოლო - მეორე ბრალდება 2-5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვაჟა ლელუაშვილს კი ბრალად ედება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით კერძო საუბრის უნებართვო მიყურადება, ჩაწერა და კომპიუტერული სისტემის მეშვეობით ინფორმაციის მოპოვება, დანაშაული, გათვალისწინებული 158-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე მუხლის მეოთხე ნაწილით, 285-ე მუხლის მესამე ნაწილით, 333-ე მუხლის პირველი ნაწილით და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით. ლელუაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს ნაწილობრივ დამნაშავედ ცნობს.

როგორც სასამართლო სხდომაზე ლელუაშვილმა აღნიშნა, იგი თავს დამნაშავედ ცნობს ინფორმაციის მოპოვებაში და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებაში, თუმცა, კომპიუტერული ქსელებიდან ინფორმაციის მიღების მიზნით სპეციალური პროგრამის შექმნას და ამგვარ საქმიანობას უარყოფს.

რაც შეეხება შოთა ხიზანიშვილს, ბრალდების მხარის ინფორმაციით, მან მოიპოვა ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის, ბესიკ სურმავას პირადი ინტიმური ცხოვრების დეტალების შესახებ და ეს შს სამინისტროს მაღალჩინოსნებს აცნობა. როგორც პროკურორმა პაატა ჯაველიძემ განაცხადა, ამის შემდეგ ხიზანიშვილმა მიიღო დავალება კუდ-ის უფროს ლევან ქარდავასგან სურმავას და მისი მეგობარი მანდილოსნის ინტიმური ურთიერთობის ამსახველი კადრების ჩაწერის შესახებ, რაც საბოლოოდ განხორციელდა.

ბრალდების მხარის ინფორმაციით, აღნიშნული მასალა გამოყენებულ იქნა, როგორც მაკომპრომეტირებელი, რის შემდეგაც სურმავა მიიყვანეს ე.წ. მოდულის შენობაში, შეახვედრეს შოთა ხიზანიშვილს და ჩააწერინეს ვიდეომიმართვა სპეციალური, წინასწარ მომზადებული აუდიოჩანაწერების გასავრცელებლად. მოგვიანებით ავთო სოლომნიშვილმა ყოუტუბე-ზე დაარეგისტრირა ბესიკ სურმავა და მისი სახელით ხიზანიშვილის მიერ შერჩეული "ქართული ოცნების" წარმომადგენლების საუბრებს პერიოდულად ტვირთავდა.

საქმის მასალების მიხედვით, ამის შემდეგ ბესიკ სურმავას უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და იგი გადაყვანილი ჰყავდათ აჭარაში მდებარე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ბაზაზე 6 დღის განმავლობაში, რის შემდეგაც დააბრუნეს თბილისში და გადაუხადეს 150 000 ევრო.

ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, შოთა ხიზანიშვილი 20 000 ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ ან თბილისის მერ გიგი უგულავას თავდებობის სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ. რაც შეეხება ვაჟა ლელუაშვილს, მისმა ადვოკატმა ზაზა ვაშაყმაძემ სასამართლოს წინაშე დააყენა შუამდგომლობა ლელუაშვილის 10 000 ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების თაობაზე. სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა.

ხიზანიშვილისა და ლელუაშვილის სასამართლო პროცესს როგორც თავად ბრალდებულები, ასევე მათი ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. სასამართლო პროცესზე იმყოფებოდა თბილისის მერი გიგი უგულავაც.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ