ფილიპ გორდონი - საუბარი იმაზე, ხომ არ დგება ეჭვქვეშ დემოკრატიული რეფორმები, ჯერ ნაადრევია

ფილიპ გორდონი - საუბარი იმაზე, ხომ არ დგება ეჭვქვეშ დემოკრატიული რეფორმები, ჯერ ნაადრევია

საუბარი იმაზე, ხომ არ დგება ეჭვქვეშ საქართველოში ჩატარებული დემოკრატიული რეფორმები ახალი მთავრობის მიერ ძველი ხელისუფლების წევრების დაკავებების ფონზე, ჯერ ნაადრევია , - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ფილიპ გორდონმა ქართული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, "ინტერპრესნიუსის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე განმარტებით, შეერთებული შტატები პროცესს ყურადღებით აკვირდება და თვენახევრის წინ ჩატარებული არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე შეუძლია თქვას, რომ ის, რაც საქართველოში მოხდა, დემოკრატიულ ქვეყნებში ხდება.

"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით პროცესს. ნაადრევია საბოლოო დასკვნის გამოტანა, რადგან არჩევნები თვენახევრის წინ იყო და ჩვენთვის იმედის მომცემი მოვლენები განვითარდა - პრეზიდენტმა აღიარა არჩევნების შედეგი, ეს კი დემოკრატიულ ქვეყნებში ხდება", - აღნიშნა გორდონმა.

მისივე განმარტებით, წაგებული მხარისთვის არჩევნებში დამარცხების აღიარება მარტივი არ არის.

"ჩვენთვის იმედის მომცემია, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა აღიარა შედეგი, ახალმა მთავრობამ კი აღუთქვა თანამშრომლობა. ვიცი, რომ იყო შეხვედრები. გუშინ პრემიერ-მინისტრმაც თქვა, რომ იგი აპირებს პრეზიდენტ სააკაშვილთან მუშაობას. აქედან გამომდინარე, ცოტა ნაადრევია, რომ თქვენს შეკითხვაზე საბოლოო დასკვნა გავაკეთოთ. არსებობს გარკვეული წუხილი, რომ ძალაუფლება შეიძლება გამოყენებული იყოს პოლიტიკური მიზნებისთვის და არა - კანონის უზენაესობისთვის, ამიტომაც მოვუწოდეთ პრემიერსაც და სხვებსაც, რომ ძალზედ ყურადღებიანი იყვნენ დეტალების მიმართ", - განაცხადა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.

ფილიპ გორდონის განმარტებით, კონსტიტუციური ველიდან გასვლა შეიძლება ორივე მხარისთვის წამგებიანი აღმოჩნდეს.

"თუ პროცესი კონსტიტუციური ველიდან გავა, ეს შეიძლება ორივე მხარისთვის წამგებიანი გახდეს, ამიტომაც ვაკვირდებით მოვლენებს და ვცდილობთ, მხარი დაგიჭიროთ", - დასძინა გორდონმა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე