ლადო ბურდული - "ვატრაკებ და მიხარია"

ლადო ბურდული - "ვატრაკებ და მიხარია"

2013 წლის 24 თებერვალს მუსიკოსი ლადო ბურდული თბილისში კავკა­სიური როკფესტივალ "ფენიქსის" დაჯილდოებას მართავს. ინტერნეტის საშუალებით მოძიებული როკჯგუფებიდან გამარჯვებულები ექვს ნომინაციაში გამოვლინდებიან.

მანამდე მუსიკოსს ქართულ შოუბიზნესზე, მუსიკალურ ტელეპროექტებზე, ძველ უფუნქციო სამინისტროებსა და სხვა საინტერესო თემებზე ვესაუბრეთ.

- ლადო, მას მერე, რაც მე და შენ ინტერვიუ არ ჩაგვიწერია, მთავრობა შეიცვალა საქართველოში, როგორ უყურებ ამ სიახლეს?

- კარგი სიახლეები გვიყვარს, ცუდი - არა.

- ეს როგორი სიახლეა?

- ჯერ არ ვიცი. 4 წელი უნდა გავიდეს, რომ გავიგო. საერთოდ, პოლიტიზებული საზოგადოების რიცხვს არ მივეკუთვნები. ვინ იქნება სათავეში, ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ისეთები გავიარეთ, იმაზე უარესი ვინ უნდა მოვიდეს. ასწორებს ცვლილებები. კომუნისტების დროს 70 წელი ერთი და იმავე სახეებს რომ ვუყურებდით, ეს დრო დამთავრდა. თუ დემოკრატიას ვაშენებთ, ცვლილებებიც საჭიროა. ამის შედეგად სხვა პროფესიები გახდება პრიორიტეტული. მიხვდებიან ვიღაცები, რომ ყველაფერი წარმავალია და უფრო მარადიული პროფესიები გახდება დაფასებული და პოპულარული.

- შენ თუ მიიღე მონაწილეობა ამ ცვლილებაში?

- არა. აპოლიტიკური ადამიანი ვარ. ვიღაცები მიშისტობას მაბრალებენ, ვიღაცები - ბიძინისტობას. არადა, შუაშისტიც არ ვარ. კულტურისტი ვარ მე! ორივე გაგებით, ფიზიკურადაც და სულიერადაც.

- არჩევნებზე თუ იყავი?

- არჩევნებზე სულ სამჯერ ვიყავი, ერთ-ერთი ბოლო არჩევნები იყო. თუმცა ხმას არავის სასარგებლოდ არ ვიყენებ. ძირითადად, ჩემს ბიულეტენს ვაუქმებ ხოლმე.

- ახლახან ერევნიდან დაბრუნდი. რას უკავშირდებოდა ეს ვიზიტი?

- კავკასიური მუსიკის დაჯილდოების ცერემონიალს ვაკეთებ და შესაბამისად, ხშირად მიწევს მოძმე რესპუბლიკებში სიარული. ეს დაჯილდოება თავისი შინაარსით უნიკალურია, ვინაიდან მსგავსი ტიპის პროექტები არ ხორციელდება. 1995 წლიდან კავკასიის როკფესტივალ "ფენიქსს" ვაკეთებ. მივხვდი, რომ ეს ერთჯერადი ივენთი არ კმარა იმისთვის, რომ სტაბილური სცენა შეიქმნას და უფრო აქტიური იყოს ეს მუსიკა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამიტომ ამ ფესტივალის ბაზაზე დავიწყე მუსიკალური დაჯილდოებების ორგანიზება. ამ საქმეს დიდი თანხა არ სჭირდება, ინტერნეტრესურსი გამოვიყენე. ერთი წლის განმავლობაში ინტერნეტში კონკრეტულ საიტზე ჯგუფებს აქვთ საშუალება, თავიანთი ვიდეოები წარმოადგინონ. გამარჯვებულები ექვს ნომინაციაში გამოვლინდებიან. აქედან ორს ინტერნეტმომხმარებელი ავლენს. დანარჩენს - ჟიური. წლის ბოლოს დაჯილდოება გაიმართება, სადაც შესაძლოა, უცხოეთში მოღვაწე ჯგუფები, იმ შემთხვევაში, თუ მათი ჩამოყვანის ფინანსები არ გვექნება, სკაიპის საშუალებით ჩავრთოთ. დიდ სანახაობას ვერ დაგპირდებით, სპონსორების, ხელისუფლებისა და სანტა კლაუსების დიდი ხანია აღარ მჯერა. ვეცდები, მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალური ეფექტი მივიღოთ. ჩამოვლენ უცხოური ტელევიზიებიც.

- ლადო, მუსიკალური ტელეპროექტები მომრავლდა ქართულ ტელესივრცეში. თუ უყურებ რომელიმეს?

- "ახალი ხმის" ჟიურიში მეც უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ მერე რაღაცები მოხდა და...

ეს სხვა რამ არის, ტელეშოუა, გათვლილი იმაზე, რომ ახალგაზრდები არ იდგნენ ქუჩაში, ჰქონდეთ სხვა ინტერესები. პროფესიონალურად ვერ შევხედავ ამ პროექტს. მე სულ სხვა რამეს ვაკეთებ.

- რატომ თქვი უარი ჟიურიში ყოფნაზე?

- არ მითქვამს. უბრალოდ, აღმოჩნდა, რომ პოპმუსიკა უფრო დიდი დოზით იქნებოდა, ვიდრე როკი, ალტერნატიული მუსიკა ან ჯაზი. ამავე მიზეზით უთხრეს უარი ჯაზვუმენ მაია ბარათაშვილს. მართალი გითხრათ, არ მწყდება გული. მიხარია კიდეც. ჟიურიში ყოფნა მაინცდამაინც არ მიყვარს.

- თუმცა ერთხელ უკვე იყავი "მე მიყვარს საქართველოს" ჟიურიში, საიდანაც სკანდალით წამოხვედი.

- ერთი შეცდომა ყველას მოსდის. სკანდალს ვერ დავარქმევ ამას, უბრალოდ, ვიგრძენი, რომ არასწორ ადგილზე ვიყავი.

- რატომ მიიჩნევ, რომ შეცდომა იყო?

- ჟიურიში დაჯდომის სურვილი რომ გამიჩნდა, ეს იყო შეცდომა.

- რატომ, ასაკი არ გიწყობს ხელს თუ გამოცდილება?

- ჟიური მაინც ტენდენციურია. როცა ჩემპიონი ვლინდება ამა თუ იმ მიმართულებით, ამას დასავლეთში შოუბიზნესის სხვადასხვა დარგი ავლენს. როგორიც არის, მაგალითად, მარკეტინგი. გაყიდული ალბომების რაოდენობით ავლენენ საუკეთესოებს, ვიდეოს ხარისხით, ეფექტურობით, მოთხოვნადობით. ჩვენთან რადიოსადგურები არ უკრავენ ქართულ მუსიკას, ქართული ალბომები არ იწერება, რაც ქართული ტელევიზია ძველი "მაესტროს" სახით დაიკეტა მუსიკისთვის, ვიდეოკლიპები აღარ იქმნება. აქედან გამომდინარე, ერთმა კაცმა უნდა გადაწყვიტოს, რომელია კარგი და რომელი ცუდი, რაც ცოტა ტენდენციურად და არასწორად მიმაჩნია. სუბიექტურია ჟიური. იმიტომ, რომ ერთი ადამიანია, თავისი გემოვნება და შეხედულებები აქვს.

- შენ სუბიექტური იყავი?

- ვიყავი. მე ჩემი გემოვნება, მენტალიტეტი და შეხედულებები მაქვს. შეიძლება, სხვას ეს არ მოსწონდეს. ყველას რომ გაუსწორდეს, ისეთ არჩევანს ჟიური ვერ გააკეთებს.

- შენი ძმაც მონაწილეობდა ამ პროექტში, ამანაც ხომ არ განაპირობა შენი სუბიექტურობა?

- ჩემი ძმა ყველაზე მაგარი იყო იმათ შორის, ვინც ამ კონკურსზე გამოდიოდა. რაც დრო გადის, უფრო მეტად მომწონს ის მუსიკა, რასაც ბაკური აკეთებს. უბრალოდ, არასწორი ადგილი აირჩია ამ მუსიკის პრომოუშენისთვის, თორემ ის აკეთებს იმას, რაც მე ვასწავლე, დასავლური, ცივილიზებული მუსიკის ფესვებია მის სიმღერებში.

- კიდევ ერთი მუსიკალური პროექტი გადის "რუსთავი 2"-ის ეთერით - "საქართველოს ვარსკვლავი". ნინო ქათამაძე, ნიკოლოზ რაჭველი და ნინო ხოშტარია არიან ჟიურიში...

- (მაწყვეტინებს) ვაშა! სამწუხა­როდ, არ მინახავს ეს გადაცემა. ვერაფერს ვიტყვი. ტელევიზორს მართლა არ ვუყურებ. ზოგადად, მუსიკაში შეჯიბრებები არ მიყვარს და არც ის მესმის, როცა სხვადასხვა ჟანრისა და ფორმატის მუსიკას ერთმანეთში ურევენ. მესმის "არ დაიდარდოს" ფორმატიც, ელექტრონულიც, ჰიპ-ჰოპიც, ფოლკლორიც, ქალაქურიც, მაგრამ ერთმანეთში არეული არაფერი მესმის. უნდა იყოს მითითებული, რა ჟანრის მუსიკის შემსრულებლები ეჯიბრებიან ერთმანეთს, ესაა მთავარი კონკურსში. არ მინდა, უხეშად გამომივიდეს, მაგრამ ეს განუვითარებლობისა და გოიმობის სიმპტომატიკაა.

- დღეს რას აკეთებს ლადო, გარდა კავკასიის როკფესტივალისა?

- რა უნდა გავაკეთო? საქართველოში დასაკრავი ადგილი კიდევ არ არის. ვყვიროდით, ვყვიროდით და რა?! შოუბიზნესი, კლუბები, დამოუკიდებელი არ არის. ყველაფერი კონტროლდება. მთავრობის დანაშაული ესაა სწორედ. ვიღაცებს ფულს უხდიდა, თავის ღონისძიებებზე გამოჰყავდა. მეორე ნაწილი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. არ შეიძლება პოლიტიკა ყველაფერში. ხელოვანი ხალხი გარბის ამ ქვეყნიდან და ვინც არ გარბის, უბედურდება. ყველას ხომ არ შეუძლია, იყოს პოლიციელი ან მინისტრის მრჩეველი?!

- როგორ გგონია, დღეს შეიცვლება რამე ამ მხრივ?

- საქართველოში კულტურასთან ასოცირებული ორი დაწესებულება არსებობს, რომელთა ფუნქციასაც დღემდე ვერ მივხვდი. ეს არის კულტურის სამინისტრო და კულტურის განყოფილება მერიაში. ესენი ჩემთვის მკვდარი ორგანოები არიან. რაც უნდა წარმატებული პროექტი მივიტანო, პრიორიტეტი ყოველთვის ვიღაცის თანაპარტიელის, ახლობლის ან ნათესავის პროექტისკენ იხრება. მათ წინ არასდროს არავინ დამაყენებს. ეს დიდი ხნის წინ გავარკვიე. ვიღაცებს ფესტივალის ჩასატარებლად მთავრობა 2 მილიონით აფინანსებს, ლადო ბურდული 3 ათასით აკეთებს ფესტივალს და ისიც უცხოური გრანტით. მეც დავიღალე, რამდენი წელი უნდა ვიხმალაო ამ უთანასწორო ბრძოლაში... ესენი რას აპირებენ არ ვიცი, მაგრამ წინა ხელისუფლებამ მიზანმიმართულად მოკლა დამოუკიდებელი კულტურა საქართველოში.

- როგორ ფიქრობ, დღეს ყოფილი მეფის კარის მომღერლები ჩაიკეტებიან?

- აუ, ეგენი სად წავლენ და რას იზამენ, არც მაინტერესებს.

- მეფეზე გამახსენდა, ბოლო ინტერვიუში ამბობდი, იმპერატორი ვარო, ახლა ისევ მეფე დაირქვი "ფეისბუქის" შენს გვერდზე, რა მოხდა?

- არაფერი, მოკლედ იწერება მეფე, ეს არის სულ.

- როგორია ამ ეტაპზე მეფის პირადი ცხოვრება?

- ვცხოვრობ იმავე დევიზით - ვატრაკებ და მიხარია და ვინც ამ სიხარულში შემომიერთდება, ერთად გავიხარებთ (იცინის).

- მე სხვა პირად ცხოვრებაზე გეკითხებოდი. მგონი, მართლა გაიზარდე, დიდხანს შეჩერდი ბოლო სიყვარულზე.

- მე ყოველთვის ოჯახის მომხრე ვიყავი. ოჯახსა და შვილებზე კარგი ვინ უნდა მყავდეს?! მეგობრებმა, ვინც ვართე, ვზარდე და ადამიანებად ვაქციე, დღეს შეიძლება, გამარჯობაც არ მითხრან ქუჩაში. რამდენი იდიოტი გავზარდე... დღეს არც ახსოვთ, თუ არ შეახსენე, სილა თუ არ გაარტყი, ვერც იხსენებენ. შვილი შვილია, ამაგს ყოველთვის დაგიფასებს.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება