გლდანის #8 საპყრობილეში, სამარტოო საკანში მყოფი ბაჩო ახალაია მიიჩნევს, რომ ოპონენტების პოლიტიკური სპეკულაციების მსხვერპლია.
თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ოპონენტებს ვაჟკაცობის გამოჩენისა და, "საზოგადოებაში მომწიფებული აზრების შემდეგ, ყველა ბრალდების სამართლებრივი გზით დამტკიცებისკენ მოუწოდებს", თუმცა ეჭვობს, რომ ეს ვერ მოხერხდება.
დაბრუნდება თუ არა საქართველოში მისი ძმა დათა ახალაია და რისი იმედი აქვს პატიმარ ბაჩო ახალაიას? - ამის შესახებ ბაჩო ახალაიას საზოგადოებრივი მონიტორინგის კომისიის წევრი, "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ესაუბრა.
-როდესაც ციხის სკანდალური კადრები გავრცელდა, ხელისუფლების მხრიდან ეს შეფასდა, როგორც სისტემური მარცხი, ეთანხმებით ამ შეფასებას?
-ვფიქრობ, აქ უფრო ინდივიდუალიზმის პრობლემა იყო, ვიდრე - სისტემური მარცხი. მრავალი ათასი ადამიანი მუშაობდა სისტემაში და არ მგონია, რომ ყველა მათგანში არსებობდა პრობლემა. რთულია შეფასება, თუმცა ნამდვილად იყო ინდივიდუალიზმის პრობლემა.
-რაც შეეხება გავრცელებულ სკანდალურ კადრებს . . .
-მაგ კადრების შესახებ მეც ის ვიცი, რაც - თქვენ; მეც ისევე ვნახე, როგორც - თქვენ და ისეთივე შოკში ვიყავი, როგორც საზოგადოება. მაინც ვფიქრობ, რომ ნანახი კადრების უმეტესობა ვიღაცების მიერ იყო დადგმული.
-ბატონო ბაჩო, ბოლო პერიოდში ციხეებში არსებული დაძაბულობა, თქვენი აზრით, რისგან იყო განპირობებული?
-ეს ყველაფერი ქურდების პროვოცირებულია. მათ სურთ, გავლენა კვლავ დაამყარონ ციხეებში.
- თავიდან ერთი ბრალდებით დაგაკავეს, შემდეგ დაგემატათ მეორე; თუ გავითვალისწინებთ პროკურატურის განცხადებებს, შესაძლოა, კიდევ დაგემატოთ ბრალდებები . . .
- არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენ ბრალდებას წამიყენებენ. მე ვიცი, რომ წლების განმავლობაში ვემსახურებოდი საქართველოს და კრიმინალი არ ვყოფილავარ. რაც ჩემს მიმართ ხდება, წმინდა წყლის პოლიტიკური პროცესია და მართლმსაჯულებასთან საერთო არაფერი აქვს.
- თქვენს წინააღმდეგ პროკურატურას განცხადებით მიმართა ლაფანყურის სპეცოპარციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის, არჩილ ჩოხელის ოჯახმა, რომელიც მიიჩნევს, რომ სპეცრაზმელი საეჭვო ვითარებაშია დაღუპული და ამ ყველაფერს პოლიტიკური სარჩული უდევს. რა პასუხს გასცემდით ამ ბრალდებას?
- გული მწყდება იმ ბიჭების გარდაცვალებაზე, რომელიც ქვეყანას შეეწირნენ. ასეთი ბევრია გარდაცვლილი. რაც შეეხება ამ მოსაზრებას ჩემს წინააღმდეგ, რთულია იმის დადგენა და დაჯერება, რომ ეს სიმართლე არ არის. ის ყველაფერი რაც ხდება, ჩემს წინააღმდეგ პოლიტიკური განცხადებების შედეგად შექმნილი გარემოს დამსასხურებაა, რომელსაც თვითონ პოლიტიკოსები ვერ გაურბიან. პრობლემა იმაშია, რომ პოლიტიკოსების მხრიდან ხდებოდა ამის პროვოცირება, ახლა კი რომელ პოლიტიკოსს ეყოფა ვაჟკაცობა, რომ ის საზოგადოებრივი აზრი გაამართლოს მართლმსაჯულებით?
- თქვენ ამბობთ, რომ თქვენს წინააღმდეგ საზოგადოებრივი აზრი თქვენი ოპონენტების მხრიდან მწიფდებოდა. რატომ არ რეაგირებდით ამის წინააღმდეგ, თუ ამას ხედავდით?
- ჩემი პოზიცია არ მაძლევდა ამის საშუალებას, რომ ღიად მელაპარაკა ამ ბრალდებებზე. საჯარო პოლიტიკოსი არ ვიყავი და ვერ ვპასუხობდი. აქ არაფერი განსაკუთრებული არ არის, როცა ვცადე ამაზე საუბარი, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ახლა აგერ ვარ და ამაზე საუბარი მიჭირს.
- რატომ გადაწყვიტეთ საქრათველოში დაბრუნება? საზოგადოებაში ვრცელდება ხმები, რომ დაბრუნებისკენ მიხეილ სააკაშვილმა მოგიწოდათ . . .
- ჩემი გადაწყვეტილებით დავბრუნდი საქართველოში. დარწმუნებული ვიყავი, როდესაც ჩამოვიდოდი დამაკავებდნენ, თუმცა აბა სად წავსულიყავი. მთელი ჩემი ცხოვრება ვემსახურე საქრათველოს და რა პოლიტიკური ვითარებაც არ უნდა იყოს ქვეყანაში, ჩემი ადგილი საქრათველოშია. ყველაფერი ბევრად მარტივია, ვიდრე ჩანს. როდესაც დარწმუნებული ხარ, რომ არანაირი კრიმინალი არ გაქვს ჩადენილი, რატომ უნდა გაიქცე სადმე.
- რატომ ფიქრობთ, რომ პოლიტიკური სპეკულაციებისთვის ოპონენტებმა მაინცდამაინც თქვენ აგირჩიეს?
- ვიღაცაზე ხომ უნდა განეხორციელებინათ ეს. ყველაზე არაკომუნიკაბელური ვიყავი და ამიტომ ამირჩიეს. ჩვენს საზოგადოებას მინდა, ერთი რამ ვუთხრა - რაც ჩანს, იმის მიღმა არაფერი არსებობს სინამდვილეში. კინაღამ მეც კი დავიჯერე ის ჭორები, რაც ვრცელდებოდა.
-თქვენს დაკავებას მამათქვენი ირაკლი ალასანიას რევანშს უკავშირებს, თქვენც ასე მიგაჩნიათ?
- ბატონ ალასანიას, ბოლო თუნდაც ერთი წლის განმავლობაში ტელეეთერებით ჩემს მიმართ უამრავი ბრალდება აქვს გაცხადებული. მიდით და ჰკითხეთ, რომელი ბრალდების დადასტურება შეუძლია უკანონო ფორმირებების მომზადების, თუ მთელი რიგი სიგიჟეების? მისი მხრიდან პოლიტიკური სპეკულაციები იყო, თუმცა როგორც ჩანს, აღარ ეყოთ გამბედაობა, რომ აწი მაინც აღარ გაეგრძელებინათ ეს. არჩევნები გაყალბდა სადღაც, - ამბობს ალასანია, თუმცა ეს იყო ერთადერთი ყველაზე საუკეთესო არჩევნები საქართველოში. ალასანიამ წააგო, თუმცა ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მართლა გაყალბდა არჩევნები. ეს ყველაფერი პოლიტიკური მოტივებით ნაკარნახევია, სხვა არაფერი არ არსებობს. ორშაბათს ჩამოვედი და 24 საათში დამაკავეს, ესეც ამის დადასტურებაა.
- გაგიკვირდათ თუ არა ის ბრალდება, რომელიც წაგიყენეს?
- ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რა მნიშვნელობა აქვს, რომელი მუხლით დამაკავებენ. აქ ვარ და, რასაც უნდათ, დამაბრალებენ. დაეწყოთ გამოძიება ნებისმიერი კუთხით და მქონოდა გამჭვირვალე პროცესი, - საზოგადოება გაიგებდა, რასთან გვქონდა საქმე, მაგრამ არა!
- აღმკვეთი ღონისძიების შეფარდება სასამართლო პროცესზევე გააპროტესტეს თქვენმა გულშემატკივრებმა და ადვოკატებმა. როგორ შეაფასებდით ზოგადად სასამართლო პროცესს.
- სასამართლოში სუსტი იყო პროკურატურის არგუმენტები, რა მეტყობოდა აქედან გამქცევის? ეს პოლიტიკურ ჭრილში განხორციელდა. ნაკლები ინტერესი მაქვს იმის მიმართ, რა ხდება პროკურატურაში, ვინ ვინ და მე ვიცი, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური მოტივებით არის ნაკარნახევი.
- იცით თუ არა თქვენი ძმის, დათა ახალაიას პოზიცია, რას აპირებს, დაბრუნდება საქართველოში?
- ქვეყანაში დაბრუნება, როგორც ჩანს, 24 საათში დაპატიმრებას ნიშნავს. პროკურატურაში მქონდა განცდა, რომ დამაკავებდნენ. ესე არ ხდება - დღეს საქმის გამოძიება და ხვალ დაპატიმრება. ეს ხდება მაშინ, როდესაც ვინმე ნებისმიერი მიზეზით არის დასაჭერი. მთავარი პრობლემა არის ის, რომ ეს არის პირველი პოლიტიკური საქმე, რომელიც ამ ხელისუფლებამ დაიწყო, შესაძლოა სხვა საქმეებიც ვიხილოთ. ვიღაცეები თვლიან, რომ რადგან საზოგადოების გარკვეული მხარდაჭერა მოიპოვეს, ნებისმერი რამის გაკეთება შეუძლიათ.
- ემზადებით საქმის არსებითი განხილვისთვის? რისი იმედი გაქვთ?
- დამცინით? რა მნიშვნელობა აქვს არსებით განხილვას, ვინმეს აქვს ილუზიები, რომ რაიმე სხვანაირად იქნება? რისი იმედი უნდა მქონდეს? მომავლის. ახლა ჩემი ერთადერთი ამოცანაა, რომ ვინმე დარტყმის ქვეშ არ მოვიყოლო...
- თქვენ მიიჩნევთ, რომ კალანდაძე და შამათავა თქვენი დარტყმის ქვეშ მოჰყვნენ?
- ესენი არიან იმ მრავალრიცხოვან თანამშრომელთა შორის ერთ-ერთი უწესიერესი ადამიანები. ვის ტვინში მოიხარშა ამათი დაკავება, გამიჭირდება თქმა. თუმცა, ვინმეს ცხოვრება რომ არ აირიოს, ვცდილობ, სხვები არ გავრიო ასეთ შარში.
ხათუნა გაგნიძე