აჩი ფურცელაძემ ლეონიდ აგუტინს გული დასწყვიტა

აჩი ფურცელაძემ ლეონიდ აგუტინს გული დასწყვიტა

აჩი ფურცელაძე რუსული "ხმის" ერთ-ერთი მონაწილე გახდა. მან ჟიურის ორი წევრის გული მოიგო და ისინი შემოატრიალა, ლეონიდ აგუტინი და პელაგია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ქართველი მონაწილის გამო. დიმა ბილანმა ინანა, რომ არ შემოტრიალდა, გრადსკი რომ არ შეარჩევდა, ეს აჩიმ თავიდანვე იცოდა. ყველაზე მეტად მაინც აგუტინის ეიმედებოდა, თუმცა საბოლოოდ მას გული დასწყვიტა და პელაგია აარჩია. აჩიმ უკვე დაიწყო მზადება მეორე ტურისთვის და ვნახოთ, როგორ გაართმევს თავს, თუმცა სოციალური ქსელების ნამდვილი ჰიტი გახდა მისი ნამღერი სუმმერტიმე და ასევე დიმა ბილანსა და პელაგიასთან ერთად შესრულებული ნინო ქათამაძის "ოლეი".

-  ჩემი ე.წ. კარიერის განმავლობაში, რომელიც აგერ უკვე 22 წელს ითვლის, კონკურსში სულ სამჯერ მაქვს მონაწილეობა მიღებული, ორჯერ ადრეულ ბავშვობაში. ერთხელ "გაზაფხულის ზარებზე" გრან-პრი ავიღე, შემდეგ მეორე კონკურსზე საუკეთესო ინსტრუმენტალისტის წოდება მივიღე, ერთადერთი ვიყავი, ვინც საქსოფონზე უკრავდა. როცა გავიზარდე, კონკურსების ჟიურიში ვიჯექი, იმდენჯერ იყო მოქრთამვის მცდელობა, რომ ერთი სილამაზის კონკურსის ჟიური დავტოვე კიდეც პროტესტის ნიშნად.

დიდობის პერიოდში, როცა აჩი ფურცელაძე აჩი ფურცელაძეობდა, იყო საუბარი "სლავიანსკი ბაზარზე" გამგზავრების შესახებ. კასტინგში მე და სოფო გელოვანი ვმონაწილეობდით. ჟიურიში ვაჟა აზარაშვილი იყო, რომელმაც სოფო გელოვანს იმის გამო მიანიჭა უპირატესობა, რომ მისი სიმღერა შეასრულა. მე კი დიმკა თეიმურაზოვს გავაკეთებინე სოულის ჟანრში ერთი რუსული სიმღერა, მეორე, ქართულიც შევასრულე. ვაჟა აზარაშვილს მაშინაც გავეცი პასუხი. ის ბავშვობიდან კარგად მიცნობს და ძალიან ბევრი საერთო ნაცნობი გვყავს. ძალიან გულნატკენი ვიყავი. ერთხელ ცხოვრებაში მომინდა კონკურსზე გასვლა და ვაჟა აზარაშვილმა "მომიხაზა". რაც შეეხება სოფოს, ის ძალიან კარგად მღერის, მაგრამ წავიდა, ჩამოვიდა და არანაირი ინფორმაცია არ ყოფილა, მერე ამბობდნენ, აჩი რომ გაგვეშვა, მაყურებლის სიმპათიას მაინც აიღებდაო. ამის შემდეგ კონკურსების გაგონებაც არ მინდოდა.

მეშვიდე წელია, მოსკოვში ვცხოვრობ და ბევრმა კონკურსმა ჩაიარა ისე, რომ არსად მივსულვარ. ერთადერთი - იწყებოდა "წარმატების ფორმულა". იმ პერიოდში მიშას მორიგი ტექსტი ჰქონდა დარტყმული და პუტინი აქ გაგიჟებული იყო, ქართველებზე სერიოზული ამბავი იყო ატეხილი, მუსიკალურ სფეროშიც კი. კონკურსის კასტინგზე ყინვაში ათასობით კონკურსანტს შორის ვიდექი. შევედი თუ არა შიგნით, ჟიურიში იცი, ვინ დამხვდა? თეონა კონტრიძე. ძალიან ბევრი ვიცინეთ. გაგვიხარდა ერთმანეთის ნახვა. მითხრა, მე რა უნდა გამოგცადო, ხომ ვიცი, როგორც მღერი, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ჟიურიში ვარ, გაგვაფრთხილეს, ქართველები არ აიყვანოთ. მით უმეტეს, თუ მოქალაქე არ არისო. ძალიან დასწყდა გული. ამ ყველაფერმა ასე ჩაიარა. წელს კი, როცა "პირველ არხზე" მცირე რეკლამა გავიდა, "ხმას" ვიწყებთ და მონაწილეებს ველოდებითო, ამ პროექტის შესახებ წარმოდგენაც არ მქონდა. მეგობრებმა ანკეტა გამომიგზავნეს და შემაგულიანეს, სცადეო. ანკეტა შევავსე და 40-წამიანი ნამღერი გავაგზავნე. ერთ კვირაში დამირეკეს, კასტინგზე გელოდებითო.

კასტინგი "ოსტანკინოს" დიდ პავილიონში ტარდებოდა. ჟიურიში იჯდა იური აქსიუტა, ეს გახლავთ "პირველი არხის" მთავარი მუსიკალური რედაქტორი. მას თუ მოეფერები, ეთერში ხარ, თუ არ ევასები, არ ხარ ეთერში. მას ისეთი ძალაუფლება აქვს, შეიძლება, ისე გააკეთოს, რომ შენთან სახლში "პირველი არხი" არ ჩაირთვებაო, ერთი მეუბნებოდა (იცინის). აქსიუტასთან ხუთი წუთი მაგრად ვიღადავე, კარგი შინაურული საუბარი გამოგვივიდა. შემდეგ მკითხა, რას შეასრულებთო და "ჯორჯიას"-მეთქი. მოეწონათ. სანამ შევიდოდი, სასტიკად გამაფრთხილეს, საკუთარი სიმღერა არ შეასრულოო, მაგრამ რომ მკითხეს, მეორეს რას გვიმღერებო, როიალისკენ წავედი და დავიწყე საკუთარი სიმღერის შესრულება... მოსკოვში ჩემი ეს სიმღერა საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის ცნობილია, სიმღერას ჰქვია "მაპატიე". ზოგს მობილურში აქვს ჩაწერილი, ზოგს ისე მოსმენილი. პირდაპირ მისამღერიდან რომ დავიწყე შესრულება, ჟიური ამყვა, კინაღამ ტაში შემოჰკრეს. მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, პირველი კასტინგი გავიარე და პირველი ტურის რეპეტიციებზე დამიბარეს. მთხოვეს, ისევ "ჯორჯია" შემესრულებინა, მაგრამ უარი ვუთხარი, რადგან ეს მელოდია, ცოტა არ იყოს, მობეზრებული მქონდა, კარაოკეში უამრავჯერ შემისრულებია. იმასაც მივხვდი, რომ ჩემი აზრი აინტერესებდათ და თვითონ არაფერს მაძალებდნენ, რაც ძალიან კარგ ნიშნად მეჩვენა. საბოლოოდ, სუმმერტიმე შევარჩიეთ. რეპეტიციაზეც ჩემი ხასიათი გამოვავლინე, სხვანაირად უნდოდათ ამ სიმღერის შესრულება, მაგრამ მე როგორც მინდოდა, ისე გაკეთდა. სერგეი ჟილინის ბენდი "ფანოგრაფი" აბსოლუტურად ყველა მუსიკალურ შოუში უკრავს, რომლებსაც ტელევიზიები აკეთებენ. მასთან მომიწია ცოტა ჭიდაობამ, მაგრამ მაინც ჩემი ვარიანტი დამტკიცდა. იქვე შევუთანხმე, ტექსტებს ვერ ვიმახსოვრებ, ამიტომ მეორე კუპლეტს იმპროვიზაციით გავატარებ-მეთქი.

-  პირველ ტურზე არ ღელავდი?

-  რასაკვირველია. თანაც, ტექნიკურად ცოტა გაუმართავი იყო თავიდან. ტელეეთერით ჩემი პირველი ნამღერი სიტყვა გაისმა, დარბაზში - არა. ამიტომაც მეორედ გავიმეორე იგივე სიტყვა. ბენდის ხმაც ცოტა ცუდად მესმოდა. ეს მეტყობოდა, გამოვთქვი კიდევაც, მაგრამ ამოჭრეს. მეორე კუპლეტიდან, იმპროვიზაციის დროს, ძალიან გავიხსენი, მაგრამ დასარტყამი ინსტრუმენტი არ მესმოდა, მინდოდა, "ჩიტო-გვრიტო, ჩიტო მარგალიტო" - ეს ფრაზა მემღერა, მაგრამ მხოლოდ "ჩიტო-გვრიტოს" თქმა მოვახერხე. საბოლოოდ, მაინც კარგი გამოვიდა.

-  აჩი, მეგონა, რომ ლეონიდ აგუტინს მიანიჭებდი უპირატესობას. პელაგია ქართველი მაყურებლისთვის, ფაქტობრივად, უცნობი შემსრულებელია. ვის შემოტრიალებას ელოდებოდი?

-  ველოდებოდი, რომ ვიღაც აუცილებლად შემოტრიალდებოდა. აგუტინზე ზუსტად ვიცოდი. გრადსკის შეიძლება, მოსწონებოდა, მაგრამ ვოკალურად მისი მიმართულების არ ვარ, კაცი საოპერო ხმით როკს ასრულებს, დიმა ბილანი კითხვის ნიშნის ქვეშ იყო, ან შემოტრიალდებოდა, ან - არა, პელაგიას ნამდვილად არ ველოდი. როგორც კი დაიწყო იმპროვიზაცია, პელაგია და აგუტინი შემოტრიალდნენ. აგუტინს საოცარი რეაქცია ჰქონდა, ტაშის დაკვრა დაიწყო. მერე ნინო ქათამაძის სიმღერა შევასრულე დიმა ბილანსა და პელაგიასთან ერთად. დიმას "ჩიტო-გვრიტო" ისტორიაშია ჩასაწერი, ისე იმღერა (იცინის), მესამე მოსმენაზე, ინტერნეტით რომ ვუყურე ჩემს გამოსვლას, მაშინ მივხვდი, რა იმღერა. ასევე ვერ მივხვდი, რომელი სიმღერა შეასრულა პელაგიამ. მელოდია მეცნო, ძველი მელოდიაა. ამ პერიოდში დრო მოვიგე, რომ დავფიქრებულიყავი, ვინ უნდა ამერჩია. მანამდე პელაგიას საკმაოდ ჩაგრავდნენ, აგუტინთან წავიდა ბევრი, ვისაც პელაგია შემოუტრიალდა. რომ შევხედე, უკვე ისეთი სახე ჰქონდა, შეგუებული იყო, რომ მასთან არ წავიდოდი. აღარ მითქვამს, რომ ლეონიდ აგუტინთან მინდოდა ძალიან, პირდაპირ ავარჩიე პელაგია. აგუტინის რეაქცია იყო ძალიან მაგარი - თქვა, სახლში არ აპატიებდნენ, ჩემთან რომ წამოსულიყო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ქართველი მამაკაცი სხვანაირად არ მოიქცეოდაო. გუშინ პირადად ვნახე. "ფეისბუქზე" წავიკითხე, აგუტინს ქართველები და საქართველო ძალიან არ უყვარსო, მაგრამ თქვენი ჟურნალის მეშვეობით მინდა ვთქვა, რომ მას ისე უყვარს ქართველები და ისე მექცევა, რომ არ ვიცი, რა ვთქვა... კონკურსის შემდეგ რომ ვნახე რეპეტიციაზე, მიუხედავად იმისა, რომ სხვის გუნდში ვარ, გადამეხვია და იმდენად დიდი სითბო გამოხატა ჩემ მიმართ... სამჯერ თქვა, მინდოდა, აჩი ჩემს გუნდში ყოფილიყო და იმდენად ჩემიანია, რომ ყოველთვის მისკენ ვიქნებიო. დარწმუნებული ვარ, პელაგიასთან რომ წავედი, ეს აგუტინთან საქმეს არ გამიფუჭებს.

რა არის ჩემი მთავარი მიზანი? ის, რომ წინ წავიდე და დიდხანს ვიყო ამ პროექტში, თუმცა ძალიან ბევრმა, რომელიც ამგვარი კონკურსიდან გავარდნილა, დიდი კარიერა აიწყო. ყველაფერი ამით არ მთავრდება.

-  პელაგიამ გაამართლა შენი იმედები?

-  ძალიან მაგარი გოგოა!.. ერთადერთია, ვინც ეთნო-როკის ნიშა დაიკავა. რუსული ხალხური ინტონაცია აქვს ხმაში, შეუძლია, საოპერო არიაც იმღეროს, უძლიერესი ხმა აქვს. ლეონიდ აგუტინმა ჩემზე თქვა, ამას რა უნდა ვასწავლო, იქით მასწავლის ყველაფერსო. მერე ეს სიტყვები ამოჭრეს. აგუტინის ამ ნათქვამის შემდეგ პელაგია თავადაც ხვდება, რომ ვერ მასწავლის. ახლა მომცა "დროის მანქანის" სიმღერა - "მოი დრუგ ლუჩშე ვსეხ იგრაიეტ ბლუზ". მაქვს იდეები, რა სიურპრიზები უნდა მოვაწყო ამ სიმღერაში. შევთავაზე უკვე და დამეთანხმნენ. ერთადერთი ხარ, ვინც ასეთი იმპროვიზაცია შემოგვთავაზა და ჩვენ, "პირველ არხს", ეს გვაწყობსო. ველოდები, როდის გაიმართება მეორე ტური.

-  შენთვის ასეთი წარმატება პიროვნულად რას ნიშნავს? და როგორია ეს დედისთვის, ქალბატონი ხატულასთვის, რომელსაც სუმმერტიმე მიუძღვენი.

-  მისთვის მიძღვნა იქვე მომივიდა თავში აზრად. ჟიურის წევრები, რასაკვირველია, ვერ მიხვდნენ. მერე მეუბნებოდნენ, იმდენი რამე აკეთე, სიტყვებს ვინღა უსმენდა, ძალიან დავიბენითო (იცინის). ლეონიდ აგუტინს რომ ვუთხარი, დედაჩემს მივუძღვენი-მეთქი, ლიონია ჩამეხუტა და მითხრა, ჯიგარი ხარო. დედაჩემთან ჩემი ძმაკაცობა ყველა ჩემმა ახლობელმა კარგად იცის და ეს ის ნაბიჯი იყო, რომელიც უნდა გადამედგა.

რაც შეეხება ჩემს პიროვნულ აღქმას, ზუსტად ვიცი, რა უნდა მოხდეს ახლა, რადგან საქართველოში ეს ეტაპები გავლილი მაქვს. ამ ყველაფერს დაბრუნება დავარქვი იმ არეალში, სადაც ადრე ვმოძრაობდი. გაგახარებ და გეტყვი, რომ "კომედი კლაბმა" გახსნა "კომედი რადიო", სადაც წამყვანად მიმიწვიეს. სრული დაბრუნება მოვიწყვე.

-  აჩი, შენთან ერთად "ხმის" პირველ ტურში გავიდნენ ანრი გოგნიაშვილი და სოფია ავაზაშვილი, რომელიც ძალიან მომეწონა.

-  მე და ანრი ვეჩხუბეთ რეპეტიციაზე. არ მოგვეწონა, რომ არ თქვა, საქართველოდან ვარო. სოფო ძალიან კარგი გოგონაა, მაგრამ მისგან არ მესიამოვნა ის ამბავი, რომ ქართველობას არ გაუსვა ხაზი.

-  ძველი შოუბიზნესელი მეგობრებიდან ვინ გამოეხმაურა შენს წარმატებას?

-  ბევრჯერ მითქვამს, რუსეთში რაღაცას რომ მივაღწევ, აუცილებლად გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც საქართველოში ყოფნისას არაფრით მეხმარებოდნენ-მეთქი. ზუსტად ასე მოხდა. ახლა მწერენ, როგორ გაუხარდათ ჩემი წარმატება. მანდ რომ ვიყავი, მათ ფეხებზე ეკიდათ ჩემი ამბავი. ცოტა მწყინს ეს მომენტი. ის ადამიანები, რომლებსაც შეეძლოთ, ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეეცვალათ, ცოტათი დამხმარებოდნენ, დამეკარგნენ, გასაგებია, მათ სკამები მოირგეს და გაბლატავდნენ, თუმცა ახლა უკვე სხვა დრო დაუდგათ. ცუდია, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ასეა. ზოგიერთი ისეთი ჟურნალისტიც მირეკავს, რომელსაც აქამდე არც ერთხელ არ დაურეკავს. თქვენს ჟურნალზე არ ვამბობ, რადგან მუდმივად ინტერესდებოდით და ამისთვის დიდი მადლობა.

რაც შეეხება აქ მცხოვრებ ქართველებს, ქეთამ, დათო ხუჯაძემ, გიგა კვენეტაძემ მომილოცეს. ქუჩაში რომ გავდივარ, ხალხი მცნობს, უამრავი წერილი მოდის, რაც ძალიან სასიამოვნოა.

ნინო მურღულია

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ასევე იხილეთ: აჩი ფურცელაძემ რუსული Voice-ს ჟიური სიმღერაში აიყოლია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება