მთავრობა იძლევა გარანტიას, რომ ყველა სოციალურად დაუცველი პირი სრულად მიიღებს იმ დახმარებას და კომპენსაციას, რომელიც მათთვის კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, შალვა თადუმაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ეს მოხდება მერიისგან თუ ცენტრალური ბიუჯეტიდან, ამას მთავრობა გადაწყვეტს და მერიასაც აცნობებს.
"რაც შეეხება მერის ქმედებას, გამომდინარე იქიდან, რომ მთავრობის რეგლამენტი ითვალისწინებს იმ პირთა ნუსხას, რომელთაც უფლება აქვთ დაესწრონ მთავრობის სხდომას, აღნიშნულ ნუსხაში ქალაქის მერი არ არის მითითებული. შესაბამისად, მას არ ჰქონდა უფლება მონაწილეობა მიეღო სხდომაში. აქედან გამომდინარე იყო მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობის სხდომა იმართებოდა და ყველა პირი, რომელსაც არა აქვს უფლება, დარბაზში არ უნდა იყოს. მიუხედავად ამისა, ქალაქის მერმა გადაწყვიტა დარჩენილიყო დარბაზში და მოეხდინა გარკვეული არეულობა, რა ფორმითაც მან თავისი პოზიციის დაფიქსირება და იმ ძველი ტრადიციის გახსენება მოისურვა, რომ იგი 15 წელია თურმე ამას აკეთებდა და ესწრებოდა სხდომას", - განაცხადა თადუმაძემ.
მისი თქმით, დედაქალაქის მერმა მიიღო შესაბამისი მითითება პრემიერისგან, რომ ტრადიციები და უკანონობა აღარ იქნება და მთავრობა იმუშავებს იმ წესით, რომელიც კანონით არის დადგენილი.
ამასთან, შალვა თადუმაძემ განაცხადა, რომ მთავრობას არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა იმის შესახებ, რომ დედაქალაქის მერი მთავრობის სხდომაზე დასწრებას აპირებდა და, მისი მტკიცებით, ამის შესაბამისი დოკუმენტი არ არსებობს, რომელიც იუწყებოდა, რომ გიგი უგულავა აპირებდა მთავრობის სხდომაზე დასწრებას.
თადუმაძის განცხადებით, თუ მთავრობა და პრემიერი ჩათვლის საჭიროდ, მერს მოიწვევენ სხდომაზე.
"ხოლო ის, რომ მას სურვილი აქვს და უნდა მიიღოს მონაწილეობა, ეს კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული და ასეთი რამ არ მოხდება", - განაცხადა შალვა თადუმაძემ.