პარლამენტის ახალი შენობა, რომლის მშენებლობაც დასრულებული და ექსპლუატაციაში ოფიციალურად გადაცემული არ არის, შესაძლოა დაკონსერვდეს.
აღნიშნული საკითხი ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობამ დააყენა. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა აკაკი ბობოხიძემ სახელისუფლებო გუნდს მიმართა იმ 15-20 მლნ ლარის წყაროს მოძიების წინადადებით, რაც პარლამენტის შენობის მთლიანად დასრულებას სჭირდება. თუმცა, როგორც აკაკი ბობოხიძის საპასუხოდ უმრავლესობის ლიდერებმა დავით საგანელიძემ და ზაქარია ქუცნაშვილმა აღნიშნეს, იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობს საბოლოო გადაწყვეტილება, დარჩება თუ არა პარლამენტი ქალაქ ქუთაისში, იქნება ეს შენობა სასწავლო-საუნივერსიტეტო დაწესებულება თუ სხვა ფუნქციის მატარებელი ობიექტი, უმჯობესია მოხდეს შენობის კონსერვაცია და არსებული სახით მისი შენარჩუნება.
დეპუტატებმა ამ კონტექსტში ხაზი გაუსვეს პარლამენტის შენობის მაღალ ხარჯიანობას და პარლამენტის დედაქალაქში დაბრუნების პოლიტიკურ მიზანშეწონილობას. ამასთან, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელმა ზურაბ ტყემალაძემ ბიუროს წევრებს მიაწოდა მის ხელთ არსებული ინფორმაცია პარლამენტის შენობის მშენებლობასთან დაკავშირებულ ფინანსურ დარღვევებზე და იმ სამშენებლო პრობლემატიკაზე, რაც პარლამენტის შენობასთან მიმართებაში იკვეთება.
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დადგა საკითხის სახელმწიფო აუდიტის მიერ შესწავლის აუცილებლობა. აღნიშნულ პოზიციას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ერთმნიშვნელოვნად იზიარებს.