რატომ გაგზავნა გენერალმა ბორისოვმა დავით კეზერაშვილი სამ ასოზე

რატომ გაგზავნა გენერალმა ბორისოვმა დავით კეზერაშვილი სამ ასოზე

აგვისტოს ომის დროს ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებით იგოეთში გამართულ შეხვედრაზე რუსმა გენერალმა ვიაჩესლავ ბორისოვმა საქართველოს მაშინდელ თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილს შეაგინა და სამ ასოზე გაგზავნა. ამის შესახებ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა ლეონარდო დევდარიანმა განაცხადა, რომელიც აგვისტოს ომის დროს რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებაში მონაწილეობდა და ამ შეხვედრასაც უშუალოდ ესწრებოდა.

"ვდგავართ, ვიხრუკებით მზისგულზე და უცბად ორი ახალი ”ლექსუსის” ჯიპით შემოგრიალდა ვიღაც. გაიღო კარი და შავსათვალიანი ამერიკული კინოფილმის გმირი კომანდოსი გადმოვიდა. ისე იყო გამოწკეპილი, გამარჯვებული ჯარის მთავარსარდალი გეგონებოდათ. რაღა ნაპოლეონი და რაღა კეზერაშვილი. ბორისოვმა მკითხა, ეს ვინ არისო. თავდაცვის მინისტრია-მეთქი. კეზერაშვილი მარიაჟი სიარულით მოგვიახლოვდა, ბორისოვს ახედ-დახედა, მერე დაცვას მიუტრიალდა, რა არის, ბიჭებო, ახალი ბატინკები ვერ ჩააცვით ამასო და ბორისოვის ფეხსაცმლისკენ ხელით მიუთითა. ბორისოვს ქართული ესმის, 5 წელი ბათუმში მსახურობდა, თანაც ბატინკი რუსულადაც ბატინკია. ხელით ისე მიუშვირა, რომ ყველაფერი გასაგები იყო ნებისმიერ ენაზე. შევხედე, ბორისოვი გაფითრდა. კეზერაშვილი მოგვიახლოვდა და თავისი "გამართული" რუსულით არ დაუწყო ჩხუბი ბორისოვს?

ბორისოვმა კბილებში გამოცრა, შენ ვინ ხარო? მე საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვარ, შეიარაღებულ ძალებს ვხელმძღვანელობო, გამოეჭიმა კეზერაშვილი. საინტერესოა, რომელ შეიარაღებულ ძალებს მეთაურობ, შე წვინტლიანო, რომელიც არ არსებობს? აბა, მაჩვენე, სად არის შენი შეიარაღებული ძალები? წადი შენიო და ბორისოვმა ჩვენი თავდაცვის მინისტრი სამ ასოზე გაგზავნა, შენ არ დაგელაპარაკებიო, უთხრა", - იხსენებს დევდარიანი.

ლეონარდო დევდარიანის თქმით, ამის შემდეგ ბორისოვმა შეხვედრის ჩაშლა და უკან დაბრუნება დააპირა, თუმცა, დევდარიანთან მრავალწლიანი მეგობრობის ხათრითა და მისი თხოვნით, საბოლოოდ მოლაპარაკება მაინც შედგა.

"ვეხვეწე, ერთი სულელის გულისთვის ნუ ჩავშლით ამ საქმეს, ტყვეებს შველა უნდათ-მეთქი. ბორისოვმა ხათრი ვერ გამიტეხა, მანქანიდან გადმოვიდა და კეზერაშვილს მიუახლოვდა. კეზერაშვილმა უცბად შეცვალა ტონი. ბატონო გენერალო, თქვენ არასწორად გამიგეთო. "ყველაფერი სწორად გავიგე", - უკმეხად უპასუხა ბორისოვმა, - გაცვლა ხვალ 11 საათზე შედგება. ვცვლით ყველას ყველაზე - მერე მობრუნდა, წავედითო, მითხრა და მანქანაში ჩავსხედით", - ყვება დევდარიანი.

იხილეთ "კვირის პალიტრის" სტატია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა