ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ას­ტრო­ლო­გი­უ­რი პორ­ტრე­ტი

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ას­ტრო­ლო­გი­უ­რი პორ­ტრე­ტი

ვიწყებთ საქართველოს მთავრობის წევრების ასტროლოგიური პარამეტრების გაანალიზებას - ახალი მინისტრთა კაბინეტის წევრების კოსმოგრამების მიხედვით შევეცდებით, ვისაუბროთ მათ დადებით და უარყოფით თვისებებზე, მოსალოდნელ წარმატებებსა თუ პრობლემებზე.

პირველ რიგში კი, რა თქმა უნდა, შემოგთავაზებთ მთავრობის მეთაურის, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ასტროლოგიურ პორტრეტს.

ბიძინა ივანიშვილი დაბადებულია 1956 წლის 18 თებერვალს საჩხერის რაიონის სოფელ ჭორვილაში.

ბიძინა ივანიშვილის პირად კოსმოგრამაში მზე მერწყულის ზოდიაქოშია. მერწყულის ნიშნით დაბადებული ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასი თავისუფლების განცდაა და, დიდი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ სხვა მიზეზებთან ერთად, სწორედ თავისუფალი ნების შეზღუდვამ განაპირობა პოლიტიკურ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა.

მერწყულის ზოდიაქოს გავლენა - ეს არის რეფორმებისა და ავანგარდიზმისკენ მიდრეკილება; უარის თქმა ავტოკრატიულ მმართველობაზე და კოლექტიური საქმიანობისთვის უპირატესობის მინიჭება. სწორედ ასეთი მიდგომა ექნება ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში მოღვაწეობისას.

ბიძინა ივანიშვილი ემოციურად თავშეკავებული პიროვნებაა, ამაზე მიანიშნებს მის კოსმოგრამაში მთვარის განლაგება (კუროს ზოდიაქოში). ეს ასტროლოგიური პარამეტრი, აგრეთვე, მიუთითებს მიდრეკილებაზე კომფორტისადმი, სილამაზის აღქმის უნარზე, წინდახედულებასა და მატერიალურ სფეროში დროული ცვლილებების ინსტინქტზე.

ბიძინა ივანიშვილის კოსმოგრამაში აზროვნების პლანეტა მერკური მერწყულის ზოდიაქოშია. ასეთი ასტროლოგიური პარამეტრის მქონე ადამიანისთვის დამახასიათებელი არ არის სიჯიუტე, თუმცა მისი სიმპათიის მოპოვება ძალიან ძნელია, რადგან ადამიანს ძნელად ენდობა, მაგრამ თუ ენდო, ყველა საიდუმლოს გაუმჟღავნებს. მაგრამ ადამიანს, რომელიც ერთობლივად დასახულ მიზნებს უღალატებს, იოლად გაიმეტებს (მოიკვეთს).

ბიძინა ივანიშვილის კოსმოგრამაში დადებითად არის განლაგებული საქმიანობის პლანეტა მარსი (მშვილდოსნის ზოდიაქოში), რომლის გავლენა ადამიანს ანიჭებს არა მხოლოდ ენერგიულობას და ენთუზიაზმს, არამედ რისკზე წასვლის უნარსაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკოსისთვის.

ბიძინა ივანიშვილის კოსმოგრამაში ვხვდებით ე.წ. მილიონერის ასპექტს - იუპიტერისა და პლუტონის შეერთებას, რომელიც ასევე არის ბილ გეიტსისა და სხვა მულტიმილიონერების პირად კოსმოგრამაშიც. ეს ასპექტი არა მხოლოდ დიდ სიმდიდრეზე, არამედ გლობალურ პროცესებზე ზემოქმედების უნარზეც მიანიშნებს. სწორედ ამ ასპექტიდან ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილს შეუძლია საქართველოში პოლიტიკური ცხოვრების გაუმჯობესება, რაც უკვე დაამტკიცა - საქართველოს ისტორიაში პირველად მოახერხა არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა.

საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრის ჰოროსკოპში საყურადღებოა მზისა და იუპიტერ-პლუტონის დაპირისპირება. ეს უარყოფითი ასპექტი მიანიშნებს, რომ ივანიშვილს, ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფთან დაპირისპირების გამო, ზოგჯერ გაუჭირდება თავისი პრინციპების გატარება. ამიტომ ბიძინა ივანიშვილის მიდგომა რეფორმებისა და სიახლეებისადმი უნდა იყოს თანდათანობითი - ნაკლებად ხისტი და ნაკლებად მტკივნეული.

2013 წლის ივნისამდე ახალ პრემიერს დაძაბული შრომა და ბევრი ცვლილების განხორციელება მოუწევს. განსაკუთრებული სიფრთხილისა და ლავირების უნარის გამოჩენა კი 2013 წლის იანვარ-თებერვალში, მარტში და შემდეგ უკვე მაისის მესამე დეკადაში მართებს, რადგან ამ პერიოდებში ქვეყნისთვის მეტად მნიშვნელოვანი პრობლემები უნდა მოაგვაროს. მისთვის სასიკეთო პერიოდი კი დაიწყება 2013 წლის ივნისიდან და შესაძლოა, სწორედ ამ პერიოდში მიაღწიოს მნიშვნელოვან პოლიტიკურ გამარჯვებას. საზოგადოდ კი, მაის-ივნისის პერიოდში გაირკვევა, როგორ განვითარდება საქართველოში პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები და როგორი იქნება ჩვენი ქვეყნის უახლოესი მომავალი.

მოამზადა ასტროლოგმა რამაზ გიგაურმა

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს