სასჯელაღსრულების #16-ე დაწესებულებაში პატიმრებმა, დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, მასობრივი შიმშილობა შეწყვიტეს, თუმცა, 14 პატიმარი შიმშილობას სხვა მოთხოვნებით განაგრძობს. კარცერში მყოფი 2 მოშიმშილე პატიმრის, ვასილ დავლაშერიძისა და თემურ ჩიჩუას მოთხოვნაა, ისინი კარცერიდან ზონაში გადაიყვანონ. დანარჩენი 12 პატიმარი კი, რომლებიც შიდსით არიან დაავადებული, სასჯელის გადავადებას ითხოვენ.
როგორც საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის წევრთან, "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტთან საუბრისას პატიმრებმა აღნიშნეს, მათი მთავარი მოთხოვნა შესრულებულია, თუმცა, ძალაში რჩება ერთი მოთხოვნა, რომ ციხის ადმინისტრაციის ძველი თანამშრომლები გათავისუფლდნენ.
პატიმრების აღნიშნულ მოთხოვნაზე "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი დაწესებულების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ გელა ტყემალაძეს ესაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ თემაზე პატიმრებთან საუბარი ჰქონდა. იგი გადახედავს ძველი თანამშროლების სიას და რეაგირებას მოახდენს.
რაც შეეხება კარცერში მყოფ ორ პატიმარს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ უსამართლოდ გადაიყვანეს კარცერში, გელა ტყემალაძე მათ დაჰპირდა, რომ დღის ბოლომდე ზონაში გადაიყვანს. ვასილ დავლაშერიძე და თემურ ჩიჩუა ამბობენ, რომ შიმშილობას სწორედ მაშინ შეწყვეტენ, როდესაც მათი კარცერიდან გადაყვანა მოხდება.