ზაზა სოფრომაძე: "ახლობლის პირით შემომითვალეს, მონაწილეობა არ მიმეღო საპარლამენტო არჩევნებში"

ზაზა სოფრომაძე: "ახლობლის პირით შემომითვალეს, მონაწილეობა არ მიმეღო საპარლამენტო არჩევნებში"

ამა წლის 27 ივლისს, გამთენიისას, "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" მთავარი საბჭოს წევრი ზაზა სოფრომაძე სამართალდამცველებმა შინიდან ისე გაიყვანეს, რომ დაკავებულის ადგილსამყოფელი ოჯახის წევრებისთვის მხოლოდ 6-7 საათის შემდეგ გახდა ცნობილი. მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტეს, რომ ზაზა სოფრომაძე პროკურატურაში მოწმის სტატუსით დაიბარეს, თუმცა მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ ამ ყველაფერს პოლიტიკური სარჩული ჰქონდა...

- ბატონო ზაზა, რა გახდა სამი თვის წინ თქვენი დაკავების მიზეზი?

- როგორც ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებმა შემდ­გომ განმარტეს, თურმე ეს იყო არა დაკავება, არამედ მოწმის სტატუსით დაბარება. ფორმა, რომლითაც ეს განახორციელეს, შოკის მომგვრელი იყო. დილის ოთხ საათზე დაახლოებით ათამდე ადამიანი მომადგა შინ და წამიყვანეს იმ მოტივით, რომ თითქოს სადარბაზოში მოხდა გასროლა და ამის თაობაზე უნდა გამოეკითხათ რაღაცები. გზად აღმოჩნდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში კი არა, პროკურატურაში ვყოფილვარ დაბარებული მოწმის სტატუსით და არავინ, არც ახლობლებმა და არც მეგობრებმა 5-6 საათის განმავლობაში არ იცოდნენ, სად ვიყავი. დღეს უკვე დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს მოხდა სწორედ პოლიტიკური ნიშნით. მმართველმა პარტიამ კარგად იცოდა, რომ წყალტუბოში მაჟორიტარად კენჭისყრის შემთხვევაში უალტერნატივო კანდიდატი ვიქნებოდი. ამ ფაქტამდე რამდენიმე დღით ადრე მათ წყალტუბოში ჩაატარეს კვლევა და დაადგინეს, რომ მათ კანდიდატს, კაკო ბობოხიძეს სერიოზულ პრობლემას შევუქმნიდი. ჩვენს პარტიას ჯერ არ ჰქონდა გადაწყვეტილი არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა, ამიტომაც გადაწყვიტეს ჩემზე ზემოქმედება.

- ეს დაკითხვის მიმდინარეობისას გითხრეს?

- პროკურატურის წარმომადგენლები დაზღვევის სახელმწიფო ფონდის ჩემი ხელმძღვანელობის დროინდელი ერთ-ერთი ტენდერის თაობაზე მეკითხებოდნენ, თუმცა ყველაფერი ამით არ დასრულებულა. ერთ მშვენიერ დღეს ახლობლის პირით შემომითვალეს, მონაწილეობა არ მიმეღო საპარლამენტო არჩევნებში. ვუთხარი, რომ ეს ასეც იქნებოდა, რადგან ჩვენი პარტია არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებდა, უბრალოდ, ეს ინფორმაცია არ იყო გახმაურებული.

- ეჭვობთ, რომ ეს შეიძლება აკაკი ბობოხიძის მითითებით გაეკეთებინათ?

- ამაზე ვერაფერს გეტყვით. ბობოხიძემ, წყალტუბოში საარჩევნო კამპანიის დაწყებისთანავე, მოსახლეობასთან პირველივე შეხვედრისას განაცხადა, სოფრომაძის დაკავებაში არაფერ შუაში ვარო. რატომ გააკეთა ეს, არ ვიცი. შეიძლება იმიტომ, რომ ჩემმა დაპატიმრებამ საკმაოდ ააღელვა წყალტუბოს მოსახლეობა და ამ ფაქტის ბობოხიძესთან დაკავშირება მის წინასაარჩევნო კამპანიას ვერ წაადგებოდა. ალბათ, ამიტომაც იმართლა თავი. ჩემზე ზემოქმედებას ფორმად შერჩეული იყო პროკურატურაში წაყვანისას ექსტრემული ვითარების შექმნა. დანამდვილებით ვიცი, რომ ამაზე მუშაობა წინა დღეს დაიწყეს, დაიბარეს ჩემი ძველი თანამშრომლები, ყოფილი მოადგილეები, სამმართველოს იმჟამინდელი უფროსები, რაიონული ფილიალის ზოგიერთი ხელმძღვანელი, დაახლოებით 15-მდე ადამიანი, ცდილობდნენ, მათგან მიეღოთ სასურველი ჩვენება ჩემს წინააღმდეგ.

- ამბობენ, რომ ქვეყნის დატოვებასაც კი გთხოვდნენ...

- დიახ, ესეც ამ პერიოდს ემთხვევა, უფრო კონკრეტულად, მაჟორიტარობის კანდიდატთა რეგისტრაციას. ესეც ახლობლის პირით შემომითვალეს.

- იქნებ 2006 წელს თქვენი დაკავება გაიხსენოთ, როდესაც დაზღვევის სახელმწიფო ერთიან ფონდში კორუფციული სქემა გაშიფრეს და თქვენ უფლებამოსილების გადამეტებაში დაგდეს ბრალი. მახსოვს, იმჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა, შემდგომ კი ოპოზიციაში წასულმა ზურაბ ნოღაიდელმა ერთ-ერთ ინტერვიუში მითხრა, ყველაზე მეტად იმას ვნანობ, უდანაშაულო ზაზა სოფრომაძის უფლებები რომ არ დავიცავიო.

- იცით, ალბათ, დანაშაული არ მიღიარებია და ვერც ვაღიარებდი, რადგან არაფერი დამიშავებია. დაკავებიდან მეორე დღესვე გამომიშვეს გირაოთი, მაგრამ ისევ შემაბრუნეს, მხოლოდ იმის გამო, რომ დანაშაული არ ვაღიარე და საპროცესო შეთანხმებას არ მოვაწერე ხელი. საოცარი იყო, რომ ბრალი წამიყენეს იმ საქმეზე, რომლის გამოძიება მე დავიწყე, რომლის თაობაზეც მე ვაწვდიდი ინფორმაციას ძალოვან მინისტრებსაც და შრომისა და ჯანმრთელობის სამინისტროს ხელმძღვანელობასაც. აგრეთვე, რამდენიმე წერილი გავუგზავნე ფინანსურ პოლიციას, რომელშიც ზუსტად ჩამოვთვალე ის საეჭვო ორგანიზაციები, რომლებსაც შეიძლებოდა ასეთი მაქინაციები ჩაეტარებინათ. იცით, რა გვიპასუხეს? - ფინანსურ პოლიციაში დავიბარეთ თქვენ მიერ ჩამოთვლილი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჩამოვართვით ახსნა-განმარტებები და ისინი აბსოლუტურად სწორად საქმიანობენო. ფინანსური პოლიციის დოკუმენტში პირდაპირ გვითითებდნენ, ყველა ის გადარიცხვა, რაც დაგეგმილია, განახორციელეთო. ეს დოკუმენტი არსებობს და ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია ნახოს. ჩვენი ფონდის დირექტორ კობა ძაძამიაზე პირდაპირ ზემოქმედებდა ფინანსური პოლიციის იმჟამინდელი უფროსი დავით კეზერაშვილი და ითხოვდა იმ ეჭვმიტანილი ფირმებისთვის თანხების გადარიცხვას სწორედ იმ კორუფციული სქემით, რომელიც ჩვენ გავშიფრეთ. ეს არის 2004 წლის საქმე, კობა ძაძამია 2006 წელს უკვე ტელევიზიის ფინანსური დირექტორი იყო, როდესაც დააკავეს და ათი წელი მიუსაჯეს. თუ მაკონტროლებელი ორგანო ეუბნება, ყველაფერი გაკონტროლებულიაო, ფინანსურ დირექტორს უფლება არ აქვს, ეს თანხა არ გადარიცხოს. მოკლედ, როცა დასჭირდათ, სხვაგვარად წარმართეს საქმე.

- რისთვის დასჭირდათ?

- იმისთვის, რომ ხელი დაეფარებინათ დამნაშავეთა კონ­კრეტული ჯგუფისთვის, რომელშიც ფინანსური პოლიციის თანამშრომლებიც შედიოდნენ. ძალიან ბევრი საქმე აქვს ახალ ხელისუფლებას გამოსაძიებელი, სავარაუდოდ, ამ საქმესაც ხელახლა გამოიძიებენ. დასანანია, რომ ამის შემდეგ ყველა ის მიღწევა, რაც ამ ფონდს ჰქონდა, ფაქტობრივად, წყალში გადაიყარა. გულსატკენია, რომ ყველაზე წარმატებული სტრუქტურა დაანგრიეს. ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, აგრეთვე, მოწვეული ექსპერტები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ დაზღვევის ფონდი წარმატებული სტრუქტურა იყო, მაშინ, როდესაც კერძო სტრუქტურები არ იყვნენ მზად სახელმწიფო პროგრამების მართვისთვის. საბოლოოდ კი არავის აზრი არ გაითვალისწინეს, ნაწილ-ნაწილ დაშალეს ეს სტრუქტურა და შექმნეს რამდენიმე არაფრის მაქნისი ორგანიზაცია, რომლებიც ძირითადად პოლიტიკური მიზნების აღსრულებით იყვნენ დაკავებული. რა არ იღონეს, რომ საპენსიო დაზღვევისა და სამედიცინო დაზღვევის შესახებ მიღებული კანონები გაეუქმებინათ, რაც უკან გადადგმული ნაბიჯი იყო. ამ ყველაფრის იდეოლოგი და სულისჩამდგმელი კახა ბენდუქიძე გახლდათ. Aამჟამად კი ისევ ხელახლა იწყება იმაზე ლაპარაკი, რომ სახელმწიფო სადაზღვევო სტრუქტურა უნდა შეიქმნას. თუმცა ეს დღეს გაცილებით მტკივნეული პროცესი იქნება.

- ბატონო ზაზა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბება და ხელმძღვანელობა ახალმა­ ხელისუფლებამ თქვენ შემ­ოგ­თა­ვაზოთ.

- ასეთი წინადადებით არავის მოუმართავს. ისე კი, საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა მაქვს იმ ჯგუფთან, რომელიც "ქართულ ოცნებაში" ამ საკითხებზე მუშაობს და ჩვენი ხედვა თანმხვედრია. "ქართული ოცნების" სოციალური პროგრამის განხორციელება რეალურად მიმაჩნია. ჩემი აზრით, ახალი ბიუჯეტის დაგეგმვისას, ყოველგვარი დამატებითი თანხის გარეშე, მთლად 240 ლარი შეიძლება ვერ გახდეს პენსია, მაგრამ არსებულ საარსებო მინიმუმს კი გაუთანაბრდება.

- თუმცა "ქართული ოცნება" მთელი საარჩევნო კამპანიის პროცესში აცხადებდა, რომ დღეს დაანგარიშებული საარსებო მინიმუმი არ შეესაბამება რეალობას, ამიტომაც გადახედავდა ამას. პენსიის ოდენობად 240 ლარი, როგორც ვიცი, ამ ახალი გაანგარიშების მიხედვით ითქვა.

- თუმცა ახლა როგორც გაცხადდა, თავდაპირველად პე­ნსია არსებულ საარსებო მინიმუმს გაუთანაბრდება, შემდგომ კი გადაიხედება ეს საარსებო მინიმუმი და ზრდაც ეტაპობრივად მოხდება. მეც არაერთხელ მითქვამს და ისედაც ცხადია, რომ დღეს დათვლილი საარსებო მინიმუმი რეალობას არ შეესაბამება, მეტიც, არსებობს კანონი საარსებო მინიმუმის დათვლის შესახებ. იცით, რომ კანონში სპეციალურად შეიტანეს ცვლილებები ამ საარსებო მინიმუმის შესამცირებლად? შე­ამცირეს ცილით მდიდარი პროდუქტის - ხორცის ულუფა, სამაგიეროდ, გაზარდეს ისეთი პროდუქტის ოდენობა, რომელიც კალორიულად თითქოს შეესაბამება ხორცის პროდუქტს, მაგრამ უფრო იაფია. აგრეთვე, შესასწავლია საავადმყოფოების პრივატიზაციის პრ­ოცესი, რომელზეც უამრავი კითხვა ჩნდება და რომელიც გამოსაძიებელია. მხოლოდ ერთ მაგალითს გეტყვით: ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრი, რომელიც რამდენიმე ათეული მილიონი დაუჯდა სახელმწიფოს და მართლაც დაემსგავსა ევროპული დონის კლინიკას, საავადმყოფოების პრივატიზაციისას ათას ლარად გადასცეს "ბლოკ ჯორჯიას". ანალოგიური რამ მოხდა ოფთალმოლოგიისა და ნევროლოგიის ცენტრის მიმართაც...

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა