ჟურნალისტის და რესპონდენტის 10-წლიანი ურთიერთობის მანძილზე, მას არასოდეს დაუგვიანია ინტერვიუზე, ამას საგანგებოდ აღვნიშნავ იმიტომ, რომ პუნქტუალურობით ბევრი ქართველი პოლიტიკოსი ვერ დაიკვეხნის. არადა, ეს თვისება პასუხისმგებლობის გრძნობას უკავშირდება, პასუხისმგებლობის გრძნობა კი მომავალი გენერალური პროკურორისთვის, არჩილ კბილაშვილისთვის მეტად მნიშვნელოვანია.
- შევეცდები, არ გავხდე შენი კრიტიკის ობიექტი, - მეუბნება არჩილ კბილაშვილი და საუბარს ვიწყებთ.
- როგორც ჩანს, იურისტობა ჩემი მოწოდება იყო. მე-4 თუ მე-5 კლასში ვიყავი, სახლის გაყოფის ტრაქტატი რომ შევადგინე - მამაჩემს გამოვეყავი; ერთსართულიანი სახლი გვქონდა, ეგრეთ წოდებული "ბელეტაჟი" და მამა სარდაფში გავამწესე. მაშინ თქვა ბაბუამ, ეს ბიჭი იურისტი გამოვაო.
- მამა რომ სარდაფში გაისტუმრეთ, ეგ არაფერი?
- ბაბუას გაყოფის პროცესი მოეწონა, შედეგისთვის ყურადღება არ მიუქცევია. მე-8 კლასიდან იურისტობაზე ვოცნებობდი, მაგრამ მეგონა, ეს ოცნებად დამრჩებოდა. სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, რადგან იმ პერიოდში იურიდიულ ფაკულტეტზე ჩასაბარებლად ორი რამ იყო საჭირო - ან ოქროს მედალი, ან მუშაობის ორწლიანი სტაჟი, მე კი არც ერთი არ მქონდა, მაგრამ ზუსტად იმ წელს, როცა სკოლა დავამთავრე, ეს წესი გაუქმდა.
ბაღდათიდან ვარ. ისე განვლო ბავშვობის წლებმა, თბილისში ექსკურსიაზე ერთხელ ვიყავი ნამყოფი. მეორედ თბილისში მაშინ ჩამოვედი, როდესაც უნივერსიტეტში საბუთები შევიტანე. სამი გამოცდა უნდა ჩამებარებინა. პირველი გამოცდა ქართულ წერაში მქონდა და ჩემდა გასაკვირად, ხუთიანი მივიღე. თავისუფალი თემა დავწერე, სათაურით - "ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა..." ასე დავიწყე: "კონსტანტინე გამსახურდია ამბობდა, ადამიანის სული ერთ რამეში ჰგავს ზეასროლილ ტყვიას - იგი მაღლა აიჭრება და იმავე ნიადაგს უბრუნდება, საიდანაც ატყორცნესო." …მოკლედ, რომანტიკული თემა იყო, მე-10 კლასელის რომანტიკული ნააზრევი. მე და კობა დავითაშვილი ერთად ვაბარებდით გამოცდებს და კობამაც ფრიადი დაიმსახურა. მან დაწერა "ვაჭრობა მე-19 საუკუნის ქართულ მწერლობაში".
ისტორიაშიც ხუთიანი მივიღე. მახსოვს, კომისიის თავმჯდომარემ კითხვა დამისვა, რა არის მაიაკოვსკში ყველაზე მნიშვნელოვანიო. ვიფიქრე, რა უნდა იყოს ამისთანა მნიშვნელოვანი-მეთქი, კინაღამ "ჩამჭრეს"... თურმე კომისიის თავმჯდომარეს წყალთაშუას რესტორანი ჰქონია მხედველობაში. აქ ყველაფერი კარგად დამთავრდა, მაგრამ ბოლო გამოცდაში - რუსულ კარნახში - ორი მივიღე.
12 ქულა კი იყო საკმარისი, მაგრამ ორიანის გამო ვიფიქრე, რომ ვერ ჩავირიცხებოდი.10 დღის შედეგ დამირეკეს და მითხრეს, რომ ნიშანი გადასწორდა, რადგან მსგავსი ნიშნები - ორი 5 და ერთი 2 არავის ჰქონდა. ასე მოვხვდი იურიდიულ ფაკულტეტზე.
- თქვენი პირველი საქმე...
- უნივერსიტეტი 1993 წელს დავამთავრე; 1994-95 წლებში საკონსტიტუციო საბჭო შეიქმნა, კომისიის მდივანი ავთანდილ დემეტრაშვილი გახლდათ. მაშინ კონსტიტუციების დაწერის ბუმი იყო, ყველა პარტიას კონსტიტუციის თავისი ვარიანტი ჰქონდა. ამ დროს შეიქმნა მოქალაქეთა კავშირი. ამ პარტიას ჰქონდა ამბიცია, რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში. ზურაბ ჟვანია მაშინ პარტიის გენერალური მდივანი გახლდათ. ავთო დემეტრაშვილმა შემომთავაზა, იქნებ "მოქალაქეთა კავშირს" დაეხმარო კონსტიტუციის დაწერაშიო. მაშინ გავიცანი ზურაბ ჟვანია, მოქალაქეთა კავშირს მოვუმზადე კონსტიტუციის მისეული ვერსია. ეს იყო პირველი საქმე. ზურაბმა მაშინ შემომთავაზა, მოდი, "მოქალაქეთა კავშირის" წევრი გახდი, ახალგაზრდული ფრთაც გვაქვსო, მაგრამ მაშინ 22-23 წლის ვიყავი, ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდი და მიმაჩნდა, რომ პარტიული საქმიანობის დაწყება ჩემთვის ძალიან ადრე იყო. კარგად გავიცანი შევარდნაძეც.
1995 წელს, როცა შევარდნაძე პრეზიდენტად აირჩიეს, პეტრე მამრაძემ დამირეკა და გადმომცა შევარდნაძის თხოვნა, კანცელარიაში იურიდიული სამსახურის უფროსი გავმხდარიყავი. ძალიან მცირე ხელფასი იყო და უარი ვთქვი. ასე გავუშვი ხელიდან პირველი შანსი - ჩავმდგარიყავი სახელმწიფო სამსახურში, თუმცა დღევანდელი გადასახედიდან აშკარაა, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე - 23 წლის ბიჭს პოლიტიკაში არაფერი ესაქმება, ადამიანი პოლიტიკაში მოწიფულ ასაკში უნდა მოვიდეს. ადრე ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ პოლიტიკაში მოსულ ადამიანს გადალახული უნდა ჰქონდეს სექსუალური ლტოლვის ფიზიოლოგიური ეტაპი და უნდა ჰქონდეს მეტ-ნაკლებად მოწესრიგებული მატერიალური მდგომარეობა. არ შეიძლება სხვის ბედს წყვეტდეს ადამიანი, ვისაც საკუთარი ვერ მოუწესრიგებია, არ შეიძლება, იყო მოსამართლე და საოჯახო სამართლის დავებს იხილავდე, როცა თავად არ იცი, რა არის ოჯახი, არ შეიძლება სამეწარმეო დავას იხილავდე, როცა არაფერი გაგეგება მეწარმეობისა.
- თქვენი ოჯახის შესახებ მოგვიყევით...
- მყავს მეუღლე სოფიო ცისკაძე, იურისტი. სამი შვილი გვყავს: 9 წლის სანდრო, 4 წლის სალომე და 2 წლის ვასილი. ერთი წელი დაგვჭირდა, რომ ერთმანეთი დაგვენახა და შეგვეფასებინა. ქორწინებას, როგორც წესი, რომანტიკული გარსი ეცლება ხოლმე და უცბად აღმოჩნდება, რომ არც ის არის პრინცესა და არც შენ ხარ თეთრ რაშზე ამხედრებული რაინდი: ხვრინავ, ეწევი და სვამ კიდეც, სიდედრს დედას არ ეძახი, გამოხედვა გაქვს ცუდი და ასე შემდეგ, თუმცა, მფრინავი თეფში ჩვენს ოჯახში ჯერ არავის შეუნიშნავს. ნოდარ დუმბაძისა არ იყოს, არც ჩემს ცოლს გასძრობია შემთხვევით ტუფლი ფეხიდან.
ჩემმა ოთხი წლის შვილმა მითხრა, ვიცი, ვინც უნდა გახდეო. ვინ-მეთქი? ვინ და - პარლამენტიო.…მეორემ შეუსწორა, პარლამენტი კი არა, გენერალური პროკურორიო, და რას ნიშნავს გენერალური პროკურორიო, მკითხეს. რას და, სათამაშოების ქარხნის დირექტორობას-მეთქი. არ დამიჯერეს...…ჩემი მეუღლე სულ მსაყვედურობდა საარჩევნო კამპანიის პერიოდში (მოგეხსენებათ რამდენიმე თვე წასული ვიყავი), შენ უკვე აიხდინე შენი ქართული ოცნებაო - სახლში შენ არ მოდიხარ და ეს ბავშვები მე დამიტოვეო!
- რას ნიშნავს თქვენთვის გენერალური პროკურორობა?
- მზა რეცეპტი არ მაქვს, რას ნიშნავს ეს თანამდებობა ჩემთვის, მაგრამ ვიცი, რა უნდა ვაკეთო და რა არ უნდა ვაკეთო.
- რა არ უნდა აკეთოთ?
- უპირველეს ყოვლისა, არ უნდა გავხდე აღმასრულებელი ხელისუფლების დანაყოფი, მისი პოლიტიკური ნების შემსრულებელი.