ვაინახები შურისძიებისთვის ემზადებიან?

ვაინახები შურისძიებისთვის ემზადებიან?

ჩვენ მოვახერხეთ საქართველოს საზღვრების, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 29 აგვისტოს საქართველო-დაღესტნის საზღვართან ე.წ. ანტიტერორისტული ოპერაციის დასრულების შემდეგ. სპეცოპერაციის შედეგად, ოფიციალური ინფორმაციით, შსს-ს ორი თანამშრომელი და ერთი სამხედრო ექიმი დაიღუპა, 11 დივერსანტი კი ლიკვიდირებულ იქნა. ამ სპეცოპერაციის შემდეგ უამრავი კითხვა წარმოიშვა: რა იყო ეს - იმჟამინდელი ხელისუფლების მიერ დადგმული პიარაქციის ნაწილი თუ ჩვენი ქვეყნის გადარჩენა რუსეთის აგრესიისგან? იყო თუ არა აუცილებელი ე.წ. დივერსანტთა განადგურება? ვისი ხელშეწყობით ან უყურადღებობით მიეცათ დივერსანტებს საქართველოში შემოსვლის საშუალება? იმედია, ამ კითხვებზე პასუხის გაცემას სამართლიანი სასამართლო შეძლებს. მანამდე კი "ყველა სიახლე" ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის მთავრობის წევრს, წარმოშობით ქისტ მათე ციხესაშვილს სტრასბურში დაუკავშირდა.

- ბატონო მათე, ბევრი უპასუხო კითხვა დარჩა ე.წ. ლაფანყურის სპეცოპერაციაზე. თქვენი აზრით, რა მოხდა სინამდვილეში ლოპოტის ხეობაში და რა მიზანს ემსახურებოდა ხელისუფლების მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია?

- ლოპოტის ხეობაში ჩატარებულ ე.წ. სპეცოპერაციაზე ზუსტი პასუხის გაცემა ჯერჯერობით შეუძლებელია. თუმცა არსებობს ვერსია: 1. ეს იყო ხელისუფლების პიარაქცია, მოეგო არჩევნები და ხალხი დაეშინებინა; 2. იგეგმებოდა ივანიშვილის წინააღმდეგ ტერაქტი; 3. სპეცსამსახურების ხელმძღვანელები ბიჭებს დაღესტანში გადასვლას შეჰპირდნენ, ამის შესახებ შეიტყვეს რუსეთის სპეცსამსახურის წარმომადგენლებმა და ინფორმაციას გამოხმაურება რომ არ მოჰყოლოდა, ისინი დახოცეს... ისმის კითხვა - იყვნენ თუ არა დახოცილი ბიჭები "ბოევიკები"? ჩემი აზრით - არა. ე.წ. ბოევიკები ასეთ შეცდომებს არ უშვებენ და სასაკლაოზე არ მიდიან. არც ივანიშვილის წინააღმდეგ ტერაქტის მოწყობას სჭირდებოდა 17 კაცი, ასეთ შემთხვევაში 2 კილერიც საკმარისია. რაც შეეხება დაღესტანში გადასვლას, ნებისმიერმა "ბოევიკმაც" და "არაბოევიკმაც" იცის, რომ კავკასიონის ქედს მთლიანად რუსეთის უშიშროების დანაყოფები აკონტროლებენ და იქ ჩიტიც ვერ გადაფრინდება. ვფიქრობ, ეს ბიჭები მოტყუებით ჩაიყვანეს ლოპოტის ხეობაში, მძევლების აყვანა დააბრალეს და დახოცეს.

დახოცილი ბიჭები არიან პანკისის ხეობაში მცხოვრები და ჩეჩნეთიდან შემოსული ლტოლვილები. მიცვალებულის დატირებას ჩეჩნეთში რუსებიც კი არ უკრძალავდნენ ხალხს, საქართველოს ხელისუფლებამ კი პანკისელ ქისტებს გლოვა აუკრძალა, ასეთი რამ არასდროს მომხდარა. ლაფანყურის ტრაგედია არის სააკაშვილის ხელისუფლების მიერ დადგმული ფარსი და ამაზე მას მოუწევს პასუხისგება.

- საუბარი იყო ჩრდილო­კა­ვკასიელთა, ასევე პანკისელი ქი­სტების მხრიდან შუ­რისძიებაზე. რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს ამ ამბავს?

- ლოპოტის ხეობის სპეცოპერაციას დიდი გამოხმაურება მოჰყვა როგორც პანკისის ხეობაში, ასევე ჩეჩნეთში, ინგუშეთში და ევროპასა თუ შუა აზიაში მცხოვრებ ვაინახებში. დახოცილი ბიჭების უკან დგას ტაიპი, ანუ ეთნოსი, რომელიც დღეს თუ არა ხვალ მაინც მოითხოვს პასუხს კითხვაზე - რატომ და რისთვის დახოცეს ეს ბიჭები. ოჯახებს დახოცილთა დაკრძალვის უფლებას არ აძლევ და თანაც ემუქრები? - ასეთი ქმედება სახელმწიფოს მხრიდან დაუშვებელია. შურისძიება, ანუ სისხლის აღების ინსტიტუტი ჩვენში არის და იქნება მომავალშიც. ჩვენს შორის ისეთი დიდი ძმობა და მეგობრობა არსებობს, რომ საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ არაფერი მოხდება, მხოლოდ დამნაშავეებს მოუწევთ პასუხისგება როგორც სამართლის, ისე ქისტური ადათ-წესების წინაშე, თუ რა ფორმით, ამას დაღუპულთა ოჯახის უფროსები გადაწყვეტენ. იჩქერიის მხრიდან არის შექმნილი სახელმწიფო კომისია, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯოხარ დუდაევის დისშვილი - ფერზაულ უსმანი ხელმძღვანელობს. კომისია საქმეს მაშინ მიიყვანს ბოლომდე, როცა საქართველოში სახელმწიფო სტრუქტურები ოფიციალურად დაიწყებენ ფუნქციობას.

- ჩეჩნეთის ექსპრეზიდენტ ჯოხარ დუდაევის დისშვილის, უმარ იდიგოვის თქმით, ლოპოტის ხეობაში დახოცილ ახალგაზრდებს იარაღი ბაჩო ახალაიამ მისცა.

- იმაზე, თუ საიდან ჰქონდათ მათ ასეთი შეიარაღება, ბევრი დაიწერა და ითქვა. ქისტური ადათობრივი სამართლიდან გამომდინარე, ახალაიებს აუცილებლად მოუწევთ პასუხისგება, რადგან იმხანად ბაჩო ახალაია შს მინისტრი იყო. მის გარეშე თუ ჩატარდა ეს ე.წ. სპეცოპერაცია, მაშინ უნდა თქვას, ვინ ჩაატარა და ვინ გასცა ბიჭების დახოცვის ბრძანება. გვესმის, რომ სახელმწიფო თავისი კანონმდებლობით მოქმედებს, მაგრამ ქისტურ სამართალში ეს საკითხი სხვანაირად დგას - დანაშაულს უხუცესები განიხილავენ. დაღუპულთა ოჯახის წევრები აყენებენ საკითხს, ვინ წაიყვანა მათი შვილები ლოპოტის ხეობაში, რა მიზნით და ეს გზა ბოლოს მივა სააკაშვილამდე. თუ სააკაშვილმა გასცა ბიჭების დახოცვის ბრძანება, მოუწევს პასუხისგება, ან შურისძიება გადავა მის შვილზე და ასე გაგრძელდება, ვიდრე დაზარალებული საბოლოოდ არ იძიებს შურს. ეს საქმე პანკისელ ლეეჩი (კაკო) ბორჩაშვილს აქვს ჩაბარებული და ვნახოთ, რა განაჩენს გამოიტანს "მეხქ - ყეალი", ანუ ქისტების დაუწერელი ადათობრივი სამართალი.

- ქისტებისთვის რა უფრო სარწმუნო იქნება - კომისიის დასკვნა თუ ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება?

- საქართველოს მთავრობა, გენერალური პროკურატურა, ვალდებულია, გამოიძიოს საქმე და სიმართლე უთხრას როგორც ქართველ, ასევე ვაინახ ხალხს, დაღუპული ბიჭების ოჯახებს. როდესაც ბიძინა ივანიშვილი ატარებდა საარჩევნო კამპანიას, თელავშიც და ახმეტაშიც, განაცხადა, რომ მისი კოალიციის გამარჯვების შემთხვევაში დანაშაული ობიექტურად იქნებოდა გამოძიებული. ახლა ველოდებით, რა ნაბიჯებს გადადგამს ბიძინა ივანიშვილი. თუმცა ქისტებისთვის არ აქვს მნიშვნელობა სასამართლოს გადაწყვეტილებას. სასამართლომ და­მნაშავეებს 100 წელიც რომ მიუსაჯოს, ეს ქისტებისთვის არაფერს ნიშნავს. აქ დგას სისხლის აღების საკითხი. მაგალითად, თუ სნაიპერმა მოკლა 4-5 ბიჭი, და მას ჰყავს ამდენივე შვილი, ყველას დახოცავენ, თუ არა, მის ძმისშვილებზე იძიებენ შურს. კომისიას აქვს დავალება, დაადგინოს, ვინ და რატომ დახოცა ბიჭები. მათი ფუნქცია აქ მთავრდება. ამის შემდეგ დაზარალებული ქისტები სისხლს აიღებენ. ასე რომ არ მოიქცნენ, ხალხი არ მოასვენებს.

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა