ამერიკელი მილიარდერი დონალდ ტრამპი სენსაციური დოკუმენტების გამოქვეყნებას აპირებს. ტრამპის თქმით, ეს დოკუმენტები ადასტურებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და მისი მეუღლე მიშელი განქორწინებას აპირებდნენ.
როგორც 66 წლის ბიზნესმენი Twitter-ში საკუთარ გვერდზე წერს, მის ხელთ არსებულ მონაცემებს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენა შეუძლია.
"ბარაკ და მიშელ ობამების კავშირი არც ისეთი მტკიცეა, როგორც ეს შორიდან ჩანს და მათ ურთიერთობაში ყველაფერი რიგზე არ არის, - განუცხადა პრესას მწერალმა და ტრამპის ბიზნესპარტნიორმა დუგლას კასმა, - ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, წყვილი, რომელმაც წელს შეუღლების ოცი წლისთავი აღნიშნა, რამდენიმე წლის წინ განქორწინებას აპირებდა და შესაბამისი დოკუმენეტებიც ჰქონდა მომზადებული".
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ტრამპი ქვეყნის პირველი პირის ბიოგრაფიის უცნობ დეტალებს ამზეურებს. მაგნატმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ პრეზიდენტი საკუთარი დაბადების რეალურ ადგილს მალავს. ტრამპის ვერსიით, ობამა კენიაში დაიბადა და არა ჰავაიზე.
დონალდ ტრამპი დიდი ხნის განმავლობაში განიხილავდა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას, თუმცა ბოლო მომენტში ამ იდეაზე უარი თქვა. ამჟამად კომპანია Trump Organization-ის დამფუძნებელი აქტიურად უჭერს მხარს რესპუბლიკელი მიტ რომნის კანდიდატურას. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 6 ნოემბერს გაიმართება.
მომზადებულია lifenews.ru-ის მიხედვით.