პარლამენტის ახალი უმრავლესობა, უმცირესობისგან განსხვავებით, მიხეილ სააკაშვილს ფეხზე წამოდგომით არ შეხვედრია. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა კი საქართველოს პრეზიდენტს მერვე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე სიტყვით გამოსვლა ტაშითაც შეაწყვეტინეს.
როგორც კოალიციის წარმომადგენელმა კობა დავითაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განმარტა, ამ ჟესტით მათ უმრავლესობამ პოლიტიკური პროტესტი გამოხატა.
"გჟესტი, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები პრეზიდენტს ფეხზე ადგომით არ შეხვდნენ, ჩვენს მიერ მის წინააღმდეგ გამოხატული პოლიტიკური პროტესტი იყო" - განაცხადა დავითაშვილმა.
მისივე განმარტებით, პროტესტი იმ ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ იყო მიმართული, რომელიც საქართველოში სააკაშვილის გუნდის ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო დამკვიდრებული.
"ეს იყო პოლიტიკური პროტესტი მიხეილ სააკაშვილის მიმართ იმ ავტორიტარული რეჟიმის, ტირანიის, ადამიანთა წამებისა და ძალადობის გამო, რომელსაც სააკაშვილის გუნდი წლების განმავლობაში ახორციელებდა", - აღნიშნა დავითაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილს სხდომათა დარბაზში ფეხზე ადგომით მხოლოდ საკუთარი გუნდის წევრები შეხვდნენ.
სიტყვის დასასრულს კი მიხეილ სააკაშვილი მიესალმა სხდომაზე დამსწრეებს – სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, "ქართული ოცნების" ლიდერ ბიძინა ივანიშვილს, ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ კალისტრატესა და წმინდა სინოდის წევრებს, სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლებსა და დიპლომატიურ კორპუსს.
საქართველოს პრეზიდენტმა წარმატება დავით უსუფაშვილსაც მიულოცა და ახალი მოწვევის პარლამენტს "ხალხის საკეთილდღეოდ ნაყოფიერი და შინაარსიანი მუშაობა" უსურვა.
მიხეილ სააკაშვილი აპლოდისმენტებით სხდომათა დარბაზიდან ისევ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა გააცილეს.