მიხეილ სააკაშვილი - ის, ვინც დღეს ოპოზიციაშია, შეიძლება ხვალ ხელისუფლებაში მოვიდეს

მიხეილ სააკაშვილი - ის, ვინც დღეს ოპოზიციაშია, შეიძლება ხვალ ხელისუფლებაში მოვიდეს

ის, ვინც ოპოზიცია იყო, დღეს მთავრობაშია და ვინც დღეს ოპოზიციაშია, შეიძლება ხვალ ხელისუფლებაში მოვიდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისში პარლამენტის პირველ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველო დღეს არის ქვეყანა, სადაც მთავრობა იცვლება არა ტყვიებით, ტანკებით ან თუნდაც ვარდებით, არამედ ბიულეტენებით და არჩევნებით.

"პარლამენტი ჩვენი დემოკრატიული ცხოვრების გულია, რომელიც დღეს იწყებს ფეთქვას. ეს იქნება უფრო დაბალანსებული პარლამენტი, იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციის ბევრმა წევრმა, რომელიც დღეს აქ ზის, 2008 წელს უარი თქვა თავის მანდატზე. დღეს მიხარია, რომ აქ გხედავთ. აქ სხვა კლიმატია და დარბაზში ყოფნა შესაძლოა, უფრო სასარგებლო იყოს, ვიდრე გარეთ დგომა. 2009 წელს თქვენ აქციებში მონაწილეობდით და ახლა პარლამენტის წევრები ხართ და ზოგიერთი თქვენგანი მაღალ თანამდებობებსაც უმიზნებს", - მიმართა პრეზიდენტმა ოპონენტებს.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, არის ბევრი საკითხი, რაზეც ყოფილ და არჩეულ მთავრობებს შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, აზრთა სხვადასხვაობა არ გაქრება, მაგრამ ის კონსტიტუციურ ფარგლებში უნდა მოექცეს.

"ყველა ქვეყანაში, როგორი ეფექტური მთავრობაც არ უნდა იყოს - მთავრობა ეუბნება ხალხს, რა არის ცუდი და კარგი. ახლა კი ხალხი თვითონ დაინახავს ყველაფრის ფასს - რა არის ცუდი და რა - კარგი. ეს არის დემოკრატია. ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლების მშვიდობიანი ცვალებადობა ჩვეულებრივ ამბად უნდა იქცეს. არსებული მენტალიტეტი - გამარჯვებული იღებს ყველაფერს, ნელ-ნელა გაქრება. სიტუაციის დამძაბავი რიტორიკაც გაქრება და საქართველო გახდება ნორმალური ევროპული დემოკრატია და ჩვენთვის გაიღება ევროკავშირის კარი. ჩვენ დავბრუნდებით ჩვენს ისტორიულ ოჯახში. ამისთვის ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს ინსტიტუტებს, ოპონენტებს და კონსტიტუციას. ის, ვინც ოპოზიცია იყო, დღეს მთავრობაშია და ვინც დღეს ოპოზიციაშია, შეიძლება ხვალ ხელისუფლებაში მოვიდეს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა უმრავლესობას უსურვა, "არამხოლოდ არაფერი დაანგრიოს და გააუარესოს", არამედ ის დაპირებები შეასრულოს, რომელიც ხალხს მისცა, ხოლო უმცირესობას უსურვა, იყვნენ კონსტრუქციულები, "მოუსვენებელი ოპოზიცია".

"ჩვენ, ხალხნო არ ვართ ერთმანეთის მტრები, არამედ ვართ ერთმანეთის პოლიტიკური მეტოქეები. ეს კამპანია იყო რთული, უხამსი, გესლიანი ალბათ ყველა მხრიდან, მაგრამ ახლა თქვენ მთელ ერს წარმოადგენთ. აქამდე კამპანიის და კონკურენციის დრო იყო, ახლა კი მუშაობის დრო დაგვიდგა, რომ შევქმნათ სამუშაო ადგილები, გავაუმჯობესოთ სოფლის მეურნეობა, ასევე დემოკრატიული განვითარება. ამის გარდა, უნდა ვიმუშაოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებზე, დეოკუპაციაზე. არ გავებათ საქართველოს ტერიტორიის ოკუპანტის მიერ დაგებულ არც ერთ ხაფანგში. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ დაგვავიწყდა განსხვავება ჩვენს შეხედულებებს შორის ან იმას, რომ ყველა უცებ უნდა დავენთანხმოთ ყველაფერში. ჩვენ განსხვავებული პოზიციები გვაქვს რიგ საკითხებში, მათ შორის დანაშაულთან, კორუფციასთან ბრძოლის, ეკონომიკის, საგარეო პოლიტიკის საკითხებში", - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, დღევანდელი პარლამენტი არის სიმბოლო ახალი საქართველოსი, რომელიც რადიკალურად განსხვავდება ლავრენტი ბერიას მიერ აშენებული ძველი პარლამენტისგან, რომელიც ათასგვარ უბედურებასთან არის დაკავშირებული საქართველოს ისტორიაში.

"გარეგნულზე უფრო მეტად კი, სიმბოლოა იმ თანასწორობის, რომელსაც ქართველმა საზოგადოებამ უნდა მიაღწიოს. ეს არის ერთ დროს მეორეხარისხოვანი ქალაქების განვითარების გეგმის სიმბოლო", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი დრო მოდის. "ჩვენ უნდა მივისწრაფოდეთ პარლამენტის გადაწყვეტილების მიღების დეცენტრალიზაციისკენ, რათა უფრო მეტ მოქალაქეს ჰქონდეს პირდაპირ გავლენა ამ გადაწყვეტილებებზე. აქ რომ შემოვედი, გარეთ იყო მიტინგები. ამ პარლამენტის კედელები შუშის არის და ჩვენ მათ ხმას გავიგებთ. ჩვენი საზოგადოების პოლიტიკური ელიტა საზოგადოების მრავალფეროვან ნაწილს უნდა წარმოადგენდეს", - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, პარლამენტის ქუთაისში გადატანა არც მარტივი გადაწყვეტილება იყო და არც დედაქალაქის წინააღმდეგ მიმართული სადამსჯელო ღონისძიება. "ეს არის იმ დიდი გეგმის ნაწილი, რომელიც, როგორც ხელისუფლების, ასევე, ინსტიტუტების განვითარებასა და დეცენტრალიზაციას ისახავს მიზნად", - დასძინა ქვეყნის პირველმა პირმა.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა