ტელეკომპანია "რეალტივი საქართველოს" 100% წილის მფლობელმა ლია დოლიძემ 16 ოქტომბერს ასივე პროცენტი ბიზნესმენ ლალი ეგაძეზე გაასხვისა.
მანამდე კი ყოფილმა მფლობელმა თანამშრომლები სამსახურიდან დაითხოვა, რადგან მათ წინაშე არსებული სახელფასო დავალიანების გასტუმრების რესურსი არ გააჩნდა.
"რეალტივი საქართველოს" 100% წილი ლალი ეგაძემ 30 000 ლარად შეიძინა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ეგაძემ განუცხადა, ტელეკომპანიის აქტივები და პასივები 30 ათას ლარად აუდიტორულმა კომპანიამ შეაფასა. მისივე თქმით, თანამშრომლების მიმართ არსებობს სახელფასო დავალიანება, რომლის გასტუმრების ვალდებულებასაც ახალი მფლობელი იღებს.
გარდა ამისა, ლალი ეგაძე უახლოეს დღეებში გააკეთებს განცხადებას, თუ რა სახით განაგრძობს მაუწყებლობას ტელეკომპანია. ამჟამად მიმდინარეობს დროებითი მაუწყებლობა და არხის გადაბარების პროცესი.