ირმა ინაშვილი: "ყველამ მარტო დამტოვა, დღესაც არ ვარ დაცული"

ირმა ინაშვილი: "ყველამ მარტო დამტოვა, დღესაც არ ვარ დაცული"

დღეს საქართველოში ირმა ინაშვილის სახელი და გვარი ყველამ იცის. ციხის წამების კადრები ტელევიზიებს სწორედ ამ ჟურნალისტმა მიაწოდა. ამის შესახებ პირველად ბელგიიდან განაცხადა, სადაც ამ მძიმე პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდა. უამრავი ტელე და ბეჭდური ვერსიის მიუხედავად, ამ საქმის ბევრი დეტალი ჯერ კიდევ ბუნდოვანია. ირმა ინაშვილთან ვრცელი ინტერვიუს ჩაწერით შევეცადეთ, ქრონოლოგიურად მივყოლოდით ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს.

- ქალბატონო ირმა, საუბარი იმ დღიდან დავიწყოთ, როდესაც სკანდალური ფირი გადმოგცეს.

- გუშინ დავიწყე წიგნის წერა, რომელსაც პირობითად "ბელგიის საქმე" დავარქვი, სადაც ყველა ამ დეტალზე ვრცლად მოვყვები. წიგნის თანაავტორი ჩემი კოლეგა გიორგი ფოფხაძე გახლავთ, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ამ საქმეში. ერთ თავს უცხოელი ადვოკატი დაწერს. იმ წიგნში ყველაფერზე დეტალურად ვილაპარაკებ.

უკვე ბევრჯერ მოვყევი, რომ მაისის ბოლოს ჩემთან "ობიექტივში" ერთი პიროვნება მოვიდა, მასალა გადმომცა და მითხრა, რომ ამ საქმისთვის ყურადღება მიმექცია.

- და გითხრათ, რომ ვანო მერაბიშვილის დავალებით მოქმედებდა?

- დიახ, რა თქმა უნდა. ეს იყო შემზარავი კადრები. ის, რასაც წლების განმავლობაში ვერ ვამტკიცებდი, რომ ციხეებში პატიმრებს აწამებდნენ და დუბინკებით აუპატიურებდნენ, ამ ვიდეოებმა დაამტკიცა. როგორც ჩანს, ჩვენი საზოგადოებისთვის საკმარისი არ იყო პატიმრების ჩვენებები, რაზეც აქამდე ვლაპარაკობდით.

- თუმცა ცოცხით გაუპატიურებაზე არც ერთ პატიმარს არ უთქვამს...

- დიახ, ეს პირველად ვნახეთ კადრებში. ბევრი სვამს კითხვას, რატომ არ გამოვაქვეყნეთ მასალა მაშინვე. კოლეგებს ყოველთვის ვეუბნები, როდესაც ამ თემაზე მუშაობა დავიწყეთ, კონკრეტული გეგმა შევიმუშავეთ, როგორ უნდა გვემოქმედა. ამ მასალის ბედი რომ არასწორად წარგვემართა, დღეს არც მე ვიქნებოდი ცოცხალი და არც ის ადამიანები, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვთ ამ თემასთან. ამ ქვეყანაში დღესაც არ არის დაცული ჩვენი უსაფრთხოება და მით უმეტეს ადრე ვინმესთვის რომ მეთქვა, ასეთი კადრები მქონდა, ის ვიღაც სამუდამოდ გამერიდებოდა. მასალას ვერავის ვანდობდი და ამიტომ გადავწყვიტე, პირველ რიგში საზღვარგარეთ გამეტანა. შემდეგ აუცილებლად უნდა ჩატარებულიყო ექსპერტიზა, რომ დავრწმუნებულიყავი მასალის რეალურობაში. მიხეილ სააკაშვილს და სხვა თანამდებობის პირებს არ უარუყვიათ, რომ მასალა რეალური გახლდათ. პრეზიდენტის შეფასებით, ამან სისტემის კრახი გამოიწვია. მოგვიანებით სხვა კრახიც გამოიწვია, მაგრამ სააკაშვილის შეფასება მხოლოდ ეს იყო.

- მასალა სად გაგზავნეთ?

- რამდენიმე გზის გამოყენებით ბრიუსელში ჩავიტანე, ჟურნალისტ გიორგი ფოფხაძესთან. მის გატანას და ადგილზე ჩატანასაც დრო სჭირდებოდა. აქაც უნდა დაცულიყო უსაფრთხოების ზომები. როდესაც საქართველოს საზღვარს ვტოვებ, თხუთმეტი წუთი ვდგავარ და საპასპორტო კონტროლს გავდივარ. როგორ წარმოგიდგენიათ, ამ დროს ჩემისთანა ადამიანს გააქვს რაღაც სერიოზული მასალა. ესეც უნდა შეგვეცვალა და სხვა გზით გაგვეტანა.

- ბელგიაში ჩასული გიორგი ფოფხაძეს შეხვდით?

- დიახ, მასალა მაშინვე მას გადავეცი. მთავარი ამოცანა იყო ექსპერტიზა და ადვოკატის მოძიება. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისთვის უნდა მიგვეწოდებინა ეს მასალა და კადრებს გასცნობოდნენ. ხომ ნახეთ, შემდეგ რამდენი განცხადება გავრცელდა, ქეთრინ ეშტონმა, ბაროზომ, ევროსტრუქტურის ყველა პირველმა პირმა საგანგებო განცხადებები გააკეთეს და დაგმეს ის, რაც ხდებოდა საქართველოს ციხეებში. ეს იყო ჩვენი საქმიანობის შედეგი, რადგან მათ წინასწარ ჰქონდათ ამაზე ინფორმაცია.

- რამდენ ხანს გრძელდებოდა ეს ფირი და რა დარჩა კადრს მიღმა?

- ამ კითხვას ბევრი მისვამს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ იმ კადრების შემდეგ, რაც საზოგადოებამ ნახა, ამაზე მეტი რაღა უნდა გვენახა?!.

- ამბობდნენ, რომ ფირზე ქალთა ციხეში განხორციელებული წამების კადრებიც იყო ასახული...

- არა, ეს მასალა მე არ მქონია. ასევე ამბობდნენ, რომ არსებობდა კადრები ჯარში არსებულ სიტუაციაზე. პირდაპირ ვამბობ, ამ მასალაში ასეთი კადრები არ ყოფილა. დარჩენილი კადრები ასახავს შიდა სიტუაციას ციხეში, სადაც სხვადასხვა თანამდებობის პირები საუბრობენ, ეს კადრები საინტერესოა გამოძიებისთვის. მასალა ამჟამად ბელგიაში იქაურ ადვოკატთან ინახება. შეტანილია სარჩელი ბელგიის პროკურატურაში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ ბელგიის პროკურატურამ საჩივარი მიიღო. ჩვენი ადვოკატი, ამრანი, იქ ძალიან ცნობილია. საჩივარში წერია, რომ ამ ფაქტებიდან გამომდინარე, აუცილებლად უნდა დადგეს იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ და რომელთა ორგანიზებითაც ეს ყველაფერი ხდებოდა. სარჩელში მითითებულია, რომ ამ პირებში მოიაზრებიან მიხეილ სააკაშვილი, ბაჩო ახალაია, მურთაზ ზოდელავა, ვანო მერაბიშვილი.

- ხათუნა კალმახელიძე თუ ფიგურირებს ფირზე?

- არა, მე არ მინახავს ასეთი რამ და თუ ვინმეს აქვს ასეთი ფირი, შეუძლია გამოიტანოს. მეც გამიგია, პატიმრებიც ჰყვებიან, რომ წამებას კალმახელიძეც ესწრებოდა, მაგრამ ამის დამადასტურებელი ვიდეომასალა არ მაქვს.

- როდის გამოჩნდა ამ პროცესში ლადო ბედუკაძე?

- ბედუკაძე თავად ჩავიდა ბელგიაში. მე მას მანამდე არ ვიცნობდი, იქ გავიცანი. სწორედ ამ დეტალებზე იქნება წიგნში საუბარი. ჯერ კიდევ ცხელია ეს თემა და არ მინდა ბევრ დეტალზე საუბარი. პირდაპირ გეუბნებით, არ ვარ დარწმუნებული, რომ დღეს მე ამ ქვეყანაში დაცული ვარ, იმის მიუხედავად, რომ არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა. მე თავს დაცულად არ ვგრძნობ და არც ის ადამიანები, ვინც ამ საქმეში მონაწილეობდნენ.

- რატომ შეირჩა 18 სექტემბერი კადრების გამოქვეყნების თარიღად?

- ბრიფინგი 20 სექტმებრისთვის დავგეგმეთ, მაგრამ ინფორმაციამ გაჟონა და ხელისუფლებამ თავად დაიწყო ამაზე ლაპარაკი. მივხვდით, რომ ინფორმაციამ გაჟონა და ეს იყო ხელისუფლების წინასწარი შეტევა, რომ გაუფასურებულიყო ის, რასაც ვგეგმავდით. ამ დროს უკვე ბელგიაში ვიმყოფებოდი და პარალელურ რეჟიმში ვიმოქმედეთ. 20-ში დაგეგმილ პრესკონფერენციას აღარ დაველოდეთ და მასალა ტელევიზიებს მივაწოდეთ.

- რა პრინციპით შეარჩიეთ ის კადრები, რაც ეთერში უნდა გაგეშვათ?

- ადვოკატთან ერთად შევარჩიეთ, ყველაზე გამოკვეთილი, მძიმე, შემზარავი კადრები, სადაც ნათლად ჩანდა, როგორ აწამებდნენ პატიმრებს და სადაც თავად მწამებლებიც ჩანდნენ. თქვენ ნახეთ, რომ ზოგიერთი პატიმარი არასრულწლოვანია, ზოგი მოხუცი, ფსიქიკურად დაავადებული. ამ კადრებმა ყველგან შოკი გამოიწვია, სადაც მიგვქონდა, უფლებადამცველ ორგანიზაციებში, წამების კომიტეტებში. ერთ-ერთმა ქალბატონმა ნერვიულობისგან ფანქარი დაღეჭა, იმდენად შეძრა ამ კადრებმა. ყველა ამბობდა, რომ აქამდეც ენახათ წამების ამსახველი ფოტოები, რაც სხვადასხვა ციხეში ხდებოდა, მაგრამ ვიდეოს სახით პირველად იხილეს.

- ბედუკაძემ წამების გადაღების პროცესშივე იცოდა, რომ ოდესმე ძალიან კარგად გამოიყენებდა ამ კადრებს ხელისუფლების წინააღმდეგ?

- არ ვიცი, ვერ გეტყვით. არ შემიძლია მის მაგივრად საუბარი.

- დღეს ბევრი კითხვა არსებობს ამ ადამიანის მისამართით. წამების პროცესში ერთ-ერთი ადამიანი საკმაოდ უცენზუროდ ლაპარაკობს და პატიმრებს ეკითხება, ეტკინათ თუ ესიამოვნათ. სავარაუდოდ, ეს ხმა ბედუკაძეს ეკუთვნის.

- მასთან ამაზე არ მისაუბრია. ბედუკაძეს თავად შეუძლია ამაზე განცხადების გაკეთება. ის ხაზს უსვამს, რომ არასოდეს არავინ უწამებია და პატიმრებს ეხმარებოდა. თუმცა არის სხვა ინფორმაციებიც და მე არ შემიძლია მის ნაცვლად გიპასუხოთ. ძალიან მინდა ვირწმუნო ის, რასაც ამბობს ბედუკაძე, რომ ის მხოლოდ ეხმარებოდა პატიმრებს.

- დღეს მისი ოჯახი საფრთხეშია?

- დიახ, ისინი არჩევნებამდე "ობიექტივმა" საზღვარგარეთ გაიყვანა. ბედუკაძის თხოვნით ჩავრთეთ უფლებადამცველი ორგანიზაციები, ადვოკატები და მათი მონაწილეობით გავიდა ეს ოჯახი თურქეთში. ისინი თავს დაცულად არ მიიჩნევდნენ. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს მეტი ძალა, გარდა იმისა, რასაც ვაკეთებთ. ვწუხვარ, რომ საელჩოები და საერთაშორისო ორგანიზაციები არ აქტიურობენ, რომ ეს ოჯახი ბელგიაში ჩავიდეს. მოგეხსენებათ, ყველაფერს თავისი პროცედურა აქვს და ადრე თუ გვიან ისინი ერთად შეიყრებიან ბელგიაში. თავად ბედუკაძეს "ობიექტივის" ადვოკატი ამრანი იცავს. თუმცა ისმის ფრაზები, რომ ის მიატოვეს, არავინ დაუდგა გვერდში.

- გაღიზიანება იმანაც გამოიწვია, რომ საზოგადოების ერთმა ნაწილმა ის გმირად გამოაცხადა. თქვენთვის რამდენად არის ბედუკაძე გმირი?

- არ შემიძლია ამის შეფასება, საზოგადოებამ უნდა შეაფასოს, ვინ არის გმირი და ვინ - ჯალათი. იმ თემას უნდა დავუბრუნდე, ვითომ ბედუკაძე მიატოვეს და გვერდში არ დაუდგნენ. სამი კვირა გავატარეთ ბელგიაში და არც მისი ოჯახი ყოფილა მარტო, "ობიექტივის" ორი ჟურნალისტი დღემდე მის ოჯახთან არის თურქეთში.

- ორდღიანი შოკის შემდეგ, როდესაც სტრესმა ოდნავ გადაიარა, გაჩნდა ახალი ვერსიები, რომ, მაგალითად, ცოცხების სცენა იყო დადგმული და არ იყო გლდანის ციხეში გადაღებული. საკნის კარზე სპეციალურად ჩანდა ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო რიცხვი - 5.

- ეს ხომ იდიოტობა და სისულელეა, რის დამკვიდრებასაც სააკაშვილის რეჟიმი ცდილობდა. ჩვენ ვიცი, რომ მათ ბალტიისპირეთიდან ჩამოიყვანეს ექიმი, რომელმაც ამ კადრებს ვითომ ექსპერტიზა ჩაუტარა. ჯერ ერთი, ეს ექსპერტი მათ მიერ იყო დაფინანსებული და დასკვნა დაკვეთით დაიწერა. რაც შეეხება გაუპატიურების სცენებს, სააკაშვილი არ უარყოფს, რომ ეს ყველაფერი რეალური კადრებია და არაერთგზის აღნიშნეს, რომ თურმე ასეთი რამ ციხეებში არ უნდა ხდებოდეს. თითქოს არ იცოდნენ, რა ხდებოდა, ეს კადრები მათ კაბინეტებში მიდიოდა და უყურებდნენ. მოწმე პირდაპირ ამბობს, რომ ეს კადრები ახალაიასთან მიდიოდა, შემდეგ უკვე სააკაშვილთან. წამებაზე უამრავი ვიდეომასალა არსებობს და როდესაც გენერალური პროკურატურა ითხოვდა, ვისაც გაქვთ ეს კადრები მოგვაწოდეთო, საპასუხო განცხადება გავავრცელე, გახსენით სეიფები და მოითხოვეთ ის ვიდეოები, რომლებიც ახალაიას, მერაბიშვილისა და სააკაშვილის არქივებშია.

- რატომ იღებდნენ ფირზე წამებას?

- რამდენიმე ფაქტორი არსებობდა. პირველი - პატიმართა დაშინება, კონკრეტული ადამიანების კომპრომეტირება. მინდა გაგახსენოთ არქანიას საქმე, რომელმაც თავად აღიარა, როგორ ჩახადა მეგის ქარდავამ შარვალი, როგორ უღებდნენ ფოტოებს და ემუქრებოდნენ, რომ შემდეგ ამას ინტერნეტით გაავრცელებდნენ. მეორე - ეს არის ავადმყოფი ადამიანების ჯგუფი, რომელმაც ჩვენი ქვეყანა ხელში ჩაიგდო. სააკაშვილის რეჟიმი, საუბედუროდ, სწორედ ფსიქიკურად დაზიანებული ადამიანებისგან შედგებოდა. არ გამოვრიცხავ და ციხის თანამშრომლებიც ამბობენ, რომ ამ კადრებს უყურებდნენ ახალაია და სააკაშვილი. კადრები მათთან იმისთვის მიდიოდა, რომ ამ ადამიანებისთვის დაეცინათ და სიამოვნება მიეღოთ.

- ამბობენ, რომ ამ კადრების არსებობის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა იცოდა. რომელიმე პოლიტიკოსისთვის თუ გითქვამთ კადრების არსებობის შესახებ?

- არავინ არ იცოდა. როგორ შეიძლებოდა ნდობა გამომეცხადებინა რომელიმე პოლიტიკოსისთვის და ამ კადრების შესახებ მომეყოლა. რა გარანტია მქონდა, რომ ერთი საათის შემდეგ "კუდში" ან "სოდში" არ აღმოვჩნდებოდი?!. მასალაც დაიკარგებოდა და მეც გავქრებოდი. ნურავის ეწყინება და ვერც ერთ პოლიტიკოსს და უფლებადამცველს ვერ გამოვუცხადებდი ნდობას. ძალიან ვიწრო ჯგუფმა იცოდა, ჩემმა უახლოესმა თანამებრძოლებმა. სხვა ჟურნალისტის ხელში რომ მოხვედრილიყო, არ ვიცი, რა მოხდებოდა, შეიძლება ის ჟურნალისტი პირდაპირ პოლიციაში წასულიყო და ძიების დასაწყებად კადრები ჩაებარებინა. ამ კადრებს პოლიცია ჩამოართმევდა და ვერასოდეს იხილავდა საზოგადოება. ჟურნალისტს კი რამდენიმე დღეში დაეჯახებოდა მანქანა და ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპებოდა. ჩვენ ეს ყველაფერი გავაანალიზეთ და გონივრულად ვიმოქმედეთ. დღესაც ამიტომ არ ვსაუბრობ ყველა დეტალზე და მინდა სწორად გამიგოთ, მაგრამ ყველაფერს უახლოეს ხანში ვიტყვი, როდესაც ჩავთვლით, რომ ძირითადმა საშიშროებამ გაიარა.

- ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა 5 მილიონი დოლარი გადაგიხადათ...

- რა ღირს ჩემი შვილების სიცოცხლე, რომელიც მე გადავდე? ჩემთვის შეუფასებელია. პირდაპირ ვიტყვი, შვილები გავწირე. ჩემი მეუღლე კახა კევლიშვილი პროფესიით მხატვარია. მყავს ორი შვილი, 11 და 12 წლის. ოჯახმა არ იცოდა, რა გამოძიებას ვაწარმოებდი. როდესაც 18 სექტემბერს ეს კადრები გავავრცელე, ვიმოქმედე არა როგორც დედამ, არამედ როგორც ჟურნალიტმა და მოქალაქემ. ჩემი ქვეყნისთვის აუცილებელი იყო ამ კადრების გავრცელება. რა თქმა უნდა, ჩემი შვილებისთვისაც. ვიცოდი, ამ კადრებს ქართველი საზოგადოება რომ ნახავდა, ფეხზე დადგებოდა და ყველა გააპროტესტებდა. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა იმ სტუდენტებს, რომლებიც ასე აქტიურად გამოეხმაურნენ ამ თემას. მიხარია, რომ ქვეყანაში გარდატეხა მოვახდინეთ.

- ამან ძალიან დიდი როლი ითამაშა "ქართული ოცნების" გამარჯვებაში...

- დიახ, პირდაპირ ვთქვათ, მე არც ვაკნინებ და არც ვაზვიადებ ჩვენს წვლილს. ეს გარდატეხა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვიცი, რომ დღეს ვერავინ ბედავს პატიმრების ასეთ წამებას. ბევრი პატიმარი მიკავშირდება და მეუბნება, რომ ამოისუნთქეს. ჩვენთვის ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ამ ადამიანებს შვება მივეცით. გვინდა, საყოველთაო ამნისტია გამოცხადდეს და ახლა ამაზე ვიწყებთ მოძრაობას. პირველ რიგში უნდა გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები, უკანონო პატიმრები, ავადმყოფები და ის არასრულწლოვნები, რომლებიც კარაქისა და შოკოლადის ქურდობისთვის არიან დაკავებული.

- როგორ შეაფასებთ გიორგი ტუღუშს, როგორც სახალხო დამცველს?

- მასზე ერთი მოსაზრება მქონდა, რომელიც გამართლდა. ტუღუში იყო იმ ხელისუფლების ნაწილი და დამოუკიდებელი ფიგურა არასოდეს ყოფილა. ის არ იყო სახალხო დამცველი, როგორც პატიმრების დამცველი და ჩვენი ინტერესების გამტარებელი. გარკვეული დოზით რაღაც ფაქტებს ახმოვანებდა, მაგრამ სიტუაციის კატასტროფულობიდან გამომდინარე, ეს არ იყო საკმარისი. ეს ძალიან კარგად იცოდა ბატონმა ტუღუშმა. როდესაც 31 დეკემბერს დაკარგულ პატიმარ ოქროპირიძეს ვეძებდით, მისი დედა იყო მოსული და სასოწარკვეთილი კიოდა, რომ მისი შვილი მოგვეძებნა, იცოდა, რომ მას აწამებდნენ. ტუღუშს რომ დავუკავშირდით, გვითხრა, რომ მას დასვენების დღე აქვს. ვიდრე ის ისვენებდა, რამდენ პატიმარს ურჭობდნენ უკანალში დუბინკას, კაცმა არ იცის. ის, რომ ტუღუში ამ თანამდებობას დათანხმდა, ჩემთვის ამ ვარაუდის დადასტურებაა. კი, გარკვეული შვება არის პატიმრებისთვის, მაგრამ ტუღუში მაინც სააკაშვილის ხელისუფლების მართვადი პერსონაა.

- ხელისუფლებაში "ქართული ოცნება" რომ არ მოსულიყო, შეძლებდით საქართველოში დაბრუნებას, არ გიფიქრიათ, რომ ოჯახი დროებით მაინც გაგეყვანათ?

- ჩემი მეგობრების გარდა არავინ მისულა ჩემს ოჯახში, რომ ეკითხათ, როგორ იყვნენ. არავის არ დაურეკავს ჩემთვის და არ უთქვამს, ირმა, იქნებ დაგეხმაროთ შენი ოჯახის გამოყვანაშიო. მარტო შვეიცარიის ელჩის სახელით დამირეკეს, გამიხარდა, შვილებზე ვნერვიულობდი და მინდოდა მეთხოვა, მათთვის და ჩემი მეუღლისთვის სასწრაფოდ გაეკეთებინათ ვიზები, რომ საქართველოდან გამეყვანა. ეს იყო არჩევნებამდე, მაგრამ მეორე დღეს ელჩი აღარ დამკავშირებია. მე ყველამ მარტო დამტოვა. ამიტომ ვერ ვიღებ, როცა დღეს შენიშვნას მაძლევენ, მე ისე ვიმოქმედე, როგორც საჭიროდ ჩავთვალე. მე დღესაც არ ვარ დაცული. როცა გამოვედი და ბრიფინგზე ყველაფერი ვთქვი, სახლში ხუთი საათის შემდეგ დავრეკე, ჩამოყალიბებული არ ვიყავი, არ ვიცოდი ოჯახისთვის რა მეთქვა, ბოდიში მომეხადა, როგორ დავხმარებოდი. მარტო დავტოვე მეუღლე და შვილები.

- მეუღლე როგორ შეხვდა თქვენს გადაწყვეტილებას?

- მესიჯი გამომიგზავნა, სადაც ეწერა, არაფერზე არ ინერვიულო, ჩვენ შენ გვერდით ვართ. სწორად მოქმედებ და ასე გააგრძელე, უკან არ დაიხიო, ჩვენ ჩვენს თავს დავიცავთო. მართლაც ასე მოხდა. ტელევიზიით ვუყურებდი, როგორ გამოვიდა მთელი საქართველო გარეთ და ვტიროდი. ეს პერიოდი, სამი კვირა, მძიმე მარხვაზე ვიყავი და ვლოცულობდი. ვიცოდი, რომ მარტო ღმერთი იყო ჩემთან. დიდება უფალს, რომ დამიცვა. როცა ასეთ ნაბიჯზე მიდის ადამიანი, ეს გააზრებული უნდა ჰქონდეს, ან უნდა იჯდეს სამზარეულოში. როცა ამას გააკეთებ, მარტო მოფერებას არ უნდა ელოდო, იქნება ბევრი ლანძღვა, ფურთხი, გინება. მე ვდგავარ ახლა გზის ამ მონაკვეთზე და ყველაფერს ვიღებ. იმ ხალხის მადლიერი ვარ, ვინც აეროპორტში დამხვდა.

- ალბათ საკმაოდ უხერხული იყო თქვენთვის დახვედრის ის ფორმა?

- დიახ, მეგონა მხოლოდ "ობიექტივის" ჟურნალისტები დამხვდებოდნენ. საფრთხე არსებობდა, არავინ იცოდა, შემომიშვებდნენ ქვეყანაში თუ იქვე დამაპატიმრებდნენ. როცა გამოვედი და ამდენი ხალხი დავინახე, არ ველოდი. არ ვიცი, რით დავიმსახურე. ზუსტად ვიცი, რომ თქვენც ასევე მოიქცეოდით. არაფერ შუაში არ არის "ქართული ოცნება", იქნებოდა თუ არა პოლიტიკურ არენაზე ეს პარტია, მე მაინც მოვახერხებდი ამ ფირის ჩვენებას ქართველი საზოგადოებისთვის. მე იმედს მათ გამარჯვებაზე არ ვამყარებდი.

- თუ გაქვთ ინფორმაცია წამების დროს დაღუპულ პატიმრებზე?

- დიახ, ამაზე ილაპარაკა ბედუკაძემ, როგორ მოკლეს წამების დროს პატიმარი თეთრაძე. მეგის ქარდავას გაუპატიურების პროცესში შემოაკვდა. ამის ამსახველი ვიდეომასალაა დამაფიქრებელი, უნდა მივაღწიოთ და კადრები სეიფებიდან გამოვიდეს. ნებისმიერი ჟურნალისტი, ვისაც ეს კადრები ხელში ჩაუვარდებოდა, ჩემი აზრით, ისე იმოქმედებდა როგორც მე, მაგრამ არ გამოვრიცხავ, დათო კიკალიშვილს რომ ჩავარდნოდა ხელში, პირდაპირ "კუდში" წაეღო. მაშინ ვერც ამ კადრებს ვნახავდით და გაღიმებული კიკალიშვილი ყოველ კვირას წაიყვანდა გადაცემას, თუმცა ერთ კვირასაც ვეღარ ვნახავდით...

დღეს ჩემი პირველი ამოცანაა, ბედუკაძის ოჯახს თურქეთიდან ბელგიაში გადასვლაში დავეხმარო. დანარჩენი კი, ის ზრდასრული ადამიანია, მე მისი დედა არ ვარ და თავის ცხოვრებას თავად განკარგავს. "ობიექტივი" და ბედუკაძე დავშორდით ერთმანეთს, მაგრამ როგორ გამოჩნდა ამ საქმეში ბედუკაძე, ამას უკვე წიგნში მოვყვები.

- ირმა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" დირექტორობას გთავაზობენ...

- არავინ არ მთავაზობს და რომც შემომთავაზონ, უარს ვიტყვი. ჩემზე უკეთესი, დამსახურებული და გამოცდილი ჟურნალისტები არსებობენ, რომლებსაც სიამოვნებით დავუჭერ მხარს. იმ არხზე 15 წელი ვმუშაობდი და არ მაქვს დაბრუნების სურვილი. მინდა "ობიექტივი" განვითარდეს, როგორც "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მოდელი. მე ვერჩი იმ სისტემას, სადაც "საზოგადოებრივი მაუწყებელი" საზოგადოებას არ ემსახურება. ოდესმე გინახივართ იქ მიწვეული? ან "რუსთავი 2"-ზე, "იმედზე", "მაესტროზე" გინახივართ?

- არ მახსენდება.

- ვერც გაიხსენებთ.

- თუმცა თქვენი ჩამოსვლის საღამოს ველოდი, რომ "მაესტროზე" ან "მეცხრე არხზე" გიხილავდით...

- არ ვიცი... ეტყობა სხვა, უფრო მნიშვნელოვანი თემები არსებობს და მეც ვარ ამაში დარწმუნებული. კარგია, იმაზე გაამახვილონ ყურადღება, რატომ ხდებოდა წამების ფაქტები და ვინ იყვნენ მწამებლები. რა ხდებოდა ციხეებში, ამის მონიტორინგი უნდა დაიწყოს, მე ამაზე ვიწყებ მუშაობას და ეს იქნება ჩემი მთავარი სამუშაო. გლდანის ციხე იყო "ოსვენციმი", ლაბორატორია და ჯოჯოხეთი, ამას ამბობს ყველა პატიმარი.

- დასასრულს გკითხავთ, საქართველოში რჩებით?

- დიახ, ამას ბელგიაშიც მეკითხებოდა ადგილობრივი ემიგრაცია, ხომ არ დავრჩებოდი პოლიტიკური თავშესაფარის მოთხოვნით. პირდაპირ გეტყვით, მთავაზობდნენ, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია მხარს დამიჭერდა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩემი ადგილი აქ არის. ჩემს ქვეყანას ვჭირდები.

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები