ჩვენ ვლაპარაკობდით ბევრად მეტს, ვიდრე ვისმენდით პრობლემებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატობის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატებთან შეხვედრაზე განაცხადა.
პრეზიდენტი ფიქრობს, რომ რამდენიმე პრინციპული საკითხი გამორჩათ მხედველობიდან არა მხოლოდ საარჩევნო კამპანიის დროს, არამედ ბოლო წლების განმავლობაში.
"პირველი ეს არის ის, რომ ჩვენ ვლაპარაკობდით ბევრად მეტს, ვიდრე ვისმენდით პრობლემებს. მეორე პრობლემა არის ის, რომ ჩვენ ბევრად მეტად ვიყავით კონცენტრირებული პროგრესზე, ვიდრე არსებულ პრობლემებზე. ჩვენ ძალიან სწრაფი რეფორმები განვახორციელეთ. მთელი მსოფლიო ტაშს უკრავს ამ რეფორმებს, რამაც საქართველო რეგიონში სანიმუშო ქვეყნად აქცია, მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ ბევრად ჩქარა ვაკეთებდით ამ რეფორმებს, ვიდრე საზოგადოება იყო ამისთვის მზად. სამწუხაროდ, ამ რეფორმების შედეგად შეიქმნა შთაბეჭდილება და ნაწილობრივ რეალობაც, რომ რამდენიმე თაობა აღმოჩნდა ამ რეფორმების პროცესის მიღმა. არ ჩათვალეს თავი ჩართულად ამ რეფორმების პროცესში", -განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ამ არჩევნებზე გამოჩნდა, რომ საზოგადოებას მოუნდა გაყოლა "რაღაც დაპირებებზე, მათ შორის ძალიან ზოგადზეც". "ჩვენ ერთი წუთითაც არ ვაპირებთ ხელის ჩამოშვებას. ჩვენ ახლა ვართ ოპოზიციური ჯგუფი, რომელიც უნდა გადავიდეს არა ქვეყნის მიმართ ოპონირებაზე, არამედ კონკრეტულ საკითხებზე, თვალყურის მიდევნებაზე და ჩვენ ქვეყნისთვის სასარგებლო მიმართულებით წარმართვის ყველა ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ. ბერკეტები ჩვენ გვაქვს ბევრი, იმ გაგებით, რომ ვართ პარლამენტში, ჩვენი ხმა ყოველთვის იქნება მნიშვნელოვანი", -აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, რაც კარგი იქნება ქვეყნისთვის, ოპონენტებთან ყველაფერში უნდა ითანამშრომლონ. "რაც იქნება პრობლემატური, არაფერზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ. არ არის საიდუმლო, რომ "ვარდების რევოლუციის" ბევრი მონაპოვარი ახლა შეიძლება აღმოჩნდეს დარტყმის ქვეშ", - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.