შოთა არველაძე: "როგორც ვიცი, დემეტრაძეს რამდენიმე დღეში გაათავისუფლებენ"

შოთა არველაძე: "როგორც ვიცი, დემეტრაძეს რამდენიმე დღეში გაათავისუფლებენ"

შოთა არველაძემ უმუშევრად მხოლოდ სამ დღეს გაძლო. ვარაუდი, რომ თურქული "ქაისერისფორიდან" საკუთარი სურვილით წამოსული ქართველი მწვრთნელი ახალი გუნდის ძებნას მხოლოდ დასვენების შემდეგ დაიწყებდა, არ გამართლდა. "ქაისერთან" განშორებიდან სამიოდე დღეში, შოთამ სტამბოლის "ქაშიმფაშასთან" 4,5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და უკვე მუშაობასაც შეუდგა. როგორ აფასებს ყოფილ კლუბში გატარებულ წლებს, რატომ შეაჩერა არჩევანი მაინცდამაინც "ქაშიმფაშაზე", რას ელის ქვეყანაში მომხდარი ცვლილებების შემდეგ და რა ინფორმაციას ფლობს ციხიდან ფეხბურთელ გიორგი დემეტრაძის გათავისუფლების შესახებ - ამ ყველაფერზე შოთა არველაძე გვესაუბრება:

- "ქაისერიდან" რატომ წამოვედი? მიმაჩნდა, რომ საწყის ტურებში იმაზე ცუდი შედეგი ვაჩვენეთ, ვიდრე შეგვეძლო. სწორედ ამიტომ ავიღე ჩემი წილი პასუხისმგებლობა. ბევრი რამ ცუდად დაემთხვა ერთმანეთს, თორემ, როცა წასვლის შესახებ მივიღე გადაწყვეტილება, დაგეგმილზე მხოლოდ სამი ქულით ნაკლები გვქონდა... მოკლედ, ასე გადავწყვიტე - პირველ რიგში, კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე...

- "ქაშიმფაშაზე" რატომ შეაჩერე არჩევანი?

- გუნდს ახალი მფლობელები ჰყავს, კლუბის განვითარების ახალი პროგრამა და საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვთ. რაც მთავარია, სტამბოლის გუნდია, ჩემი ოჯახი კი სტამბოლში ცხოვრობს და ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი ესეც იყო. ეს ვარიანტი რომ არა, ალბათ, იანვრამდე დავისვენებდი და მანამდე მშვიდად შევარჩევდი ახალ კლუბს, მაგრამ (იცინის)... "ქაშიმფაშაში" მუშაობას ხვალიდან (ინტერვიუ ჩაწერილია 8 ოქტომბერს. - რ.შ.) შევუდგები.

- თურქულ ფეხბურთს კარგად იცნობ და სხვა ქვეყანაში წასვლას, სუპერლიგის კლუბი, ალბათ, ამიტომაც ამჯობინე...

- დიახ, თურქეთში ორ წელიწადზე მეტი ვიმუშავე. აქაურ ჩემპიონატს კარგად ვიცნობ. უკვე გითხარით, რომ ჩემი ოჯახიც სტამბოლში ცხოვრობს.

- თანაც, არველაძეს თურქეთში ისეთი სახელი აქვს... ალბათ, არ გინდა, ეს ქვეყანა ისე დატოვო, წარმატებას მწვრთნელის რანგშიც არ მიაღწიო...

- ჯერჯერობით ისეთ ასაკში ვარ, რომ ყველა კლუბსა და ყველა ჩემპიონატში, სადაც არ უნდა ვიმუშაო, ბევრი რამ მაქვს დასამტკიცებელი. აი, 60 წლის რომ ვიქნები, მერე უკვე შეიძლება ამაზე ფიქრი. ჯერ მხოლოდ სამი წელია, რაც მწვრთნელად ვმუშაობ, ასე რომ, სათაკილო არაფერია, ჩემს წილ პასუხისმგებლობას კი ყოველთვის დავიკისრებ. რასაც უნდა ვაკეთებდე, პირველ რიგში, მე უნდა მომწონდეს და მერე სხვას.

- საქართველოს ნაკრებზეც ვთქვათ: ბელორუსთან და ესპანეთთან ჩვენი გუნდის თამაში როგორ მოგეწონა?

- ვფიქრობ, ამ ეტაპზე შესაძლებლის მაქსიმუმი გაკეთდა, მაქსიმუმის მაქსიმუმი კი ის იქნებოდა, ქულის აღება ესპანეთთანაც რომ მოგვეხერხებინა. სამწუხაროდ, არ გამოვიდა, სენსაციის მოხდენა ვერ მოვახერხეთ, მაგრამ მეორე მხრივ, გაჩნდა იმედი, რომ დაცვაში საიმედოდ თამაში შეგვიძლია, თანაც, არიან ისეთი ფეხბურთელებიც, რომელთაც ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე შეუძლიათ თამაშის გამწვავება. ვფიქრობ, ამ მოთამაშეებით შეიძლება ისეთი გუნდის ჩამოყალიბება, რომელიც ძლიერი ნაკრებებისთვისაც შეძლებს ღირსეული კონკურენციის გაწევას.

- ნაკრებში მიმდინარე გაახალგაზრდავების პროცესით კმაყოფილი ხარ?

- ვერ ვხედავ მიზეზს, რამაც შეიძლება ეს პროცესი შეაფერხოს. ადრეც მითქვამს და გავიმეორებ: კობიაშვილმა და კალაძემ იტალიის ნაკრებთან მაშინ ითამაშეს, როცა არც ერთ მათგანს არავინ იცნობდა! ასაკს მნიშვნელობა არ აქვს - ფეხბურთელი ან ხარ, ან არა... ნაკრებში პირველად მეც 18 წლისამ ვითამაშე. საჭირო იყო და არ გამოიძახეს ვინმე? კი, იყო საკამათო შემთხვევებიც, იმავე კობიაშვილზე, კალაძეზე ან სხვებზე, როცა შეიძლებოდა, მაქსიმალურად გამოგვეყენებინა, მაგრამ მწვრთნელმა ასე გადაწყვიტა, ასე ჩათვალა საჭიროდ. მთავარი მწვრთნელი სწორედ იმიტომ არის, რომ გადაწყვეტილება მიიღოს. მესმის, რომ ყველა კმაყოფილი ვერ დარჩება, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ფეხბურთელებიც ღირსეულად მოიქცნენ...

- საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში მომხდარი ცვლილებები ქართულ ფეხბურთზე როგორ აისახება?

- არა მგონია, ცუდად აისახოს, პირიქით. მით უმეტეს, ხელისუფლებაში მოვიდა ოპოზიცია, რომელიც ამტკიცებდა, რომ მეტის გაკეთება იყო შესაძლებელი და ლოგიკურად, თუ აქამდე რამე კეთდებოდა, ახლა უფრო მეტი უნდა გაკეთდეს. როცა ახალი ხალხი მოდის, მონდომებაც ყოველთვის მეტია. მგონია, რომ ყველაფერი კარგად იქნება, არა მხოლოდ ფეხბურთში, სპორტის სხვა სახეობებშიც.

- შეიტყობდი, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის ახალ მინისტრად ლევან ყიფიანი წარადგინეს...

- ვულოცავ და წარმატებს ვუსურვებ! ლევან ყიფიანი ჭკვიანი, გამოცდილი კაცია და დარწმუნებული ვარ, დაკისრებულ მოვალეობას თავს კარგად გაართმევს. მართალია, სპორტის მინისტრმა ყველა სახეობაზე თანაბრად უნდა იზრუნოს, მაგრამ არავინ დასძრახავს, თუ მისი გამოცდილებისა და გვარის კაცი, თუნდაც ხანდახან, ფეხბურთს უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევს, ვიდრე, დავუშვათ, ბეისბოლს (იცინის).

- ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სასჯელის ვადა გაუნახევრა გიორგი დემეტრაძეს...

- ჩემი ინფორმაციით, დემეტრაძე ერთ კვირაში თავისუფალი იქნება... დაპირება მივიღეთ, რომ დემეს გათავისუფლება 23 ნოემბერს, გიორგობასთან დაკავშირებული შეწყალების დროს იგეგმებოდა, მაგრამ ბოლო ინფორმაციით, ეს მანამდე მოხდება. ყოველ შემთხვევაში, მე კულუარულად ასე შევიტყვე და თანაც, ისე ძალიან მინდა, ეს მალე მოხდეს, შეიძლება, მოვლენებს ვაჩქარებ კიდეც...

რატი შელეგია

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"