ნოდარ ხადური - ქუთაისის პარლამენტში მუშაობა წარმოუდგენელი და სახიფათოა

ნოდარ ხადური - ქუთაისის პარლამენტში მუშაობა წარმოუდგენელი და სახიფათოა

ქუთაისის პარლამენტის შენობის მდგომარეობის შესწავლის მიზნით, "ქართული ოცნების" ექსპერტთა ჯგუფი ქუთაისში გაემგზავრა.

როგორც "ქართული ოცნების" ოფისში ჟურნალისტებს ახალი მოწვევის პარლამენტის ეკონომიკური განვითარების კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ნოდარ ხადურმა განუცხადა, ქუთაისის პარლამენტში მუშაობა წარმოუდგენელი და სახიფათოა.

მისი განცხადებით, შენობაში ჩამოდის წყალი, შეტანილია უხარისხო ავეჯი და ტექნიკა. ასევე, შენობაში არც ერთი ფანჯარა არ იღება.

"უნდა დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ეს შენობა ააშენა. კონსტიტუციის შესაბამისად პარლამენტი ქუთაისში უნდა შეიკრიბოს. ჩვენ არ ვაპირებთ კონსტიტუციის დარღვევას. ადგილზე გაგზავნილია ექსპერტთა ჯგუფი, რომლებიც შეისწავლიან შენობის მდგომარეობას", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

მან, როგორც კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატმა საკუთარ პრიორიტეტებზეც ისაუბრა. ხადურის განცხადებით, იგი შეეცდება, რომ ქართული ბიზნესგარემოს ფორმირებისთვის საჭირო საკანონმდებლო ბაზა შეიქმნას.

"უპირველეს ყოვლისა, ეს იქნება შრომის კოდექსი, ასევე ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონმდებლობა. შევეცდებით, ქართული კანონმდებლობა ევროპულის შესაბამისობაში მოვიყვანოთ", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

მისი შეფასებით, დღეს საქართველოში არსებული შრომის კოდექსი ევროპელთა შეფასებით, აკანონებს ქვეყანაში მონურ შრომას.

"დაქირავებულს არანაირი უფლება არ აქვს. ჩვენ შევეცდებით ისეთი კოდექსი მივიღოთ, როდესაც ადამიანს ერთი თვით ადრე მაინც ეცოდინება, რომ სამსახურიდან ათავისუფლებენ და შეძლებს ამ დროში მეორე სამსახურის მოძებნას. არსებული შრომის კოდექსი გადასაგდებია, ახალს დავწერთ. ახალი კოდექსი კი ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას აღარ მისცემს არავის", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა