"გლობალ ტივის" სატელიტურ ანტენებს ყადაღა მოეხსნა

"გლობალ ტივის" სატელიტურ ანტენებს ყადაღა მოეხსნა

გლობალ ტივის" სატელიტურ ანტენებს ყადაღა მოეხსნა. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანიის განვითარების დირექტორმა , ზურაბ ბაზლიძემ განუცხადა, შესაბამისი წერილი სასამართლოდან დღეს მიიღო. მისივე ინფორმაციით, გადაწყვეტილება 2 ოქტომბრით თარიღდება. "ყადაღა მოხსნილია მხარის, ანუ პროკურატურის მოთხოვნით", - აღნიშნა ზურაბ ბაზლიძემ.

მისივე განმარტებით, "გლობალ ტივის" ანტენებთან ერთად ყადაღა მოეხსნა კიდევ 7 კომპანიას, რომელთა შორის არიან "მაესტრო", "ჯეოპრინტი" და სხვები.

საქართველოს პროკურატურამ "გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" მფლობელობაში არსებული, დაუმონტაჟებელი სატელევიზიო ანტენების დროებით დაყადაღების გადაწყვეტილება 21 ივნისს მიიღო.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, უწყებამ გამოძიება ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტთან დაკავშირებით კონტროლის პალატის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო.

"გლობალ კონტაქტ კონსალტინგისადმი" საქართველოს კონტროლის პალატის მიმართვის მიუხედავად, ცალკეულ პირთა მხრიდან კვლავ გრძელდება ამომრჩევლებისთვის პოლიტიკური სუბიექტის მხარდაჭერის პირობით, სატელევიზიო ანტენების გადაცემა. საქართველოს პროკურატურა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ქმედება შესაძლოა შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს. შესაბამისად, არსებობს საკმარისი საფუძველი, დაიწყოს გამოძიება. ამასთანავე, პროკურატურას მიზანშეწონილად მიაჩნია, გამოიყენოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და გამოძიების დასრულებამდე სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით შპს "გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" მფლობელობაში არსებული, დაუმონტაჟებელი სატელევიზიო ანტენების დროებით დაყადაღების შესახებ", - აცხადებდნენ პროკურატურაში.

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები