გაზეთ "ასავალ-დასავალის" რედაქციასთან სტუდენტების აქცია დასრულდა.
"ასავალ-დასავალის" თანამშრომლებმა და გაზეთში გამოქვეყნებული სტატიის მხარდამჭერებმა აქციის მონაწილეები ტაშით და ოვაციებით გააცილეს. მანამდე კი ისინი სტუდენტებს დაშლისკენ მოუწოდებდნენ და სკანდირებდნენ "წადი".
აქციის დროს მხარეებს შორის ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. "ასავალ-დასავალის" მხარდამჭერები აქციის მონაწილეებს მოუწოდებდნენ არა სტატია, არამედ პატიმრების წამების ფაქტები დაეგმოთ. აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, ნინია კაკაბაძესა და გაზეთის ჟურნალისტ გიორგი მამაცაშვილს შორის ურთიერთშელაპარაკებაც მოხდა. კაკაბაძე მიიჩნევდა, რომ გაზეთის ნომერში გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ შესაძლოა გლდანის ციხის თანამშრომლების ოჯახის წევრებზე გარკვეული ძალადობა განხორციელდეს.
სიტუაცია რამდენიმე სასულიერო პირმა განმუხტა, რომელიც "ასავალ-დასავალის" მხარეს იკავებდა. აქციაზე სტუდენტებმა "ასავალ-დასავალის" ის ნომერიც დაწვეს, რომელშიც საუბარი გლდანის #8-ე დაწესებულების თანამშრომლებზე იყო. აქციის დროს ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. სტუდენტებს ჰქონდათ პლაკატები, წარწერით "სისტემა უნდა დაინგრეს".