საჭიროების შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას არ გამორიცხავს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მის ბიზნესცენტრთან შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მინისტრობის კანდიდატებთან დაკავშირებით არავითარი ვერსიები არ საუბრობს და კანდიდატურების შესახებ მისი გუნდის არც ერთმა წევრმა არაფერი იცის.
მისივე განმარტებით, კოალიციის წევრთა დღევანდელ შეხვედრაზე ცალკეულ კანდიდატურებთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა და გავრცელებული ვერსიებიც ჯერჯერობით მცდარია. რაც შეეხება სამუშაო ჯგუფს, რომელიც პრეზიდენტთან და მოქმედ მთავრობასთან კონსულტაციებს გამართავს, ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ამ ჯგუფში მისი ყოფნის აუცილებლობას ვერ ხედავს.
ასევე, ჟურნალისტების კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ ახალი მთავრობის შემადგენლობაში ნინო ბურჯანაძეც იყო, ივანიშვილმა განაცხადა, რომ ამ საკითხებზე ჯერჯერობით არ უფიქრია, შესაბამისად არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ვერსიებიც არ არსებობს.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე მთავრობის დაკომპლექტებაზე საუბარი არ ყოფილა და "მაია ფანჯიკიძეს ამგვარი განცხადების გაკეთებით ზედმეტი მოუვიდა".