Forbes-მა კიდევ ერთხელ გამოაქვეყნა ყველაზე მდიდარი სელებრითების სია - ამჯერად გამოცემამ ჰოლივუდის სუსტი სქესის წარმომადგენელთა ჯიბეში ჩაიხედა.
აღმოჩნდა, რომ ტელეწამყვანი ოპრა უინფრი პირველობას ამჯერადაც არ თმობს. ის არა მხოლოდ შოუბიზნესის უმდიდრესი ქალია, არამედ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ადამიანია მსოფლიოში. მიუხედავად იმისა, რომ ტელეარხ OWN-ს, სადაც ოპრას შოუ გადის, წელს უამრავი პრობლემა შეექმნა, ტელეწამყვანმა მაინც შეძლო 165 მლნ დოლარის დაგროვება.
მეორე ადგილას თითქმის 100 მილიონიანი სხვაობით პოპის პრინცესად აღიარებული ბრიტნი სპირსი გავიდა. გასულ წელს მომღერალი ამ სიაში საერთოდ ვერ მოხვდა, თუმცა მისი საკონცერტო ტურის შემდეგ (ბრიტნი 12 თვის განმავლობაში 75-ჯერ გამოვიდა სცენაზე) მან 58 მლნ დოლარი დააგროვა. გარდა ამისა, ვარსკვლავის ახალმა ალბომმა Femme Fatale, აშშ-ში პლატინის ალბომის სტატუსი მოიპოვა.
მესამე ადგილას ქანთრის სტილის მომღერალი, ტეილორ სვიფტი გავიდა. ვარსკვლავი თითო კონცერტში მილიონ დოლარს იღებს. მისი ალბომი Speak Now, რომელიც 2010 წელს გამოვიდა, ახლაც პოპულარულია. ტეილორის განცხადებით, მომავალი ალბომი გაყიდვაში უახლოეს მომავალში გამოვა.
მეოთხე ადგილი ოპრა უინფრის კოლეგამ, ტელეწამყვანმა ელენ დეჯენერესმა დაიკავა. ჰომოსექსუალი ჟურნალისტის მიღწევებზე ისიც მეტყველებს, რომ მას ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხნეს. ელენის საფულეში სულ 53 მლნ დოლარი შეგროვდა.
53 მლნ დოლარი და 60 მილიონი ხელმომწერი სოციალურ ქსელებში - ასეთია მომღერალ რიანას მიღწევები. მისი ახალი ჰიტების We Found Love-ისა და Talk That Talk-ის დახმარებით, რიანა პირველად მოხვდა Forbes-ის უმდიდრეს ქალთა სიაში.
რიანას მხოლოდ 1 მილიონით ჩამორჩება ეპატაჟური მომღერალი ლედი გაგა, რომელიც მიუხედავად წონაში მატებისა, მაინც არ თმობს თავის პოზიციებს შოუ-ბიზნესში. გაგას ფეხდაფეხ მიყვება ჯენიფერ ლოპესი, რომელმაც არა მხოლოდ წარმატებული საკონცერტო ტურნე ჩაატარა, არამედ წარმატებულად მოღვაწეობს პარფიუმერიისა და მოდის ბიზნესშიც.
მერვე ადგილას ცნობილი მოდელი ჟიზელ ბუნდჰენია, რომელმაც წლის განმავლობაში 45 მლნ დოლარის შეგროვება შეძლო. ასეთივე შემოსავლით შეუძლია დაიტრაბახოს მომღერალმა კეტი პერიმ. მისი 5 სიმღერა ამერიკულ მუსიკალურ ჩარტებში საუკეთესოდ აღიარეს. ასეთი რამ დღემდე მხოლოდ მაიკლ ჯექსონმა შეძლო.
სიას ისევ ტელეწამყვანი და ადვოკატი ჯუდიტ შეინდლინი ასრულებს, რომელსაც საკუთარი რეალური შოუ აქვს. Forbes-მა მას საკუთარი განაჩენი გამოუტანა - 45 მლნ დოლარი და მე-10 ადგილი!
მომზადებულია Forbes-ის მიხედვით.